“ევროპის ე.წ. მეორე დივიზიონის ერთერთი საუკეთესო გუნდი” – ახასიათებს საქართველოს წყალბურთის ნაკრებს ბარსელონაში მიმდინარე ევროპის 33-ე ჩემპიონატის ოფიციალური ვებ-გვერდი, რაც სიმართლეა: ქართველი წყალბურთელები ზედიზედ მესამედ თამაშობენ ევროპირველობის ფინალურ ტურნირში და ეს ის შედეგი გახლავთ, რაზეც, კალათბურთელებს არა, მაგრამ ჩვენს ფრენბურთელებს, ხელბურთელებს და ცხადია, ფეხბურთელებს ჯერ მხოლოდ ფიქრი შეუძლიათ. გრანდებთან ჭიდილში მაღალი შედეგები ქართველებს ჯერ არ უჩვენებიათ, მაგრამ პოტენციალი არის და იმედია მალე იფეთქებს.
დახლართული შესარჩევი ეტაპი ჩვენებმა ღირსეულად გაიარეს. შევნიშნოთ, რომ ფინალურ ტურნირში უკონკურსოდ მოხვდნენ მასპინძელი ესპანეთი და ევრო-2016-ის 7 რჩეული მონაწილე (ხორვატია, სერბეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, მონტენეგრო, რუსეთი). მეორე რვეული სამი საკვალიფიკაციო წრის გავლით შერჩეულმა ნაკრებებმა შეავსეს. პირველ და მეორე რაუნდებში მაჩანჩალები არკვევდნენ უძლიერესებს და საქართველოს ნაკრები არ შეუწუხებიათ, ხოლო მესამე წრეში 16 გუნდი დაწყვილდა და მათი საუკეთესო ნახევარი ორმატჩიანი სერიებით გამოვლინდა. ქართველებს ისრაელის ნაკრები ერგოთ და პირველივე მატჩი 12:1 რომ მოიგეს, მეორეში დიდად აღარ მოუკლავთ თავი, 11:10 იკმარეს. ქართველებთან ერთად ბარსელონას უწიეს საფრანგეთმა, რუმინეთმა, გერმანიამ, ჰოლანდიამ, სლოვაკეთმა, მალტამ და თურქეთმა – ანუ ევრო-2018-ის ფინალური ტურნირის შემადგენლობა ევრო-2016-ის “კოპი-პეისტი” გამოდგა პრაქტიკულად.
გულდასაწყვეტია ჩვენების არა გუშინწინდელი წაგება წინა ევროს ბრინჯაოს პრიზიორ უნგრეთთან (5:12) და ისიც სამი ტაიმი გაცეცხლებული ბრძოლის შემდეგ, რაც სასახელოდ დაურჩებოდა ევროპის ნებისმიერ ძლიერ ნაკრებს, არამედ დღევანდელი მარცხი მოკრძალებულ გერმანიასთან მინიმალური ანგარიშით – 9:10, პირველ ტაიმში ორბურთიანი უპირატესობის მიუხედავად. სწორედ გუშინწინ იტალიასთან 1:14 შერცხვენილი გერმანია იყო ქართველთათვის ის შანსი, რომელიც შარშანწინდელი მე-14 ადგილის მკვეთრად გაუმჯობესების საშუალებას მოგვცემდა, რადგან მესამე ტურის მეტოქე იტალია (ვისთანაც ორი წლის წინანდელი უმოტივაციო მატჩი 1:21 წავაგეთ) ბევრად მაღალი კლასის ნაკრებია და საქართველოს ნაკრებს მასთან გამარჯვების პრეტენზია ნაკლებად ექნება.
მაგრამ ბურთი, თუნდაც წყალბურთისა, მრგვალია და ზეგის თამაშზეც წინასწარი დიაგნოზის დასმას ნუ ვიჩქარებთ. სხვა ჯგუფებში ჯერჯერობით სენსაციური დიდი ვერაფერი ტრიალებს. კონტინენტის ვიცე-ჩემპიონ მონტენეგროს მისჭირდა რატომღაც საფრანგეთის ძლევა (8:6), ხოლო საბერძნეთმა თურქეთი ისე დაუნდობლად დაარბია (27:1), მარტო სპორტული ჯავრის ამოყრას არ გავდა.
სატურნირო ცხრილები
ჯგუფი A
ნაკრები | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|
იტალია | 3 | 3 | 0 | 0 | 26:6 | 9 |
უნგრეთი | 3 | 1 | 1 | 1 | 21:21 | 4 |
გერმანია | 3 | 1 | 1 | 1 | 15:27 | 4 |
საქართველო | 3 | 0 | 0 | 3 | 17:36 | 0 |
ჯგუფი B
ნაკრები | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|
ესპანეთი | 3 | 2 | 1 | 0 | 35:15 | 7 |
მონტენეგრო | 3 | 2 | 1 | 0 | 32:18 | 7 |
საფრანგეთი | 3 | 1 | 0 | 2 | 22:21 | 3 |
მალტა | 3 | 0 | 0 | 3 | 15:50 | 0 |
ჯგუფი C
ნაკრები | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|
ხორვატია | 3 | 3 | 0 | 0 | 49:17 | 9 |
საბერძნეთი | 3 | 2 | 0 | 1 | 46:19 | 6 |
ჰოლანდია | 3 | 1 | 0 | 2 | 37:32 | 3 |
თურქეთი | 3 | 0 | 0 | 3 | 8:72 | 0 |
ჯგუფი D
ნაკრები | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|
სერბეთი | 3 | 3 | 0 | 0 | 35:19 | 9 |
რუსეთი | 3 | 2 | 0 | 1 | 33:24 | 6 |
რუმინეთი | 3 | 1 | 0 | 2 | 21:28 | 3 |
სლოვაკეთი | 3 | 0 | 0 | 3 | 16:34 | 0 |