დიდიე დეშამმა საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელებს უთხრა, რომ მათი წარმატება სამ რამეზე — სიმშვიდეზე, საკუთარი თავის რწმენასა და კონცენტრაციაზეა დამოკიდებული.
„ლურჯებს” დღეს, ხორვატიასთან ფინალში ფავორიტებად მიიჩნევენ, მაგრამ დეშამს კარგად ახსოვს ორი წლის წინანდელი, როდესაც „ევრო 2016″-ის ფინალში მისი გუნდი პორტუგალიასთან ასევე ფავორიტად ითვლებოდა. მაშინ საფრანგეთი დამარცხდა. გუშინდელ პრეს-კონფერენციაზე დეშამმა თქვა:
„ასეთ შეხვედრაში მონაწილეობაზე სასიამოვნო და საამაყო არაფერია. პროფესიონალი ფეხბურთელისთვის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში თამაშს არაფერი სჯობს. ჩვენ ამ შეხვედრისთვის მაქსიმუმს ვაკეთებთ, შეძლებისდაგვარად საუკეთესოდ ვემზადებით. აუცილებელია ვიყოთ მშვიდად, წამით არ შეგვერყეს საკუთარი თავის რწმენა და სრული კონცენტრაცია შევინარჩუნოთ. სიმშვიდე, რწმენა და კონცენტრაცია — ეს სამი ფაქტორი გადამწყვეტია. ჩვენ ვცდილობთ ყურადღება სწორედ ამ სამ საკითხზე გავამახვილოთ, რადგან ვფიქრობთ, რომ ფინალში გამარჯვება მათზეა დამოკიდებული”.
დეშამს ეჭვი არ ეპარება, რომ დღევანდელი საფრანგეთის ნაკრები ორი წლის წინანდელზე ძლიერია, მაგრამ მდგომარეობას საღად უყურებს და აღიარებს, რომ გამოცდილების თვალსაზრისით ხორვატი ფეხბურთელები ფრანგებს აღემატებიან.
„მე მყავს 14 ფეხბურთელი, რომლებიც ნაკრებში „ევრო 2016″-ის შემდეგ ავიყვანე და მათ მხოლოდ აქ, რუსეთში გაიგეს, რას ნიშნავს დიდ ტურნირზე თამაში. ამიტომ ვამბობ, რომ მართალია ოსტატობა საკმარისი გვაქვს, მაგრამ გამოცდილება გვაკლია.
ხორვატებს კი საკლუბო ფეხბურთში ძალიან გამოცდილი მოთამაშეები ჰყავთ, თან ისინი დიდი ხანია ერთად არიან, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ყველა გუნდი რომელიც აქ, მსოფლიოს ჩემპიონატზე შეგვხვდა, გამოცდილებით გვჯობდა”, — თქვა ფრანგთა თავკაცმა.
შემდეგ 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა ისაუბრა იმ 9 მოთამაშეზე, რომლებიც მას ევროპის ბოლო ჩემპიონატზეც ჰყავდა და რომლებმაც საკუთარ თავზე გამოცადეს, რა მწარეა უმნიშვნელოვანეს მატჩში დამარცხება.
თუ საფრანგეთის ნაკრები დღეს ტიტულს მოიპოვებს, დიდიე დეშამი ბრაზილიელი მარიო ზაგალოსა და გერმანელი ფრანც ბეკენბაუერის მსგავსად გახდება მსოფლიოს ჩემპიონი ფეხბურთელი რომელმაც მწვრთნელის რანგშიც აღმართა ფიფას თასი.
დეშამმა განაგრძო: „ფეხბურთელი მსახიობს ჰგავს, ხოლო მწვრთნელი მოთამაშეების საშუალებით მოქმედებს. დღეს მე მთლიანად ჩემი ფეხბურთელების სამსახურში ვარ, თუმცა უშუალოდ თამაში მათ ხელშია. ფეხბურთელი ფიზიკურად იღლება, მწვრთნელს კი უდიდესი ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვს. ეს სულ სხვანაირი ქანცგაწყვეტაა”.
და ისევ შედარება 2016 წელთან. საყოველთაო აზრით მაშინ, საფრანგეთის ნაკრებს გერმანიასთან ნახევარფინალში გამარჯვების შემდეგ თავი უძლეველი ეგონა და ამიტომაც დაისაჯა. დღეს დეშამი ასე ამბობს:
„არანაირ ეიფორიას არ განვიცდით, დანარჩენი კი გამოჩნდება. ყველა მწვრთნელმა იცის, რომ ასეთი მატჩებს დეტალები, ხშირად კი ერთი შეხედვით ირაციონალური ნიუანსები იგებს”.