2017-18 წლების სეზონში „ბარსელონას” ისტორიული შემოსავალი ჰქონდა — 914 მილიონი ევრო. აქამდე მსოფლიოში არც ერთი კლუბის შემოსავალი 900 მილიონს არ გადასცილებია. სწორედ ეს ამბავი ახარა „ბარსას” დირექტორებს გუშინდელ თათბირზე პრეს-მდივანმა ჟოზეპ ვივესმა. მან კრების მონაწილეებს გასული სეზონის ოფიციალური ბუღალტერია წარუდგინა.
აღსანიშნავია, რომ „ბარსელონამ” შემოსავლის სახით მიიღო 914 მილიონი, მაშინ როდესაც საწყისი ბიუჯეტი 897 მილიონი გახლდათ. შედარებისთვის, 2016-17 წლების სეზონში შემოსავალი 708 მილიონს უდრიდა. კატალონიური გაზეთი „სპორტი” წერს, რომ ასეთი ზრდის მიზეზი ნეიმარის „პარი სენ ჟერმენისთვის” მიყიდვა იყო.
მეორე მხრივ, გაზრდილა ხარჯიც. ის 882 მილიონს მილიონს მიახლოებია. გადასახადებს თუ გამოვაკლებთ, წმინდა მოგება 13 მილიონი ევრო რჩება.