1952 წელს, 21 მარყუჟიანი, 13,8 კილომეტრის და 8,1% დახრილობის ალპ დ’უეზის მთა პირველად მოხვდა ტურ დე ფრანსის მარშრუტში. პირველად ეს უმაღლესი კატეგორიის სირთულე ლეგენდარულმა იტალიელმა ფაუსტო კოპიმ მოიგო.

„ამ საშინელ აღმართზე კოპისთვის რომ გეყურებინათ, რომელიც ველოდან არც წამომდგარა, იტყოდით, აკი ორგანიზატორები ამბობდნენ ურთულესი დასალაშქრი მთააო, არადა გზა სწორია შემაღლებების გარეშეო“ – დაწერა მაშინ ტურზე მომუშავე ჟურნალისტმა მაქს ფავალელიმ. სავარაუდოდ ესეც გახდა მიზეზი ორგანიზატორების მიერ ალპ დ’უეზის კარგა ხნით მივიწყებისა.

ალპ დ’უეზის ლაბირინთები

ტური აქაურობას 1976 წელსღა დაუბრუნდა და იმის მერე ლამის ყოველწლიურადაც ამოდის, 1979 წელს ორი ეტაპიც კი გამართა, საერთო ჯამში კი მას მერე 29 ეტაპამდე გაიზარდა ტურის ალპ დ’უეზში სტუმრობები. ეს ზაფხულში, თორემ ზამთარში აქაურობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული კურორტია. სათხილამურო ტრასების ფართობი 30 ათას ჰექტარს აჭარბებს. აქაა ევროპის ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასა „სარენა“ (16 კმ), რომლის ნაწილი გვირაბშიც გადის და რომელიც კვირაში სამი დღე-ღამითაც ღიაა. ალპ დ’უეზი მსოფლიოს ზამთრის სახეობების ფედერაციებისთვის უმაღლესი კატეგორიის ადგილია და ხშირად ტარდება დიდი შეჯიბრები. 1968 წელს გრენობლის ოლიმპიადისას აქვე გაიმართა ბობსლეის ტურნირი. ადგილობრივები ძირითადად ტურიზმით არიან დაკავებულები და ამ საქმეში მეცხოველეობასაც იყენებენ. ზაფხულში რამდენიმე ათასი სული მსხვილფეხა საქონელი და ცხვარი ფერდობებზე ყავთ შესეული, ბალახს არ ატოვებინებ, პირველი თოვლი აღარ ჩერდება, ქვევით მოსრიალებს და შესაბამისად ზვავსაშიშროებაც მინიმუმამდე დადის.

სანამ ამ ლეგენდარულ მთასთან მოვიდოდა, პელოტონმა ორი სხვა უმაღლესი კატეგორიის მთა დაძლია. თავიდან 6,2% დახრილობის ლა მადლენის მთის თავზე მოსაქცევად მთელი 25 კილომეტრის გავლა დასჭირდათ. ზღვის დონიდან 2000 მეტრზე ასვლას ტურზე დარჩენილი 161 მრბოლი შეეცადა. შუა გზაზე პელოტონი 24 კაციან დაწინაურებულების ჯგუფს, სადაც საერთო ჩათვლის ფავორიტთაგან მხოლოდ ჰოლანდიელი სტივენ კრაიხსვიკი (ლოტო, საერთო ჩათვლაში მე-6, + 2 წთ და 40 წამი) იყო, წუთითა და 45 წამით ჩამორჩებოდა. მთავარი ჯგუფის სათავეში ყვითელმაისურიანი ტომასის და 4-გზის გამარჯვებული მთავარი ფავორიტის ფრუმის გუნდი სქაი იდგა და საკმაოდ მომქანცველი ტემპითაც ატრიალებდა პედლებს. ამის მიუხედავად სხვაობა ლტოლვილებთან იზრდებოდა და მწვერვალზე 2 წუთსა და 45 წამს მიაღწია. აქ დაკარგა ერთ-ერთმა ფავორიტმა რომენ ბარდემ რიგით მესამე გრეგარი, ადრე ყვითელი მაისურის მომრგები ტონი გალოპენი, რამაც მისი შანსები სქაის ლიდერებთან პაექრობისა მინიმუმამდე დაიყვანა. დაშვებისა და მეორე კატეგორიის მონვერიეს გადავლის მერე კრაიხსვიკი ვირტუალურ საერთო ჩათვლაშიც კი დაწინაურდა, რადგან პელოტონის ჩამორჩენამ 5 წუთს გადააჭარბა. მასთან ერთად რბოლის სათავეში როლანი, ბარგილი, ვალვერდე და კიდევ რამდენიმე სხვა მოექცა. ყველა შეთანხმებულად მოქმედებდა სქაის ჰეგემონიის დასამხობად.

ლა კრუა დე ფერის აღმართში (5,2% დახრილობა, 29 კმ), ჰოლანდიელმა ეულად შეუტია და მწვერვალამდე 5კილომეტრით ადრე 2 წუთი და 30 წამი ფორაც მიიღო დანარჩენებთან, პელოტონს კი 6 წუთზე მეტით გაექცა. ყველა ელოდა სქაის რეაქციას, რომელიც აგვიანებდა. ამიტომაც, სათავეში ის ლა მონდიალმა და მოვისტარმა შეცვალა და ტემპიც ცოტა აჩქარდა. რკინის ჯვრის (ლა კრუა დე ფერი) მწვერვალს პირველმა ჯვრის გზამ (კრაიხსვიკი) უწია და წავიდა დაღმართი… მრბოლების სიჩქარე ადგილებში 95 კმ/სთ-საც აჭარბებდა. აღმართში თუ შემტევებმა იძალეს, თავდაღმართი პელოტონის იყო. ფინიშამდე 20 კილომეტრით ადრე წინ მხოლოდ ჰოლანდიელი დარჩა, დანარჩენები მთავარმა ჯგუფმა წამოკრიბა, სხვაობა კი ლიდერთან 4 წუთი და 30 წამამდე შემცირდა. სქაის ლიდერებმა სწორად აქ მოუმატეს და ფინიშამდე 5 კილომეტრით ადრე სხვაობა წუთამდე დადნა. ამასობაში ბარდე კონტრშეტევით გაიჭრა წინ. მერე ფრუმმა შეუტია, ცოტა ხანი მარტოც იყო და კრაიხსვიკს ფინიშამდე 3,5 კილომეტრით ადრე გაასწრო. ბრიტანელს მალევე შეურთდნენ დიუმულენი, ბარდე და ტომასი. ბარდეს გაქცევის მცდელობებს შედეგი არ მოუტანია და ეტაპის ბედი ამ ოთხეულის და მათზე წამოწეული ლანდას დავამ გადაწყვიტა. ტრეკისთვის დამახასიათებელი სპრინტით უძლიერესი ყვითელმაისურიანი ტომასი აღმოჩნდა. 6 მრბოლი 20 წამში ჩაეტია, დღის გმირმა კრაიხსვიკმა კი 53 წამი დათმო.

საერთო ჩათვლაში ტომასი თანაგუნდელ ფრუმს წუთსა და 39 წამს უგებს, სანვების ჰოლანდიელ დიუმულენს კი 11 წამით მეტს. ხვალ შედარებით მსუბუქი ეტაპია – ბურგ დ’უაზანიდან ვალანსამდე გასავლელ 169,5 კილომეტრზე თითო მესამე და მეოთხე კატეგორიის მთებია. ზეგ კი ისევ მთის ეტაპია.

ალპ დ’უეზის ცენტრი