ფემინისტური პანკ-ჯგუფის „ფუსი რიოტის” სკანდალებით ცნობილმა წევრებმა მოსკოვში, „ლუჟნიკებზე”, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში, რუსეთის პრეზიდენტისა და აურაცხელი სპეცსამსახურების წინ მორიგი აქცია მოაწყვეს — მოედანზე გადახტნენ. ფსბ-ში ალბათ პაგონები დაიყრება.

სკაუტებმა და დაცვამ მატჩის 52-ე წუთზე მომხდარი ინციდენტი სწრაფად ალაგმეს, თუმცა პოლიტიკური აქცია, რომლის ადრესატიც ვლადიმერ პუტინი იყო, შედგა.

კილიან მბაპემ რუსული პანკ ჯგუფის ერთ-ერთ წევრს ხელი ხელს დაჰკრა, აი ხორვატმა დეიან ლოვრენმა კი მეორე დამრღვევის გაკოჭვაში მიიღო მონაწილეობა — აქციის მონაწილე წააქცია.

ამასობაში ინტერნეტში გავრცელდა „ფუსი რიოტის” განცხადება:

დღეს 11 წელი შესრულდა რაც ცნობილი რუსი პოეტი დმიტრი პრიგოვი გარდაიცვალა. პრიგოვმა რუსულ კულტურაში ზეციური სახელმწიფოებრიობის მატარებელი მილიციელის სახე შექმნა. 

პრიგოვისეული ზეციური მილიციელი თავისი რაციით თვით ღმერთს ელაპარაკება. მიწიერი მილიციელები კი სისხლის სამართლის საქმეებს კერავენ. სანამ ზეციური მილიციონერი მსოფლიოს ჩემპიონატზე გულშემატკივრებს ნაზად აკვირდება, მიწიერი მიტინგების დასარბევად ემზადება. ზეციური მილიციელი მინდორში ყვავილს ეფერება და რუსეთის ნაკრების წარმატებით ხარობს, მიწიერი მილიციელისთვის კი ოლეგ სვენცოვის (უკრაინელი კინორეჟისორი, რომელიც რუსულმა სპეცსამსახურებმა ყირიმში დააკავეს და ბრალად ტერორიზმს უყენებენ) შიმშილობა სულერთია. ზეციური მილიციელი ამაღლებულია, როგორც სახელმწიფოებრიობის მაგალითი, მიწიერი მილიციელი კი ყველას ტკენს.

ზეციური მილიციელი ჩვილის ძილს დარაჯობს, მიწიერი კი პოლიტპატიმრებს დევნის, ხალხს გაზიარებებისა და ლაიქების გამო იჭერს.

ზეციური მილიციელი მსოფლიოს ჩემპიონატის კარნავალის ორგანიზატორი გახლავთ, მიწიერ მილიციელს კი ზეიმის ეშინია. ზეციური მილიციელი ზრუნვით აკვირდება რომ თამაშის წესები არ დაირღვეს, მიწიერი მილიციელი კი თამაშში ერევა და წესები არად უღირს.

მსოფლიოს ჩემპიონატმა შეგვახსენა თუ რა შესაძლებლობები აქვს ზეციურ მილიციელს მომავლის მშვენიერ რუსეთში, მაგრამ მიწიერი მილიციელი, რომელიც ყოველდღიურად ერთვება თამაშში წესების გარეშე, ჩვენს სამყაროს ანგრევს.

როდესაც თამაშში მიწიერი მილიციელი ერთვება, ჩვენ ვითხოვთ:

  1. გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი.
  2. ლაიქებისთვის აღარ დაიჭირონ.
  3. შეწყდეს მიტინგებზე უკანონო დაპატიმრებები.
  4. ქვეყანაში დაუშვან პოლიტიკური კონკურენცია.
  5. არ შეთითხნონ სისხლის სამართლის საქმეები და ხალხი საგამოძიები იზოლატორში ისე უბრალოდ არ ჩასვან.
  6. გადააქციონ მიწიერი მილიციელი ზეციერ მილიციელად.