არ დავწერე ნაუცბათევად და ცხელ გულზე. ვერ დავწერე როგორც ჟურნალისტმა, რადგან არ ვიყავი სფფ-ის რიგით მეიმდენე ყრილობაზე აკრედიტებული და მოვლენებიც ზუსტად იმ დოზით აღვიქვი, როგორც რიგითმა ქომაგმა – მედიიდან. რიგით ქომაგებთან შედარებით ერთი უპირატესობა მქონდა მხოლოდ: ვეტერანი ფეხბურთელების გარდა, დარბაზში მსხდომებში სხვა ბევრი საკუთარი საქმის პროფესიონალიც ამოვიცანი, ვისი შეხედულებებიც კარგად ვიცი და უაღრეს პატივს ვცემ.

სწორედ აქ მივადექით ყრილობის მთავარ სათქმელს – საუკეთესო თერთმეტიო. საუკეთესო 11 კი არა, 111 შეიძლება მოვძებნოთ, მაგრამ თუ მათი ერთ კალაპოტში გაერთიანება, ერთ ძალად ქცევა არ მოხერხდა, თავისთავად 11 თუნდაც ძლიერი კომპონენტი არაფერს ნიშნავს.

რადგან ფეხბურთში გერმანულ მოდელზე გავაკეთეთ აქცენტი, შედარებასაც გერმანულს მოვიყვან: „მერსედესის“ შასი, BMW-ს ძრავი და „ფოლკსვაგენის“ გადაცემათა კოლოფი ერთობლიობაში სუპერკარს ნამდვილად არ ნიშნავს. ჩვენ კი ჯიუტად ამას ვცდილობთ. წლიდან წლამდე. ფედერაციის ხელმძღვანელობიდან ხელმძღვანელობამდე.

საკლუბო ფეხბურთის აყვავებაზე ვქადაგებთ და პროფესიული ლიგის ჩამოყალიბებას ან ვერ დაადგა საშველი, ან ჩემპიონატის მართვის სადავეების ხელიდან გაშვება არავის უნდა.

ბუნებრივია, ფეხბურთის განვითარების ფონდის მილიონების წვეთოვანზე მიერთებული კლუბების ხელმძღვანელები დამოუკიდებლობაზე კრინტსაც არ დაძრავენ. სანაკრებო წარმატებაზე ვოცნებობდით მაინც და თურმე, ახალი ნაკრების შექმნას 2026 წლისთვის ვგეგმავთ.

დღევანდელი თაობა გაიწირა? ხვალინდელიც? თუ მბაპეს ასაკით გავზომავთ, ჩვენი იმედი დღევანდელი 11-12 წლის ბიჭუნებია…

ორ თვეში ყაზახეთში ჩარტერით მაინც ნუღა გავუშვებთ ნაკრებს, თუ ასე ჩავიქნიეთ ხელი, ფული მაინც დაზოგეთ…

ჩვენ მტრები კი არ ვართ. მოკეთეები და ქომაგები ვართ. ეგებ გაგვარკვიოთ: ის ქვეყანა ვართ, რომელიც ნიჭიერ ბიჭებს წამოზრდის და 18-19 წლის ასაკში ევროპაში მიმოფანტავს, რომ მერე მათი ტრანსფერებით მილიონები იქ სხვებმა ერთმანეთში აკეთონ? იქნებ ის ქვეყანა უნდა ვიყოთ, ამ ბევრ ნიჭს ერთ გუნდად რომ შეკრავს?

ორივე ერთად არ გამოდის. წინა ორ ოქროს თაობას არ შევეხები და თბილისის „დინამოს“ 90-იანების მესამე ოქროს თაობამ შვა ის ნაკრები, ბულგარეთს და უელსს რომ უგებდა და უფრო ბობოლებთან წარმატების ამბიციას გვიჩენდა.

იმ ბიჭებს (და ოდნავ მოგვიანებით თქვენს თაობასაც) ზურგს უკან ერთად გატარებული რამდენიმე წელი ჰქონდათ. ერთმანეთს უსიტყვოდ მხოლოდ ტყუპი არველაძე კი არა, მთელი გუნდი უგებდა. ახლა მიმოვფანტეთ ეს პატარა ბიჭები და ერთმანეთს ბევრი სანაკრებო შეკრებაზე ხედავს პირველად.

ჩვენი აზრი გაინტერესებთ?!

11 ელემენტის და ბრიუს უილისის იმედად ყოფნას რეალურად დამოუკიდებელი ლიგის ჩამოყალიბება, მანამ კი რეალურად დამოუკიდებელი კლუბების დაფუძნება ან არსებულთა მაგალითის განვრცობა აჯობებდა. ეს იქნებოდა ნამდვილი გერმანული მოდელი. ის კი, რაც გუშინწინ ითქვა, სუფთა ქართული მოდელი იყო – ქართული ფეხბურთის მომავლის ომახიანი სადღეგრძელოს მოდელი, დემაგოგია და მეტი არაფერი…

რაც შეეხება მედიას: ეს ის სეგმენტია „მომავლის თერთმეტეულში“, ქარსა და წვიმაში რომ დადის უმაყურებლო თამაშებზე და ოდნავ გაბრძოლებას „სუპერკლასიკოდ“ ხატავს, ოღონდ კი ქართულ ფეხბურთს მაყურებელი დაუბრუნოს და მერე ერთგულ ქომაგადაც კი უქციოს. მაგიერში მხოლოდ სადღეგრძელოს ნაწილი ვართ, რომელსაც სფფ- სთან ურთიერთობაში საკუთარი პროფესიული და შრომითი უფლებების დაცვა ახლო წარსულში ლამის სასამართლოს გზით მოუხდა. ჩვენ ადვილად ვივიწყებთ წყენას. ვითომც არ ყოფილა. ქართული ფეხბურთის ჯარისკაცებს ბუტიაობა არ ეკადრებათ.

წილი
წინა სტატიადონე არ გათანაბრდა. უფსკრული გაიზარდა!
შემდეგი სტატიაესმის საგანს საგანი
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".