როგორც ჩანს „ლივერპულის” ვარსკვლავ ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენს მთელი შემდეგი სეზონი გაუცდება. 24 წლის ინგლისელმა ნახევარმცველმა მყესები აპრილის თვეში, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, „რომასთან” შეხვედრის დროს დაიზიანა.

მერსისაიდელთა თავკაცმა იურგენ კლოპმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ოქსლეიდ-ჩემბერლენისთვის 2018-19 წლების სეზონი მთლიანად მკურნალობასა და რეაბილიტაციაში ჩაივლის.

„ეს რომ ასე იქნებოდა იმთავითვე ვიცოდით. ოქსს ოპერაცია წარმატებით გაუკეთეს, მაგრამ ხანგრძლივი რეაბილიტაცია რომ დასჭირდებოდა, ამაში ეჭვი არ გვეპარებოდა. ჩვენ არ გვაქვს საქმე მდგომარეობის გაუარესებასთან, უბრალოდ აქამდე ეს ყველაფერი ხალხისთვის არ გვითქვამს და სიახლეც სწორედ ეს არის”, — თქვა კლოპმა.

„ლივერპულის” გერმანელმა მწვრთნელმა დასძინა, რომ ოქსლეიდ ჩემბერლენი ის კაცია, რომელსაც უბრალოდ არ უნდოდა სეზონის ბოლოს მისი მძიმე ტრავმის ამბავს სხვა ცნობები გადაეფარა. ჩვენ ყველანი შესაფერის დროს ველოდით.

„ოპერაცია, რომელიც მან „რომასთან” საპასუხო შეხვედრის მეორე დღეს გაიკეთა, წარმატებული გახლდათ. აღდგენის პროცესიც ჩინებულად დაიწყო. სამწუხარო ის არის, რომ ოქსი მომავალი სეზონის მნიშვნელოვან შეხვედრებში „ლივერპულს” ვერ დაეხმარება. თუ მოხდება ისე, რომ ალექსი დროზე ადრე გამოჯანმრთელდება და დაგვიბრუნდება, ამას ნამდვილ ბონუსად ჩავთვლით”.

შემდეგ კლოპმა ოქსლეიდ-ჩემბერლენის კარგ ფეხბურთელობასა და კარგ ადამიანობაზე ილაპარაკა.

„ჩვენ გამოვიჩენთ სიმშვიდეს, რომელიც მისი გამოჯანმრთელებისთვის არის საჭირო და ის მოედანს დაუბრუნდება იქ, სადაც შეწყვიტა — ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე, როდესაც საუცხოო ფორმაში გახლდათ”, დასძინა კლოპმა.