ველოსპორტში რომ ყველაზე პრესტიჟული მრავალდღიანი რბოლა „ტურ დე ფრანსია“, მგონი ყველამ იცის, ვისაც კი ოდნავ მაინც ჰქონია შეხება არათუ ველოსპორტთან, არამედ უბრალოდ სპორტთან.
საერთო ჯამში რიგით 105-ე „ტურ დე ფრანსზე“ 176 მრბოლს 3351 კილომეტრი ჰქონდა გასავლელი 21 ეტაპად, მათგან 6 მთის, ერთი გუნდურად და ერთიც ინდივიდუალურად.
ტურს 39 დასახლებაში მასპინძლობენ, საიდანაც ცხრას პირველად ერგო ეს პატივი. ყველაზე პატარა მონვალეზანია 705 მაცხოვრებლით, ხოლო უდიდესი, რა თქმა უნდა, პარიზი. ყველაზე გრძელი ეტაპი მე-7 იყო (231 კმ), ყველაზე მოკლე კი მე-17 (65 კმ), თუმცა ერთ-ერთი ყველაზე რთული სამი უზარმაზარი აღმართით. ყველაზე მაღლა კი მრბოლები პორტეს მთაზე ავლენ, რომელიც ზღვის დონიდან 2215 მეტრზეა.
ეს ტურნირი ყოველწლიურად უამრავ მაყურებელს იზიდავს როგორც ტელეეკრანებთან, ასევე რბოლის „ცოცხლად“ სანახავად. წელს, მაგალითად, 190-ზე მეტ ქვეყანაში ხდება მისი ტელე-ტრანსლირება, რისთვისაც 100-ზე მეტი ტელეარხი მუშაობს, ხოლო უშუალოდ ტურის გზებზე 10-12 მილიონი ადამიანი იქნება გაფენილი ველომხედრების საქომაგოდ, მათ დასაცავად კი 30 ათასზე მეტი პოლიციელი, ჟანდარმი და მეხანძრეა მობილიზებული.
ასეთი რაოდენობის მაყურებლებით, რომლებიც უშუალოდ არიან შეჯიბრის დამსწრენი, სხვა ვერცერთი ტურნირი ვერ დაიკვეხნის, კვირას დასრულებული ფეხბურთის მსოფლიოს ჩემპიონატის ჩათვლით.
ისე, ტურის ორგანიზატორებმა წელს ეტყობა ფეხბურთს მაინც გაუწიეს ანგარიში და საწყისი ეტაპები ყველა გასახურებელი დაგეგმეს. ცხრიდან რვა ეტაპზე სპრინტერების დავაში უნდა გარკვეულიყო გამარჯვებული. ერთი კი გუნდური რბოლა იყო, რომელიც ბი-ემ-სის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა მეორეზე გასული „სქაი“ მას სულ რაღაც 4 წამით ჩამორჩა. მესამეადგილოსანმა „ქვიქ სტეპმა“ კი მხოლოდ 7 წამი დათმო. წუთში ჩატევა კი კიდევ 7 გუნდმა მოახერხა. დანარჩენ ეტაპებზე, როგორც მოსალოდნელი იყო პეპლებმა იპაექრეს, მხოლოდ მე-9 ეტაპზე მოახერხა რამდენიმე მრბოლმა პატარა უპირატესობის მიღწევა პელოტონზე და საბოლოოდ მათგან სამმა უწია ფინიშს სხვებზე ადრე (+19 წამი), გამარჯვება გერმანელ ჯონ დეგენკოლბს („ტრეკი“) დარჩა ბელგიელებთან, ვან ავერმატთან (ბი-ემ-სი) და ლამპართან („ქვიქ სტეპი“) ჭიდილში. მანამდე ორ-ორ ეტაპის მოგება შეძლეს კოლუმბიელმა ფერნანდო რანდონმა („ქვიქ სტეპი“), სლოვაკმა პეტერ საგანმა („ბორა“) და ჰოლანდიელმა დილან გრონევეგენმა („ლოტო“), ხოლო ერთ ეტაპზე ირლანდიელმა დანიელ მარტენმა („ემირატები“) იყოჩაღა.
ორშაბათს ტურმა საფრანგეთს ფეხბურთის მსოფლიოს თასით ტკბობის საშუალება მისცა, თავად შეისვენა და ნამდვილი რბოლის სტარტი სამშაბათისთვის დაგეგმა. სწორედ მეათე ეტაპიდან იწყება მთები და დღეიდან გამოჩნდება ლიდერის ყვითელი მაისურის ხელში ჩასაგდებად ვინ უკეთაა მომზადებული, ვის უკეთესი გამძლეობა და უკეთესი საჭურველმტვირთველები, გნებავთ დამხმარეები, გრეგარები, თანაგუნდელები ჰყავს.
სწორედ დღეიდან გამოჩნდებიან ნამდვილები, დღეიდან ხდება უზომოდ საინტერესო ტური და დღეიდან პელოტონში დანდობა არ იქნება. დღევანდელი ეტაპი სავუას ულამაზეს ქალაქ ანსიში იღებს სათავეს, თავიდან მეოთხე კატეგორიის სირთულის მთას უმალ 1 კატეგორიის ლა კრუა ფრის მთა მოსდევს.
57-ე კილომეტრიდან 11 კილომეტრის მანძილზე მრბოლები უმაღლესი კატეგორიის სირთულის პლატო დე გლიერის აღმართს შეუყვებიან, რომლის უმეტესი ნაწილიც 11,2% (!!!) დახრილობისაა. 121-ე კილომეტრზე რომის მთა ელით, რომელიც 8,8 კილომეტრზე 8,9% დახრილობით პირველ კატეგორიას იმსახურებს, მალევე კი 7,5 კილომეტრის და 8,5% დახრილობის, ასევე პირველი კატეგორიის მთა ლა კოლომბიერი იქნება დასალაშქრი, რომელიც ამ ეტაპის უმაღლესი მწვერვალიცაა – 1618 მეტრით ზღვის დონიდან. შემდეგ 14 კილომეტრი ციცაბო დაღმართი და ფინიში ლე გრან-ბორნანში. ამის მერე 22-ვე გუნდი გადაითვლის უკვე თავისი საწყისი 8 მრბოლიდან რამდენი შერჩებათ და უფრო შთამბეჭდავი ეტაპისთვის ძალების აღდგენას შეეცდებიან. არადა ძალები ძალზედ დასჭირდებათ, ალბერვილიდან ლა როზიერამდე მისასვლელად ოთხშაბათს ორი უმაღლესი კატეგორიის მთა ელით, თუმცა ამაზე ხვალ ვისაუბროთ.