საათებიც და რუსეთის მონდიალი ისტორიის კუთვნილება გახდება. ჩაუჯდებიან მერე სტატისტიკოსები და მისხალ-მისხალ აწონიან და გაზომავენ თითოეული ფეხბურთელის პასებსა თუ განარბენ კილომეტრებს. რიგითი საფეხბურთო გურმანისთვის კი სტატისტიკა მკვდარი ციფრებია, არაფრის მეტყველი და უემოციო. მის მეხსიერებაში მხოლოდ გამორჩეული მატჩები და ფრაგმენტები რჩება.
მაინც რა დაილექა რუსული მონდიალის შემდეგ?
იყო რამდენიმე ზღაპრული თამაში, ალაგ-ალაგ კარგიც და გაცილებით მეტი მოსაწყენი ანაც იოლად პროგნოზირებადი. მოკლედ, ისევე, როგორც ყველა სხვა მონდიალზე. ბომბარდირიც კი ბოლო ათწლეულების ტრადიციით, 6 გოლის გამტანი (ინგლისელი ჰარი კეინი) ხდება…
მაშ რაღაა ახალი? ეგებ ის, რომ საფეხბურთო მოედანი თანდათან პოდიუმს ემსგავსება? ხომ არ გენიშნათ – რაც მეტი მოდელი ჰყავდათ ნაკრებებს, მით ადრე ჩაალაგეს ბარგი. ფინალურ ოთხეულს ის გუნდები შემორჩნენ საფეხბურთო ჰარი პოტერები რომ არ ჰყავდათ შემადგენლობაში და საკუთარი ამბიციის, ეროვნული თავმოყვარების, ანაც თანდაყოლილი ბრძოლისუნარიანობის ხარჯზე გაიტანეს ლელო.
ინგლისმა მხოლოდ სამომავლო გუნდი გამოფინა, ბელგიამ ვარსკვლავთკრებულად წოდებული შემადგენლობით, ალბათ, მაქსიმუმს უწია, ფინალამდე კი აბსოლუტურად სხვადასხვა ფსიქოლოგიური წყობის ორმა გუნდმა გააღწია.
ბევრი ვაკრიტიკეთ ფრანგთა დამრიგებელი დიდიე დეშამი ზედმეტად პრაგმატული ფეხბურთის გამო, მაგრამ მატჩიდან მატჩამდე ფრანგებმა სულ უფრო სახიფათოდ დაიწყეს ჩხვლეტა.
დეშამის შეგირდთა უმრავლესობა გამარჯვებებით გაუმაძღარი ბიჭია და რა ეკეკლუცებათ – ეროვნული გმირობაც, სუპერვარსკვლავობაც და თავბრუდამხვევი კარიერაც ხელის გულზე უდევთ. გგონიათ, ასე იოლად დათმობენ შანსს? ეს ბიჭები ჰარლემიდან გამოსულ ჭაბუკებს ჰგავნან, ვისთვისაც ცხოვრებამ შანსი გაიმეტა და არავის დაანებებენ.
ხორვატია სულ სხვა ფენომენია. მხოლოდ დღეს და წელს არა. ამ ერთიბეწო ქვეყნის წარმომადგენლებში ისეთი ენერგიაა აკუმულირებული და ისეთი გონორით გამოდიან მოედანზე, გეგონება, მთელ მსოფლიოს გამოუცხადესო ომი.
შეშინებული ხორვატი ფეხბურთელი თუ გინახავთ, ორთაბრძოლისას წვივი რომ დაზოგოს ან თეატრალურ მანჭვა-გრეხას მოჰყვეს მოედანზე? ამაშია საქმე!
ნებისმიერ შემთხვევაში უმაგრეს ფინალში პატივმოყვარეობა და ამბიცია მოჭადრაკული დროშის თავდადებულ ჯარისკაცებს დაეჯახება.
საფეხბურთო მენცნიერებს უყვართ ხოლმე შეკითხვა, რა მოგვცა მონდიალმაო? არც არაფერი უნდა მოეცა სანახაობის გარდა, რადგან მონდიალი მეტისმეტად სერიოზული ასპარეზია საფეხბურთო ექსპერიმენტებისა და რევოლუციური მიგნებების დემონსტრირებისთვის.
ჰოლანდიელებს ტოტალური ფეხბურთი პირდაპირ მუნდიალზე არ გამოუფენიათ – რინუს მიხელსი „აიაქსში“ ამზადებდა შენელებული მოქმედების ბომბს.
არც იტალიური კატენაჩო იყო მონდიალიაწინა შეკრების პროდუქტი.
ესპანელთა „ტიკი-ტაკაც“ წლობით ცხვებოდა „ბარსას“ აკადემიაში.
მონდიალი კონკრეტული ტურნირია – მწვრთნელის, ფეხბურთელების, გუნდში მორალური კლიმატის, არბიტრის ან სულაც ატმოსფერული წნევის და იღბლის -უამრავი ნიუანსის თანხვედრისას რომ იძლევა შედეგს.
ფრანგებისა და ხორვატების შემთხვევაში იდეალური თანხვედრა მოხდა. ოსტატობა არავის დაეწუნება. თუ სიურპრიზებზეა საუბარი, ფრანგებისგან უნდა ველოდეთ და ემოციურ ფონზე ხორვატები აგებენ პასუხს.
ვინ იტყვის, რომ ფინალამდე უფრო მაგარი ნაკრები ვერ მივიდა? მწვერვალზე მხოლოდ საუკეთესოები ადიან.