რაც უფრო ახლოვდება მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი, მით უფრო დიდია საფრთხე იმისა, რომ ამ ფინალურმა მატჩმა ვერ ივარგოს. ამის მწარე გამოცდილება საერთაშორისო ფეხბურთის გულშემატკივრებს აქვთ.

თორმეტი წელიწადია, გემრიელი ფინალი არ ყოფილა. თორმეტი წელიწადია, ფინალში თამაშიდან გოლი არ გასულა. სინამდვილეში, ეს თორმეტი წელიწადი ბოლო ორი ჩემპიონატის ფინალურ მატჩებს გულისხმობს. 1994 წელს, ლოს ანჯელესის „როუზ ბოულზე“ ბრაზილიელები და იტალიელები ორ საათს ებრძოდნენ ერთმანეთს, მაგრამ არაფერი გამოვიდა. გოლი არ გასულა და სანამ ფრანკო ბარეზიმ და მაშინ კიკინიანმა რობერტო ბაჯომ პენალტები არ ააცილეს, თამაში არ დამთავრდა.

არსებობს გამორჩეულად ლამაზი ფრეები. ასეთი ამ კვირის დასაწყისშიც იყო სენტ ეტიენში. ასეთ დროს მღელვარება საოცრად ეხმარება ოსტატობას და სანახაობს. „როუზ ბოულზე“ კი სანახაობა ვერ შედგა. ერთადერთი თემა, რომელიც სახალხოდ გამოიკვეთა ფინალის შემდეგ, იყო შეხვედრის 106-ე წუთზე ბრაზილიელთა რიგში შემოსული პაულუ სერჟიო როზას თამაში. პაულუს სერიჟიო როზა – იგივე ვიოლა. ხომ გახსოვთ? ახლა, მგონი, ლიგა პაულისტაში თამაშობს. ვიოლა რა მაგარიაო. საჯარიმოში რარიგ დატრიალდაო. აი, ეს იყო სალაპარაკო. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი უფრო სხვა რამით უნდა დაამახსოვრდეს კაცს. არც ის არის ბევრი, რომ მაშინ პალიუკამ ძელიდან ასხლეტილი ბურთი დაიჭირა.

განა არ ვიცი? „როუზ ბოულზე“ ორი ძალიან ძლიერი გუნდი იდგა ერთმანეთის პირისპირ. მაგრამ ამ გუნდებმა ფინალის ღირსი თამაში ვერ გასწიეს. ფინალი ხომ მაშინ გამოდის საინტერესო, როცა იქ რამდენიმე ამბავი შეეხამება ერთმანეთს და გუნდის თამაშში თანაბარძალოვნად გახმიანდება. და არა მაშინ, როცა ყველა სხვა ფაქტორი რომელიმე ამათგანის სამსახურში ჩადგება. ვთქვათ, სიფრთხილისა. როცა მთელი გუნდური ენერგია, ცოდნა და ოსტატობა სიფრთხილეს დაექვემდებარება, თამაშიც უფერულია.

როგორც გინდა ისე გაიგეთ და 0:0 სამარცხვინო ანგარიშია ფინალისთვის. ნებისმიერ სიტუაციაში.

ეს ამხელა მსოფლიო ჩემპიონატი იმიტომ არ იმართება, რომ ფინალში ერთი ვერ მოიქნიონ ისეთი, რომ ბურთი კარის ხაზს გადასცილდეს.

გამიგონია, ფეხბურთის ერთგვარი სილამაზე ნულოვანი ფრეც არისო, მაგრამ თუ ეს ასეა, ძალიან და ძალიან იშვიათად უნდა იყოს ასე. 0:0 დამთავრებული თამაშებიც არის მაღალი დონის და საინტერესო, რა თქმა უნდა, მაგრამ, აბა, რომელი ჯობია – საინტერესო და მაღალი დონის 0:0, თუ ასეთივე 2:2?

ის კი არა, მე თუ მკითხავთ, ფინალი ერთი გოლისთვისაც ცოდოა. ცოტაა ერთი გოლი ფინალურ მატჩში. აი, რვა წლის წინათ რომის ოლიმპიურ სტადიონზე გაიტანა ანდრეას ბრემემ პენალტი და გადაწყვიტა ჩემპიონობის ბედი. ლამაზი და შთამბეჭდავი ფინალი იყო? მე თუ მკითხავთ, 1990 წლის ჩემპიონატის ფინალს მისი ორივე ნახევარფინალი სჯობდა. ორივე ფრედ დასრულდა, მაგრამ ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა ფრე იმას გამოხატავს, რასაც უნდა გამოხატავდეს. ორივე ნახევარფინალი, არგენტინა – იტალია და გერმანია – ინგლისი დაუვიწყარი იყო.

