მორჩა. მონდიალი გუშინდელ მოსკოვურ თავსხმას ისტორიაში გაჰყვა. ემოციები გრილდება, თუმცა, საფრანგეთის ქომაგთა გარდა ყველას დაენანა ხორვატია.

არადა, რა აქვთ ხორვატებს დასანანი ან შესაცოდი? 4.5-მილიონიანი ქვეყნისთვის ფინალში თამაშიც ზეწარმატებაა. თუმცა, მოდი, ამჯერად სენტიმენტებს შევეშვათ და ჩემპიონატის კულუარებში შევიხედოთ.
ჩვენი დღევანდელი ისტორია 20 წლის წინ დაიწყო, როცა ფრანგმა ჟანდარმმა ხორვატთა მწვრთნელს საფორმო ქუდი აჩუქა გერმანელი ფანატისგან დაჭრილი მეწყვილის სახელზე.
„თუ ამას შეუძლია, ორი შვილის მამას სიცოცხლე შეუნარჩუნოს, მზად ვარ, ქუდი სიცოცხლის ბოლომდე ვატარო“- განაცხადა მიროსლავ ბლაჟევიჩმა, ხორვატიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა.
„ჩირომ“ სიცოცხლის არა, მაგრამ ტურნირის დასრულებამდე ატარა ჟანდარმის ქუდი, დაჭრილი ჟანდარმი გამოკეთდა, ხორვატიამ კი მისთვის სადებიუტო 1998 წლის მონდიალი მესამე ადგილზე დაასრულა.
გამოხდა 20 წელი…

4 ივნისს ხორვატი პოლიციელი დამირ რიბარიჩი ჩვეულებრივ გამოცხადდა სამსახურში, თუმცა თავად მორიგეობა იყო არაჩვეულებრივი – ინგლისიდან ჩამოსული ხორვატიის ნაკრების ავტობუსი აეროპორტიდან მშობლიური ოპატიას (7850 მოსახლე) სასტუმრო „ოპატია მილენიუმამდე“ უნდა გაეცილებინა. საფეხბურთო ქომაგის 30-წლიანი სტაჟის მქონე დამირმა კი მომენტით ისარგებლა და ხორვატთა დამრიგებელ ზლატკო დალიჩს საფორმო ქუდი გადასცა: „1998 წელს „ჩიროს“ ფრანგი ჟანდარმის ქუდმა წარმატება მოუტანა. წაიყოლეთ რუსეთში ხორვატი პოლიციელის ქუდი. იმედია, წარმატებას მოგიტანთ“.
დალიჩმა საჩუქარი გამოართვა. სანაცვლოდ ხორვატიის ნაკრების მაისურს დაპირდა, მაგრამ ჟურნალისტების ალყაში მოექცა და ბარტერი არ შედგა…
დამირ რიბარიჩი დარწმუნებული იყო, რომ ნაკრების დამრიგებელს მიავიწყდა მისი საჩუქარიც და დაპირებაც, სანამ ინგლისთან ნახევარფინალური მატჩის შემდეგ დალიჩის პრესკონფერენციას არ უყურა:
– ივნისში, ოპატიაში ყოფნისას იქაურმა პოლიციელმა ქუდი მაჩუქა და მითხრა, რომ წარმატებას მომიტანდა. მე „ჩირო“ არ ვარ და ქუდს არ ვატარებ, თუმცა სასტუმროს ნომერში ვინახავ. უნდა ვიპოვო ის პოლიციელი და დაპირებული სანაკრებო მაისური გადავცე, – თქვა ჟურნალისტებთან შეხვედრისას დალიჩმა.
ნაკრების მწვრთნელს დამირ რიბარიჩის პოვნა ხორვატმა ჟურნალისტებმა დაასწრეს და რიგითი პოლიციელი ქვეყნის მასშტაბით ცნობად და პოპულარულ კაცად აქციეს.
ჟურნალისტების ყველაზე ხშირი შეკითხვა იმას ეხებოდა, ქუდის გაჩუქებამ სამსახურში პრობლემა ხომ არ შეგიქმნაო.
„რაც გავაკეთე, გულით იყო და რომც დავესაჯე უფროსობას, არ ვინანებდი. თუმცა, სახლში კიდევ ორი სათადარიგო ქუდი მაქვს”, – უპასუხა პოლიციელმა.
დამირ რიბარიჩის ზღაპარი ამით არ დასრულებულა – ხორვატთა მწვრთნელმა ფინალურ მატჩზე პერსონალურად დაპატიჟა და წუხანდელ თრილერს რიგითმა პოლიციელმა პატარა ოპატიადან ვიპლოჟიდან ადევნა თვალი.
