რომაელთა ბატონობისას ახლანდელი ალბერვილის ადგილას არსებული პატარა დასახლება მილანი-ვენის გზაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი პუნქტი ყოფილა. მდინარეებს – არლსა და იზერს შორის რომაელებს საბაჟოც ჰქონიათ მოწყობილი. XII საუკუნის ბოლოს რაინდ სენ ჟან იერუსალემელს წმინდა მიწისკენ დაძრული მომლოცველებისთვის რამდენიმე შესასვენებელი ადგილი მოუწყვია, რის შემდეგაც აქაურობას ქალაქის სახე შეუძენია, რომლისთვისაც ვილფრანშ დე ლ’ოპიტალი უწოდებიათ. შემდგომი საუკუნეებისას ის სავუას ჰერცოგებს ეკუთვნოდათ, რომლებიც სარდინიის მეფეებიც გამხდარან. 1835 წელს რამდენიმე ახლოს მდებარე დასახლების მიერთების შემდეგ ოფიციალურად დაარსდა ალბერვილი, სარდინიის მეფე შარლ-ალბერის ბრძანებით და სახელიც მეფეს თავისი უბოძებია ქალაქისთვის.

ალბერვილი ცნობილი და პოპულარული ზამთრის კურორტია, სადაც 1992 წელს ზამთრის ოლიმპიადაც ჩატარდა. „ტურ დე ფრანსს“ აქ გავლა უყვარს ხოლმე, თუმცა ეტაპის მასპინძლობა მხოლოდ მესამედ არგო. ოღონდ ეტაპი ძალიან სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა. თავიდანვე შეტევები არ მოუკლიათ მაყურებლებისთვის მრბოლებს, ვინაიდან უმაღლესი კატეგორიის ბიზანის მთა ლამის სტარტზევე იყო.

ჯირეით ტომასი

რამდენიმე ათეული დაწინაურებულისთვის, რომელთა შორის ბარგილიც იყო, პელოტონს დევნა არ დაუწყია და მეორე დიდ დაბრკოლებამდე (დიუ პრეს მთა) მშვიდად მივიდა, თუმცა შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი რიგობერტო ურანი და კიდევ ერთ-ერთი ფავორიტი მოლემა კი მოისაკლისა. გუშინდელი თავდაუზოგავი რბოლა ძვირი დაუჯდათ ყვითელი და წითელკოპლებიანი მაისურების მფლობელებს ვან ავერმატს და ალაფილიპს, რომლებიც გვარიანად ჩამორჩნენ პელოტონსაც და საერთო ჩათვლაშიც ჩაიკარგნენ. მწვერვალამდე 5 კილომეტრით ადრე ფავორიტებიდან დიდი შეტევა ალეხანდრო ვალვერდემ (მოვისტარი) წამოიწყო, რომელიც „სქაის“ მრბოლებმა თითქოს უპრობლემოდ გაუშვეს.

„მოვისტარის“ გეგმა მალე გაცხადდა, დაწინაურებულებიდან წლევანდელი პარიზი-ნიცას მომგები მარკ სოლერი შენელდა და თავისი ლიდერის ლოდინი დაიწყო, რათა აღმართზე ეშველა და ეგებ ყვითელი მაისურის მორგებაშიც მიხმარებოდა. ლა როზიერის აღმართამდე არსებული სტატუს-კვო შენარჩუნდა, მერე კი დაიწყო ფავორიტების საქმის გარჩევები.

ვალვერდეს ფინიშამდე 8,5 კილომეტრით ადრე მიუახლოვდნენ და ისიც ისეთი არაქათგამოცლილი დახვდათ, რომ ტემპს 500 მეტრზე მეტი ვერ გაუძლო. კიდევ 2,5 კილომეტრის შემდეგ უელსელმა ტომასმა (სქაი) შეუტია და ვერც ვერავინ გაეკიდა. ფრუმი, ბარდე და კინტანა ცოტა ხანში გააქტიურდნენ, მაგრამ უკვე გვიანი იყო ეტაპის მოსაგებადაც და საერთო ჩათვლაში დასაწინაურებლადაც.

ჯულიან ალაფილიპი

ტომასის შეტევამ კი მიზანს ფინიშამდე 250 მეტრით ადრე უწია, როცა უელსელმა ბოლო ადრე დაწინაურებულ ესპანელ ნიევეს გადაუსწრო და დარჩენილ მანძილზე 22 წამითაც აჯობა. თანაგუნდელი ფრუმი მას 20 წამით ჩამორჩა, ისევე როგორც ჰოლანდიელი დიუმულენი, სხვა ფავორიტებმა ცოტა მეტი წააგეს. საერთო ჩათვლის პირველი სამეულიც იგივე თანმიმდევრობით დალაგდა, ტომასს ფრუმი წუთითა და 25 წამით ჩამორჩება, დიუმულენი კი დამატებით 19 წამს აგებს. მთის მეფის წითელკოპლებიანი მაისური ალაფილიპმა შეინარჩუნა. ხვალინდელი ეტაპი 175,5 კილომეტრი სიგრძისაა. თავიდან ლა მადლენის უმაღლესი კატეგორიის მთა, შემდეგ რამდენიმე შედარებით მსუბუქი დაბრკოლება, რასაც ისევ უმაღლესი კატეგორიის ლა კრუა დე ფერის (ჩვენებურად რკინის ჯვრის) მთა მოსდევს და ფინიში ალპ დ’უეზშია, თუმცა მისი მიღწევა იოლი სულაც არ იქნება, რადგან უმაღლესი სირთულის აღმართი 13,8 კილომეტრი სიგრძის და 8,1% დახრილობისაა.

წილი
წინა სტატიაკედელი გვირაბის ბოლოს
შემდეგი სტატიაჩელსი ტიტულისთვის იძოლებს
გაიოზ თალაკვაძე
გაიოზ თალაკვაძე ფრანგული ენის უბადლო მცოდნე, ფრანგული სპორტისა და კულტურის დამფასებელი, თავად კულტურული და მშვიდი გურულია (sic) თბილისის ჯიგრიან უბან ნახალოვკიდან. მისი ტექსტები არსით ისეთივე წესიერია როგორც თავად გაიოზი.