ერთ-ერთი, რითაც ახალდამთავრებული მსოფლიოს ჩემპიონატი ხალხს დაამახსოვრდება, ხორვატიის პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩია. სწორედ ის ქალბატონი, რომელიც ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და სხვა პატივცემულ პირებთან ერთად თავსხმა წვიმის ქვეშ დააყენა, როდესაც თავად ქოლგას ეფარებოდა.
გრაბარ-კიტაროვიჩმა მსოფლიოს თავი დაამახსოვრა როგორც ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებულმა ადამიანმა, ფინალის შემდეგ დაუზარლად რომ ეხვეოდა არა მხოლოდ ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელებს, არამედ ფრანგებს და ის კი არა მსაჯებსაც კი.
ნახევარფინალი ანუ ხორვატიის ნაკრების მიერ ინგლისელთა 2:1 დამარცხება ქალბატონმა პრეზიდენტმა გამოტოვა, რადგან ნატოს სამიტზე ბრძანდებოდა, მაგრამ მოახერხა თუ არა, ისევ მოსკოვისკენ გამოეშურა.
„სანმა” მკითხველის ყურადღება დააკმაყოფილა და ორიოდ სიტყვით გააცნო ქალბატონი გრაბარ-კიტაროვიჩის ბიოგრაფია. კერძოდ, ქალბატონი პრეზიდენტი 1968 წლის 29 აპრილს ხორვატიაში, უფრო სწორედ კი მაშინდელ იუგოსლავიაში დაბადებულა, ქალაქ რიეკაში. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეობის დროს ის გაცვლით პროგრამაში მოხვდა და ერთი წელიწადი აშშ-ში, ნიუ მექსიკოს „ლოს ალმაოსის” უმაღლეს სკოლაში გაატარა.
შემდეგ სწავლობდა ზაგრებში, ვენაში, ვაშინგტონსა და ჰარვარდში, სწავლა-განათლება კი დოქტორის ხარისხით სამი წლის წინ ხორვატიაში დაასრულა.
გრაბარ-კიტაროვიჩი სრულყოფილად ფლობს ხორვატულს, ინგლისურს, ესპანურს და პორტუგალიურს, ფრანგულს, გერმანულს და იტალიურს კი ამტვრევს.
უხერხული ამბავი მოხდა რუსეთთან გამარჯვების დღეს, როდესაც პრეზიდენტი ნახევრად შიშველ ფეხბურთელებთან გასახდელში ჩავიდა. როგორც ჩანს სოციალურ ქსელებში მომხმარებლები მთლად კარგად ვერ გაერკვნენ. სავსე ფიგურის გამო ზოგს ის ამერიკელი მოდელი კოკო ოსტინი და ზოგსაც პორნო ვარსკვლავი დაიმონდ ფოქსი ეგონა.
ახლა იმის შესახებ, თუ როდის აირჩიეს კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი ხორვატიის პრეზიდენტად. ეს მოხდა 2015 წლის თებერვალში. ის გახდა ხორვატთა ქვეყნის პირველი ქალი-მეთაური.
1993 წელს ხორვატიის დემოკრატიულ კავშირში გაწევრიანების შემდეგ მან ბევრი თანამდებობა გამოიცვალა: თავიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი იყო, შემდეგ პარლამენტის წევრი, ხორვატიის ელჩი აშშ-ში და ნატოს გენერალური მდივნის ასისტენტი.
მისი პირადი ცხოვრების შესახებ ის შეგვიძლია მოგახსენოთ, რომ კოლინდა გრაბარი იაკოვ კიტაროვიჩს ცოლად 1996 წელს გაყვა. წყვილს ორი შვილი ჰყავს. 17 წლის კატარინა ფიგურულ სრიალში ხორვატიის ჩემპიონია იუნიორთა შორის, ხოლო ვაჟი ლუკა 2003 წელს დაიბადა.
2010 წელს, როდესაც ქალბატონი გრაბარ-კიტაროვიჩი ვაშინგტონში მუშაობდა, იაკოვ კიტაროვიჩი სკანდალში გაეხვა — სამსახურეობრივ მანქანას პირადი მიზნებისთვის იყენებდა. ანუ სანამ ცოლი 24 საათი მუშაობდა, ქმარი სახელმწიფოს ფულით მისი სამსახურის მანქანას დააგრიალებდა.
ყურადღება მიიპყრო იმ გარემოებამ, რომ „სანის” სტატიას გამოემაურნენ ხორვატები, რომელთაც თავიანთ კომენტარებში გაზეთს სიტყვა იუგოსლავიის ხსენება გაუკრიტიკეს. რას ნიშნავს ჩვენი პრეზიდენტი ყოფილ იუგოსლავიაში დაიბადა, ის ხორვატიაში იშვაო.