ჩაიარა მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატმა. ზოგმა, ასეთი ჩემპიონატი ისტორიას არ ახსოვსო, ზოგმაც – რას გავდაო. აზრი ყველას თავისი აქვს, ჩვენ კი პედანტი ხალხი ვართ და საქმეში სტატისტიკის ჩართვას ვაპირებთ, რიცხვებს მოვიმარჯვებთ და ვეცდებით დავამტკიცოთ, რომ მონდიალ-2018 ისტორიაში რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკორდით მაინც დაიმკვიდრებს ადგილს.

გერმანია იმ ნაკრებთა მწუხარე კლუბში მოხვდა, რომელთაც მსოფლიო ჩემპიონობის მოპოვების შემდგომ მონდიალზე ჯგუფიდან ვერ გააღწიეს. 2002 წელს აღნიშნულ “ტრადიციას” საფრანგეთის ნაკრებმა ჩაუყარა საფუძველი, 2010 წელს ანალოგიური მარცხი იტალიის ნაკრებს მოუვიდა, ხოლო 2014-ში ესპანეთი ჩამოგორდა ოლიმპის წვერიდან მთისძირამდე.

163-დან 74 გოლი სტანდარტული სიტუაციებიდან გავიდა, რაც 43% გახლავთ. ვერ გეტყვით, ქომაგისთვის ინფორმაცია რამდენად სასიამოვნოა, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთელთა მომზადების დონე რომ ელვისებურად იზრდება, ფაქტია.

წლევანდელ ფინალში ექვსი გოლი გავიდა – იმდენივე, რამდენიც წინა ოთხი მსოფლიო პირველობის ფინალებში ერთად.

დიდიე დეშამს კი თამამად შეუძლია პენსიაზე გავიდეს: სახლი ააშენა, ხე დარგო, ოჯახი შექმნა… უკაცრავად, სიტყვა გაგვექცა, უფრო ზუსტად, მან მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი როგორც ფეხბურთელის, ასევე მწვრთნელის რანგში, რაც ყველას ხვედრი როდია: ამგვარი ტრიუმფი აქამდე მხოლოდ მარიო ზაგალოს და ფრანც ბეკენბაუერს რგებოდათ.

რაფაელ ვარანი სიბერეში, კითხვაზე, შენი ცხოვრების რომელი წელი გიტივტივებს გონებაშიო, უეჭველად 2018-ს იტყვის, რადგან მაისში, “რეალის” შემადგენლობაში, ჩემპიონთა ლიგის თასი ჩაბღუჯა, ივლისში – ფიფასი საფრანგეთის ნაკრების სხვა წევრებთან ერთად. აღნიშნული კრიტერიუმით ისტორიაში სწერიან კიდევ ფრანგი კრისტიან კარამბიო, ბრაზილიელი რობერტო კარლოსი და გერმანელი სემი ხედირა – სულ “რეალის” მობურთალები.

მარიო მანჯუკიჩის თავში კი მონდიალ-2018 ალბათ გრძნობათა აჯაფსანდალის სახით დაიბუდებს. უმნიშვნელოვანეს თამაშებში, მათ შორის ფინალში გატანილ უმნიშვნელოვანეს გოლებს იმავ ფინალში მოუხერხებლად შესრულებული ნახტომი და საკუთარი კარის ბადეში მოფართხალე ბურთი შეენაცვლება და ტკბილ მოგონებებს გაუმწარებს, მაგრამ რას ვიზამთ: ეს ფეხბურთია, ბალეტი კი არა…

წილი
წინა სტატიაბარსას დიდი წარმატება მსოფლიოს ჩემპიონატზე
შემდეგი სტატიარიგითი რიბარიჩის ზღაპარი
თუკი მეგრელი პატიოსანი გამოვიდა, ძრწოდეთ კახელებო. ნიჭზე კი ლაპარაკი ზედმეტია. უნიჭო მეგრელი ისტორიაში სულ სამი-ოთხი იყო. ჯანდაბას, ხუთი... დავით გულუა, წესიერ და ნიჭიერ მეგრელთა კატეგორიას განეკუთვნება რომელსაც კიდევ ერთი დიდი პლიუსი აქვს - თხემით ტერფამდე სარბიელელია