
ევროტურნირებზე ოთხი ქართული გუნდიდან მხოლოდ ერთმა გადალახა პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი.
საჩხერის „ჩიხურამ“ გადაარჩინა წლეულს ქართული ფეხბურთი ევროსარბიელზე განულებას და საერთოდ, ეს მგონი ერთადერთი კლუბია, რომელიც არასოდეს გადაუთელიათ.
ხუთი წელია, რაც ევროპაზე გამოდის და საჩხერელთა განადგურება არ გვახსენდება.
იერუსალიმის „ბეითარს“, რომელსაც თავის დროზე „ვიტ ჯორჯია“ ჰყავს დაბრიყვებული, შინ რომ ვერაფერი მოუხერხეს (0:0), გასვლაზე 2:1 მოუგეს.
აგებდნენ და მებრძოლი ხასიათი გამოამჟღავნეს.
იშვიათია, ქართული გუნდი გასვლაზე აგებდეს და შემოატრიალოს თამაში. ლევან კაკუბავას გოლი იყო იშვიათი სილამაზის, ცხრიანში ჩააჭედა საჯარიმოს კუთხიდან.
მწირი რესურსები, ერთიანი გუნდი, შედარებით გამართული თამაში – ასეთია სოსო ფრუიძის სამწყსო.
აი, სხვებზე რა გითხრათ? ქუთაისის „ტორპედომ“ შინ მოგებული 2:1 ქარს გაატანა, მოლდოვაში „შერიფთან“ უშანსოდ წააგო და ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა, სადაც ფარერების „ვიკინგურს“ შეხვდება.
ეს არის სოფლის გუნდი.
ნამდვილად სოფლის, სადაც 500-550 ადამიანი ცხოვრობს. ამაზე მეტი მაცხოვრებელი, გადაუჭარბებლად, ჩემს საცხოვრებელ კორპუსშია.

„სამტრედია“ ისედაც უშანსოდ ჩანდა. შინ 0:1 ჰქონდა წაგებული ყაზახურ „ტობოლთან“ და გასვლაზე ერთით მეტი გაუშვა, გოლი კი არ ღირსებია.
არასერიოზულია, ევროტურნირების დაწყებამდე ხუთი დღით ადრე შეკრიბო ახალი გუნდი. მწვრთნელად კი იურგენ კლოპის, ჟოზე მოურინიოს, ზინედინ ზიდანისა და პეპ გვარდიოლას საუკეთესო თვისებები რომ შეუკრიბო და ისეთი კაცი დაუნიშნო, ისიც ვერაფერს იზამს.
ასეთი რამ ანდერსენის ზღაპრებშიც არაა.
ევროპა მიატოვა თბილისის „დინამომაც“. სლოვაკურ „დუნაისკა სტრედას“ 85-ე წუთამდე უგებდა და გადიოდა, მაგრამ ვინმე ბაიომ ორი თავურით დახვრიტა და სარკეში ჩაახედა.
სად უნდა გახვიდე 18 წლის ბიჭებით?

წელიწადნახევარია, რაც კახა კაჭარავა დინამოელებს წვრთნის და ამ ხნის განმავლობაში ოთხჯერ მოუწია ახალი გუნდის გაკეთება. „დინამოში“ რომ ასეთი ამბებია, სხვებს რა მოვკითხოთ?!
ცუდია, რაც მოხდა. თუმც მოსალოდნელი იყო. უკვე ხალხიც რომ აღარ დადის სტადიონზე, ატყობთ?
„დინამოს“ თამაშზე მხოლოდ 3000-3500 კაცი იქნებოდა. ევროტურნირებზე მაინც დადიოდნენ, ახლა აქაც მიანებეს თავი.
სანამ ხელფასის კაცები არ მოშორდებიან კლუბებს; ვიდრე ფეხბურთზე ნამდვილად შეყვარებული პიროვნებები არ იმუშავებენ, მანამდე ასეთ დღეში ვიქნებით. ასე დავითხრით ნერვებს, თუმც როგორც ეტყობა, უკვე ესეც არაა დიდი პრობლემა. ცარიელი ტრიბუნები ამას მოწმობს.
ქართული გუნდები კრავს ჰგვანან, რომელთა ბოლო მგლის ბასრი კბილებია.
და ვინ არის პასუხისმგებელი ქართულ ფეხბურთში შექმნილ კატასტროფულ მდგომარეობაზე? ალავერდი ფეხბურთის ფედერაციასთან…