ბოლო ორი ჩემპიონატია, რაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურმა მატჩმა გოლების მხრივ, სულის ღაფვა დაიწყო. მანამდე კი ფინალში არასოდეს გასულა სამ ბურთზე ნაკლები. ასე იყო 1934 წელს, როცა იტალიამ 2:1 მოუგო ჩეხოსლოვაკიას. ასე იყო, როცა 1974 წელს გერმანიამ ასეთივე ანგარიშით სძლია ჰოლანდიას და ასე იყო, როცა 1950 წელს, „მარაკანაზე“ ურუგვაის ნაკრებმა მასპინძელი ბრაზილიელები დაამარცხა არა ფინალურ, არამედ უბრალოდ გადამწყვეტ შეხვედრაში.

ამ შემთხვევათა გარდა, ფინალში გამარჯვებულებს, ანუ მსოფლიოს ჩემპიონებს, ფინალურ მატჩში ყოველთვის გაჰქონდათ სამი და მეტი გოლი. ყველაზე მეტი ბურთი ფინალურ შეხვედრებში ბრაზილიელებმა გაიტანეს. მათი მონაწილეობით, 1958 წელს შვედეთში გამართულ ფინალში შვიდი გოლი გავიდა. ბრაზილიამ 5:2 მოიგო და საერთოდ, ბრაზილია ერთადერთი გუნდია, რომელმაც არა ერთხელ, არამედ ორჯერ (1970 წელსაც) სამი ბურთის სხვაობით მოიგო ფინალური შეხვედრა. ასეთი რამისთვის ჯერ არავის მიუღწევია.

განთქმული 2:1-თან ერთად ფინალის სხვა ასევე პოპულარული ანგარიშებია 3:1 და 4:2. 3:1 დასრულებულა 1962, 1978 და 1982 წლების ფინალური მატჩები. შესაბამისად ბრაზილიასა და ჩეხოსლოვაკიას, არგენტინასა და ჰოლანდიას და იტალიასა და გერმანის შორის. 4:2 კი პირველ ჩემპიონატში ურუგვაელებს მოუგიათ არგენტინელებისთვის, მესამეში – იტალიელებს უნგრელებისთვის, 1966 წელს კი ინგლისელებს გერმანელებისთვის. ასე რომ, ფინალს გარკვეული ადათი გააჩნდა, ვიდრე 1990 წელი არ დადგებოდა. კიდევ ორი შეხვედრა 3:2 დასრულდა. ასეთი ანგარიშით მოუგო გერმანიამ უნგრეთს 1954 წელს და არგენტინამ გერმანიას 1986 წელს.

მაშ, რა ეტაკა ფინალურ თამაშს?

ამბობენ, ფეხბურთი განვითარდაო, მაგრამ თუ ისე განვითარდა, რომ ფინალურ შეხვედრაში გოლები აღარ გავიდა, ეგ რაღა განვითარებაა? ფეხბურთი კი მართლაც განვითარდა, უსწრაფესი გახდა. იმგვარად ჩაერია მძლეოსნობა და ძალოსნობა, რომ ფეხბურთის თამაში თითქმის შეუძლებელი გახდა.

წლევანდელ ჩემპიონატზე ვერ იტყვი, საცქერად უვარგისიაო. მის საერთო დონესაც დიდად ვერ დაიწუნებ. გუნდების რაოდენობის გათვალისწინებით, იმაზე მაღალიც კია, რასაც კაცი ელოდა. გოლებიც უხვად გადის. ამიტომ უნდა გამოველოდეთ, რომ ფინალშიაც ერთი ამბავი მოგველის. მაგრამ აქ ერთია – ამ ჩემპიონატზე მართლაც ბევრი და ლამაზი გოლი გადის. ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ 2:2 ყველაზე პოპულარული ანგარიშია. მაგრამ ძალიან ბევრი გოლი გადის სტანდარტული მდგომარეობიდან. ეს რა თქმა უნდა, გუნდების დიდ მომზადებაზე მეტყველებს, მაგრამ ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი სილამაზე ისიც ხომაა, რომ მომენტი მოძრავი ბურთით იწყება. გაჩერებული ბურთი კი – ძალიან ლამაზია, მაგრამ მაინც სტანდარტულია. ჩემპიონატის ულამაზესი გოლები ამჯერად უფრო ინდივიდუალურ გარღვევათა შედეგია. ასე გაიტანეს თითო ლამაზი გოლი ტორე ანდრე ფლომ, მუსტაფა ჰაჯიმ, ადრიან ილიემ და პიერ ნჯანკამ. ეს ოთხი ლამაზი გოლი საოცრად ჰგავდა ერთმანეთს. ფლანგიც და დასარტყმელი პოზიციაც კი ერთიდაიგივე იყო, ისე რომ, აბა და კომბინაცია, ერთი-ორი და ამბავი, იშვიათად რომ სილამაზით თვალი მოეწყვიტა. და კიდევ ძალიან ბევრი პენალტი. პენალტიც გოლია. მაგრამ უაღრესად სტანდარტული.

