ზლატან იბრაჰიმოვიჩმა BBC-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ბოლო სერიოზული ტრავმის მოშუშების შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედს” თავი უხელფასოდ შესთავაზა. ვარსკვლავმა „ოლდ ტრეფორდზე” გატარებულ პირველ სეზონში 28 გოლი შეაგდო, მაგრამ 2017 წლის აპრილში, ევროლიგის მეოთხედფინალში, „ანდერლეხტთან” მძიმედ დაშავდა და ყველაფერი მაშინ შეიცვალა.
მართალია იბრაჰიმოვიჩი წლის ბოლოს, ნოემბერში გამოჯანმრთელდა და „იუნაიტედის” შემადგენლობაში შვიდი თამაშიც ჩაატარა, მაგრამ მარტში გუდა-ნაბადი აიკრა და აშშ-ში, კერძოდ „ლოს ანჯელეს გალაქსიში” გადაბარგდა.
შეგახსენებთ: მანამდე ზლატანი პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იყო, მას კვირაში 367 640 გირვანქას უხდიდნენ, რასაც გოლის ბონუსიც ემატებოდა. ასე გამოუვიდა 2,86 მილიონი გირვანქა პირველ სეზონში.
„სულაც არ ვცდილობდი ჩემთვის სარფიან კონტრაქტის გამოღლეტას და ფულის გაკეთებას. პირიქით, ეს მე ვეუბნებოდი თქვენი ფული არ მინდა, ისე ვითამაშებ, მეთქი.
შემდეგ, როდესაც გამოვჯანმრთელდი და ფორმაში შევედი ვიგრძენი, რომ ჩემს ადგილას აღარ ვიყავი. მათ ნამდვილი ზლატანი ტრავმამდე ჰყავდათ, შემდეგ კი მართალია ჯერ მზად არ ვიყავი, მაგრამ მაინც მათამაშებდნენ. ბოლოს მწვრთნელს ვუთხარი, მისმინე, ფორმაში არ ვარ. არ მინდა იმედი გაგიცრუო, მეთქი. წარმოიდგინეთ, თანაგუნდელებს და მოურინიუს იმდენად დიდ პატივს ვცემდი, რომ მართალია ზლატანი ვიყავი ჩემს მაგივრად, სხვისი დაყენება შევთავაზე. ისეთის, ვინც იმ მომენტში უფრო გამოადგებოდათ”.