ტურ დე ფრანსის მე-12 ეტაპი ბურგ დ’უაზანიდან ვალანსამდე 169,5 კილომეტრზე იყო გაჭიმული.
ვინაიდან გზა სირთულეებით არ იყო დახუნძლული, მაყურებელთა უმეტესობა უფრო გარემოს პეიზაჟების ყურებით იყო დაკავებული, სანახავი კი მართლაც ბევრი იყო.
ანტიკურ პერიოდში ბურგ დ’უაზანი რომაელთა გზაზე შუალედური პუნქტი ყოფილა გრენობლიდან ბრიანსონისკენ მიმავალ გზაზე. მის შესახებ ისტორიული მონაცემები მწირია, მხოლოდ XIII საუკუნის დასაწყისში დიდი წყალდიდობის აღწერისას, რომელმაც გრენობლი დატბორა, ნახსენებია, რომ წყალი ჯერ ბურგ დ’უაზანთან დაგუბებულა, რის გამოც ადგილს ერთი ხანობა სენ-ლორან-დიუ-ლაკს ეძახდნენ, ტბის სენ ლორანი, ან ტბელი სენ ლორანი.
ცოტა ხანში პელოტონმა ალობროგების დაარსებულ კულაროს უწია. გეტყვით, რომ ალობროგები ერთობ მეომარი კელტური ტომი იყო, რომელიც ნარბონის გალიაში ცხოვრობდა, მდინარეებს რონსა და იზერს შორის და ჩრდილოეთით ჟენევის ტბამდეც უწევდა მისი საზღვარი, კულარო კი დღევანდელი გრენობლია. ალობროგები დიდხანს იცავდნენ გალიას რომაელთა შეტევებისგან, მაგრამ ჩვენს წელთაღიცხვამდე 123 წელს კვინტუს ფაბიუს მაქსიმუსმა შეძლო მათი ძლევა, რისთვისაც თიკუნად ალობროგიც მიიღო.
კულაროს სახელი 380 წელს გადაერქვა და გრაციაპოლისი ეწოდა, თუმცა მისი სილამაზის მიუხედავად გრაციოზულობა აქ შუაში არ იყო, რომის მაშინდელი მმართველი იმპერატორი გრაციანე იყო. 1032 წლამდე რომის იმპერიის დაშლიდან, გრენობლი ბურგუნდიის სამეფოში შედიოდა, შემდეგ წმინდა რომის იმპერიაში, საიდანაც 1349 წელს საფრანგეთმა შეისყიდა და სავუას ჰერცოგებთან სამხედრო დაპირისპირებებისას პლაცდარმად იქცა. დღეს კი გრენობლი მშვენიერი სამთო კურორტი და რეგიონის ერთ-ერთი ცენტრია (160 ათასი მაცხოვრებელი) დიდებული უნივერსიტეტით.
კიდევ უამრავი ღირსშესანიშნავი ადგილის გავლის შემდეგ პელოტონი, რომელიც ადრევე დაწინაურებულ ჯგუფს არც ძალიან აწუხებდა და არც ძალიან უშვებდა წინ, ვალანსს მიუახლოვდა. ვალანსიც ნარბონის გალიის ქალაქი იყო, ოღონდ გრენობლისგან განსხვავებით, დამპყრობლების მიერ დაარსებული (ვალენტია). IV საუკუნიდან მოყოლებული მმართველი აქ ეპისკოპოსი ყოფილა, რომელთაგან ბოლო ლუდოვიკო XI-მ დაარწმუნა და თავისი მფარველობის და აქ უნივერსიტეტის დაარსების ნაცვლად დაათმობინა, შემდეგ კი საჰერცოგო ვალანტინუას მთავარ ქალაქად აქცია და ჩეზარე ბორჯიას უბოძა. ამ საჰერცოგოს ტიტულს დღეისთვის მონაკოს თავადები ატარებენ…

ფინიშამდე 30 კილომეტრით ადრე ლტოლვილების ფორა მხოლოდ 30 წამსღა შეადგენდა. მათგან ყველაზე მეტი ძალა შვეიცარიელ მიხაელ შარს შერჩა, რომელმაც ბოლომდე სცადა ბედი და კომპანიონებსაც გაექცა. ბოლო 23 კილომეტრს მან 40 წამიანი უპირატესობით შეუტია და მალე ხუთიოდე წამიც მოიგო. თუმცა აქ სპრინტერების თანაგუნდელებმა ტემპს მოუმატეს და ფინიშამდე 6 კილომეტრით ადრე შარიც ჩაყლაპა პელოტონმა. ბოლო აჩქარების გამო პეპლებს თითქმის ყველა გრეგარი გამოეცალათ და მათ ეტაპის ბედი სხვების დაუხმარებლად გაარკვიეს ერთმანეთში.
უძლიერესი საუკეთესო სპრინტერის მწვანე მაისურის მფლობელი და აქამდე ორი ეტაპის მომგები სლოვაკი პეტერ საგანი (ბორა) გამოდგა. ხვალ ისევ მთის ეტაპია, ოღონდ შედარებით მსუბუქი. სენ-პოლ-ტრუა-შატოდან მენდამდე 188 კილომეტრზე ორი მეორე კატეგორიის, თითოც მესამე და მეოთხე კატეგორიის მთებია. თუმცა ფინიში აღმართშია, რამაც შეიძლება საერთო ჩათვლაში მცირედი გადაჯგუფება მაინც გამოიწვიოს.