კატალონიური „სპორტი” წერს, რომ საფრანგეთის ნაკრები მეტისმეტად მაღალი კლასის გუნდი იყო საიმისოდ, რომ ფინალში მისთვის ხორვატიას მოეგო და „ბარსას” ფეხბურთელების მსოფლიოს ჩემპიონობას ზეიმობს.
„საფრანგეთმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ხორვატიას 4:2 მოუგო, რაც იმას ნიშნავს, რომ „ბარსელონას” ორი ფეხბურთელი შინ ოქროს მედლით ბრუნდება — სამუელ უმტიტი და ოსმან დემბელე საფრანგეთის გამარჯვებული ნაკრების წევრები იყვნენ.
დაჯილდოების ცერემონიალზე ორივემ, როგორც მცველმა ასევე თავდამსხმელმა, ოქროს მედლები მიიღეს, თუმცა მათი მნიშვნელობა ნაკრებისთვის ძალიან განსხვავდებოდა. უმტიტი დიდიე დეშამის საიმედო ფიგურა და სასტარტო შემადგენლობის წევრი იყო, დემბელე კი კანტიკუნტად ჩანდა მოედანზე. ფორვარდმა ხელიდან გაუშვა ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრების შესაძლებლობა და ნაცვლად იმისა რასაც თავიდან იმედოვნებდა, მეტწილად სათადარიგოთა სკამზე იჯდა”, — წერს „სპორტი”, რომელსაც არც უმტიტის მიერ ნახევარფინალში, ბელგიის ნაკრების კარში გატანილი გადამწყვეტი გოლი დავიწყებია.
კატალონიური გამოცემა ამაყობს იმითაც, რომ „ბარსელონას” ვერცხლის მედალოსანი ივან რაკიტიჩი ჰყავს. გაზეთი წერს, რომ ხორვატებმა რუსეთში ფანტასტიკურად ითამაშეს და მეორე ადგილზე გავიდნენ.
„და ბოლოს, კიდევ ერთ ბარსელონელს მოაქვს შინ მედალი — ბელგიელმა თომას ვერმაელენმა ბრინჯაო მოიპოვა”, — ხარობს „სპორტი”.