ჩემპიონატის ჯერჯერობით საუკეთესო შეხვედრაში ინგლისს და არგენტინას შორის ოთხი გოლი გავიდა. აქედან ორი პენალტი გახლდათ. თუნდაც ერთი თვის წინათ, მსაჯი ამ პენალტებიდან არც ერთს არ დანიშნავდა. სამაგიეროდ დანიშნავდა ორ სხვას, რომლებიც კიმ ნილსენმა არ დანიშნა. მაგრამ ახლა მთავარი ეს არ არის. კიდევ ერთი გოლი გავიდა მახვილგონივრულად გათამაშებული ჯარიმის წყალობით. ესეც სტანდარტული სიტუაციაა. და მხოლოდ მაიკლ ოუენის გარღვევამ გაგვახსენა იმ მატჩში, რომ ფეხბურთში ჯერ კიდევ შესაძლებელია გადაირბინო ნახევარი მოედანი და გოლიც გაიტანო. მაგრამ ეს გოლიც ვარსკვლავის შესაძლებლობებსა და თვისებებზე იყო დაფუძნებული. ინდივიდუალური იყო, მოკლედ რომ ვთქვათ.

საგოლე კომბინაცია, ბურთის საგოლედ გათამაშების სილამაზე, მაშინ თუღა ჩანს, როცა თამაში ღიაა, ან ძლიერი სუსტს ეთამაშება. თუ გუნდი დაცვაში ჩაგიდგა და თავს კვალიფიციურად იცავს, ძალიან ძნელია, რომ საგოლედ წამოწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანო. ასე დაემართა საფრანგეთს პარაგვაისთან და ასე დაემართა არგენტინას ინგლისთან. არგენტინელთა ზღაპრული ტექნიკა ინგლისელთა საჯარიმოსთან გაუვალ ჯებირს აწყდებოდა. გამოსავალი ერთია. მცველს უნდა შეეშალოს. თანაც არა პოზიციურად, ან ოსტატობის ამბავში, არამედ, სრულიად მექანიკურად. ისე, როგორც მექსიკელი მცველი შეცდა გერმანელებთან შეხვედრაში.

მოკლედ, მთელი ამბავია, წინ კიდევ ფინალი.

მოვლენათა არსიდან გამომდინარე, ჩვენ გოლებს უნდა ველოდეთ. სამზე ნაკლები არაფრით უნდა იყოს. თუ სამზე ნაკლები იქნა და, მაშინ მთელ ამდენ სირბილსა და ჭაპანწყვეტას შესაფერისი დაბოლოება ვერ ექნება. მიუხედავად ყველაფრისა, იმიტომ, რომ ფინალი ყოველთვის ბევრ გოლს და მრავალფეროვან თამაშს ნიშნავდა. ასე იყო, თუ არ ჩავთვლით, „როუზ ბოულს“ და ენდი ბრემეს მოქნეულს.

წელს რაღა ასეთი ჭირი უნდა ეტაკოს?

გოლის გამტანი ხალხი ჩემპიონატს არ აკლია. ორი ასეთი კაცი ფინალშიც უნდა მოხვდეს. ამიტომ, გოლების იმედით ფინალის ლოდინიც შეიძლება. მით უმეტეს, მთელი ჩემპიონატი გვიმტკიცებენ, გოლის გატანა აღარ არის პრობლემაო, პრობლემა კომბინაციის დასრულებაა.

გუნდებმა კი აუცილებლად უნდა მიბაძონ არცთუ შორეულ წინაპრებს. ფინალში გოლების გატანა ღირსების საქმეა, თორემ ჩემპიონობა რომ პენალტებითაც ისევე სასიხარულოა, როგორც ადამიანური გონებით, ყველამ ვიცით.

მე ხუთი გოლის იმედი მაქვს.

გაუშვი, იყოს ექვსიც.

04.07.1998

წილი
წინა სტატიამსოფლიოს ჩემპიონატმა სიტი გაამდიდრა
შემდეგი სტატიაფინალს წვრილმანები იგებს
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.