28 წლის ესპანელი ლური სოროჩე „ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელია. ბარსელონაში დაბადებულს ბავშვობაში ამავე ქალაქის გუნდშიც უთამაშია, მაგრამ ერთხელაც გადაწყვიტა, რომ ფეხბურთელობა ქალის საქმე არაა და… სამწვრთნელო საქმეს გაჰყვა.
„მომწონს მართვა, საუბარი და მოტივირება. ფეხბურთის თამაში აღარ მინდოდა, მაგრამ არც ფეხბურთიდან წასვლა მსურდა. ამიტომაც დავამთავრე მადრიდში ფიზკულტურის ფაკულტეტი, შემდეგ კი უეფას სამწვრთნელო „პრო“ ლიცენზია ავიღე და ოთხ გუნდში ვმუშაობდი თვეში 800 ევროდ. მერე გამოჩნდა ვაკანსია ჩინეთში, ბიჭების საფეხბურთო სკოლაში ჩონგკინგში, სადაც 800 ევროზე გაცილებით მეტს მთავაზობდნენ“.
ხასიათის, შრომისმოყვარეობის, ჩინურის სწავლის და კარგი შედეგების გამო ესპანელი მალევე გახდა პატივსაცემი მწვრთნელი. „50-60 ჩინური სიტყვა ვისწავლე, რაც სრულიად საკმარისია საფეხბურთო ენისთვის, რომ სკამიდან მოთამაშეებს შეუძახო“.
ერთი წელი გაატარა ჩინეთში, მერე კი სამსახური ინდოეთში, გუჯარათში გამოუჩნდა. ერთი თვით წავიდა საზაფხულო ბანაკში და თვის ბოლოს უმაღლეს სასწავლებელში ლექტორად დარჩენა შესთავაზეს. იმ პირობით დასთანხმდა, თუ ბიჭების გუნდში მწვრთნელის სამუშაოსაც მოუძებნიდნენ. მოუძებნეს და ხუთწლიანი კონტრაქტი თვით გუჯარათის შტატის სპორტის მინისტრმა შესთავაზა, თუმცა სამზე შეთანხმდნენ.
ლური სოროჩემ შეკრიბა გუნდი, რომლის ფეხბურთელებსაც სავარჯიშოდ და სათამაშოდ სიარულისთვის შტატი მცირე ჯამაგირს, კვებისა და ტრანსპორტის ფულს უხდის. „აქ პრობლემა არასოდეს მქონია. ფეხბურთელებისგან დიდ პატივში ვარ, „მადამ“-ითაც კი მომმართავენ. შეფები სრულიად მენდობიან გადაწყვეტილების მიღებისას“.
16 წლამდელებთან მუშაობით დაიწყო და ახლა მთავარი გუნდის მწვრთნელია. გარდა ამისა, გუჯარათის შტატის ყველა ასაკობრივი ნაკრების დირექტორიცაა.
„პირადი ცხოვრება განულებულია. აქ არა არსებობს ბარები, საღამოს განტვირთვა და დასვენება რომ შეიძლებოდეს. როცა უცხო კაცს გამოველაპარაკები, პირველ რიგში მეკითხება გათხოვილი ვარ თუ არა. ორ წუთზე მეტ ხანს თუ გავუჩერდი სასაუბროდ, უკვე ფიქრობს რომ მასზე გათხოვება მინდა“.
15 ივლისს დაიწყო ლური სოროჩეს მესამე წელი ინდოეთში. დარჩება თუ გამოიცვლის ქვეყანას ?
„ვფიქრობ, რომ ინდოეთის უმაღლეს ლიგის გუნდის გაწვრთნას შევძლებ, მაგრამ აქ უფრო ნაკრების ყოფილ და ცნობილ ფეხბურთელებს ეპატიჟებიან მწვრთნელებად. უარს არ ვიტყოდი რომელიმე ევროპულ ნაკრებში ან კლუბში თანაშემწეობაზე. მთელი მსოფლიო კაცის და ქალის თანასწორობაზე ლაპარაკობს, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ასე არაა და მეც მცირე შანსი მაქვს კაცების გუნდში მაღალ დონეზე მუშაობისა. იმედია, მოვა ის დღე, როცა მწვრთნელ ქალებსაც სათანადოდ დაგვაფასებენ“.