საინტერესო რამაა სტატისტიკა, მაგრამ ზოგჯერ მაცდური. გასული მონდიალი სენსაციებით გაჯერებული იყო. ფიფას რეიტინგში უფრო დაბლა მდგომმა გუნდებმა მათ ზემოთ მყოფნი 19 შემთხვევაში დაამარცხეს.
შედარებისთვის: მსგავსი რამ 2010 წელს სამხრეთ აფრიკაში 11-ჯერ მოხდა, 4 წლის შემდეგ, ბრაზილიაში სულ 8-ჯერ. კიდევ ერთ მონაცემსაც გაახლებთ: სამხრეთ აფრიკაში რეიტინგით მაღლა მდგომებს აუტსაიდერებთან ბურთების ჯამური ბალანსი +39 ჰქონდათ, ბრაზილიაში +43, რუსეთში კი +18 .
თითქოს დასკვნა ხელისგულზე დევს – გუნდების დონე გათანაბრდა, მაგრამ ამას კატეგორიულად არ ეთანხმება ირანის ნაკრების მწვრთნელი კარლუშ კეირუში:
„უკვე 37 წელია, მწვრთნელი ვარ და მთელი ამ დროის განმავლობაში უფსკრული საფეხბურთო ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის განუხრელად იზრდება. გამონაკლისი ის ნაკრებებია, ვისი შემადგენლობის უდიდესი ნაწილიც ევროპაში თამაშობს. სანამ უფსკრული ასე კატასტროფული გახდებოდა, არატოპ-ნაკრებების მწვრთნელებს კიდევ ჰქონდათ ბობოლების დამარცხების იმედი და ფეხბურთს თამაშობდნენ. ახლა მათი ერთადერთი შანსი „ავტობუსია“ – აცხადებს კეირუში.
ძნელია არ დაეთანხმო პორტუგალიელს. ჯერ კიდევ 20 წლის წინ ფეხბურთი სანახაობა იყო მეტი სივრცეებით და ტექნიკური ფეხბურთელებისთვის მეტი გასაქანით. ახლა აქცენტი ფიზმომზადებასა და სტრატეგიაზეა გადატანილი, რაც საკუთარი ფეხბურთის თამაშს კი არა, მეტოქის განეიტრალებას გულისხმობს. აი, ამ დროსაა ეფექტური „ავტობუსის“ სისტემა.
ისიც გასათვალისწინებელია, რომ გუნდი გაცილებით ადვილად სწავლობს მასირებულ დაცვას, ანუ ჩაშლას, ვიდრე მასირებულ შეტევას ან პრესინგს მეტოქის ნახევარზე. ამან მოიტანა კიდევ ერთი სარეკორდო მაჩვენებელი:
რუსეთში გოლების 43% სტანდარტული სიტუაციებიდან გავიდა. ამასაც ლოგიკური ახსნა აქვს: „პატარა“ გუნდებისთვის სტანდარტული სიტუაცია იშვიათ კონტრშეტევასა თუ შეტევაში გოლის გატანის შანსია, ბობოლებს კი იგივე სტანდარტები მეტოქის მასირებული დაცვის გაჭრის შანსს უჩენს. შესაბამისად, ყველა გუნდმა არათუ დახვეწა, ლამის ხელოვნების დონეზე აიყვანა ეს კომპონენტი.
კიდევ ერთი ახალი ტრენდი: გუნდები ამჯობინებენ ბურთი მეტოქეს დაუთმონ. მსოფლიო ჩემპიონ ფრანგებს ბურთი საშუალოდ დროის 48% ეპყრათ. შვიდიდან სამ მატჩში მათი მაჩვენებელი 40%-ზე დაბალიც იყო. არადა, 2004 წელს ბერძნებს ყველამ ანტიფეხბურთელები რომ ეძახა, 40%-ზე დაბალი ფლობა ერთადერთ მატჩში ჰქონდათ.
დეშამის გუნდის მიღწევას კი არ ვაკნინებთ – თანამედროვე ფეხბურთის ტენდენციებზეა საუბარი. იმ გუნდებმა, რომლებიც უფრო მეტად ფლობდნენ ბურთს, მატჩების მხოლოდ 44% მოიგეს. ფერნანდო იერომ დაიწუწუნა, დაცვაში ჩამდგარი გუნდი ბურთს მოიხელთებს თუ არა, მეტოქის ზურგს უკან კიდებს და ცენტრში თამაში არ ყოვნდებაო. ამგვარმა ტაქტიკამ კიდევ ორი ტრენდი შვა:
1. „ტიკი-ტაკა“ სახიფათო გახდა: მთელი გუნდით მეტოქის ნახრვარზე გადასულს ბურთს ჩაგიჭრიან და… დასჯილი ხარ.
2. მეტოქის ზურგში მაღალ დაკიდებებს ათლეტური ფორვარდები სჭირდება და თითქმის ყველას მეოთხედფინალში გასულთაგან თითო აყლაყუდა ჰყავდა – იგებს ის, ვინც მეორე სართულზე იგებს.
ათლეტურ ფორვარდს აუცილებლად სჭირდება მეწყვილე, რომელიც ჰაერში მოგებულ ბურთებს მიწაზე დაუხვდება. 3-5-2 ამ შემთხვევისთვის არ ივარგებს და აქ უკვე მუსიე არსენ ვენგერს ვენდოთ:
„ჯერ კიდევ 20 წლის წინ ვამბობდი, რომ 4-4-2 საუკეთესო დაცვითი სქემაა. მართალია, ის გამთამაშებელ საყრდენსა და სუფთა ათ ნომერს არ გულისხმობს, მაგრამ საშუალებას გაძლევს, ფეხბურთელების 60%-ით მოედნის 60% დაფარო“.
დაბოლოს: ფაქტია, რომ ერთ ვარსკვლავზე აწყობილი გუნდების ეპოქა მიდის. მოთხოვნა იზრდება ფეხბურთელ-დირიჟორებზე. ისეთებზე, რომლებსაც შეუძლიათ მწვრთნელის მითითებების დაულოდებლად შეცვალონ თამაში სიტუაციის შესაბამისად. ასეთი ფეხბურთელების მაგალითი ანტუან გრიზმანი და ლუკა მოდრიჩი არიან.
მოკლედ, იცვლება ფეხბურთი. ვისთვის – უარესობისკენ, ვისთვის -უკეთესობისკენ, გმირები კი ყველა დროს მაინც თავისი ჰყავს.