კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსმა” ოფიციალურად წარადგინა. პრეზენტაციაზე 33 წლის ფეხბურთელი თავის ყოფილ კლუბს, „რეალს” დიდად არ გამოეტირა.
რონალდუ: „სულაც არ ვდარდობ „რეალი” რომ დავტოვე. მე მადრიდში ფანტასტიკური კარიერა მქონდა, მაგრამ ის დამთავრდა და ახლა ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება”.
„ბებერმა ქალბატონმა” „რეალს” პორტუგალიელში საბოლოოდ 112 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. ფეხბურთელის კონტრაქტი 2022 წლამდეა ძალაში. მისი ხელფასი წელიწადში 31 მილიონი ევრო იქნება.
რონალდუ: „მე ამბიციური კაცი ვარ და ახალი გამოწვევა მომწონს. არ მიყვარს კომფორტის ზონაში ყოფნა. ჩემი კარიერა იოლი არასდროს ყოფილა. მინდა კვალი „იუვენტუსშიც” დავტოვო.
ტურინში გადმოსვლა იოლად გადავწყვიტე, დიდხანს არ მიფიქრია. „იუვენტუსი” მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, ჩინებული მწვრთნელით და დიდი პრეზიდენტით. ჩემთვის ეს უკან კი არა, წინ გადადგმული ნაბიჯია. ვხედავ, რომ გუნდი კარგ განწყობაზეა”.
ისე როგორ იქნებოდა მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელისთვის მისებრ ხუთგზის საუკეთესო ლეო მესის შესახებ არ ეკითხათ. ამიერიდან „იუვე” და „ბარსა” ჩემპიონთა ლიგაში თუ არ შეხვდებიან პორტუგალიელი და არგენტინელი ხომ ვეღარ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
„აქ მესი არ არის, მაგრამ ბევრი უძლიერესი ფეხბურთელია, რომელთაც შემიძლია შევეჯიბრო. სხვა ფეხბურთელებს არასდროს ვმტრობ. მესისთან შედარება კარგი იყო, ის ყველა მაყურებელს მოსწონდა და მეც მაინტერესებდა, მაგრამ მტრად მესი არასდროს აღმიქვამს”.
რონალდუს ერთმა ნათქვამმა ყველა გააკვირვა. თურმე „იუვენტუსი” იყო ერთადერთი კლუბი, რომელიც მისი შეძენით დაინტერესდა.
„მოხარული ვარ, ჩემზე რომ იფიქრეს”, — თქვა პორტუგალიელმა.
და ბოლოს: „ბევრი ფიქრობს, რომ 33 წლის ასაკში კარიერა მთავრდება, მაგრამ მინდა დავამტკიცო, რომ მე სხვებისგან განვსხვავდები. ერთხელაც შევეცდები სხვები გავაკვირვო”.
კაცმა რომ თქვას, მას ეს ბევრჯერ მოუხერხებია.