საფრანგეთი მსოფლიოს ჩემპიონია! „მამლები“ გაუთანაბრდნენ ურუგვაისა და არგენტინას, ახლა უკვე ორჯერ აქვთ მოგებული მონდიალი.

რა დაბედებული აქვთ ეს 18. აბა, ნახეთ:

1938 – შინ ჩაატარეს; 1958 – მესამეზე გავიდნენ, ჟიუსტ ფონტენმა კი 13 გოლი გაიტანა, რაც უნიკალური შედეგია; 1978 – რომანტიკული თაობა სწორედ მაშინ წამოვიდა მიშელ პლატინის მეთაურობით; 1998 – პირველად გახდნენ ჩემპიონები; 2018 – მეორედ… ყოველ ოც წელიწადში აყივლდება ხოლმე მამალი.

მოსკოვის ფინალში ხორვატიას ნაკლებად არ უთამაშია, პირველ ტაიმში აჯობა კიდეც დიდიე დეშამის გუნდს. ვინ იცის, რა თამაში წავიდოდა, მარიო მანჯუკიჩი და ივან პერიშიჩი თავიანთ ნახევარზე რომ დატეულიყვნენ და დაცვის დასახმარებლად არ ჩასულიყვნენ. ბედია, იქით გაიტანეს, აქეთ მათი შეცდომებით გავიდა გოლები – უცნაური ბედი.

ენა ვის მოუბრუნდება, რომ ხორვატიაზე ცუდი თქვას, ან მათ ფინალში გასვლას დაუმსახურებელი დაარქვას.

რა ჰქონდა საფრანგეთს ისეთი, რაც არ ჰქონდათ სხვებს? კლასი და იღბალი დამამთავრებელ ფაზაში. ფლეი-ოფის ოთხ მატჩში რაც დაარტყეს, თითქმის იმდენივე გაიტანეს. დღესაც, თითქოს არაფრისგან ოთხი მომენტი გოლად აქციეს.

დეშამი-ფეხბურთელიც იღბლიანი იყო და დეშამი-მწვრთნელიც. თუმცა არც ის დაგვავიწყდეს, ორი წლის წინ ევროპის ჩემპიონატის ფინალი რომ წააგო და არც ის, რომ ძლიერებს უმართლებთ.

კილიან მბაპე – საფრანგეთის პირველი ჩემპიონობის დროს, ის დაბადებულიც არ იყო. მასზე, შესაძლოა, მონდიალის რჩეულფეხბურთელობაც ალალი ყოფილიყო, მაგრამ საუკეთესო ახალგაზრდად დაასახელეს და ესეც კმარა.

ლუკა მოდრიჩი – საუკეთესო ის გახდა და მასზე ყველაფერი ალალია. გული, სული და ხერხემალი ერთად. თუ რამე ეპითეტებია, ამ მომცრო ტანის კაცზე ყველაფერი ითქმის.

შემდეგი გაჩერება – ყატარი, ოღონდ არა ოთხ წელიწადში, არამედ ოთხწელიწადნახევარში. ყატარში ივნის-ივლისში ქვა დნება და ფეხბურთელს რა მოუვა?! აბა, 2022 წლის 21 ნოემბრამდე!

 

წილი
წინა სტატიაჯანის არ გაეკარო!
შემდეგი სტატიაფუსი რიოტის პოლიტიკური აქცია ფინალში
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...