ჩემპიონატი მთავრდება. რაღა დარჩა?

ოთხიოდე თამაში. მაგრამ ეს ოთხიოდეა, კაცს რომ გულს უხეთქავს. თუმცა, ამ ოთხიდან ერთი, მატჩი მესამე ადგილისთვის (ასე ჰქვია ოქმებსა და ქაღალდებში დამარცხებულ ნახევარფინალისტთა შეხვედრას), ყოველთვის სულელურია ხოლმე. უეფა დიდი ხნის მიხვედრილია იმას, დიდი შეჯიბრის ნახევარფინალისტი ისე არ უნდა დაამცირო, რომ რაღაც სულელურ თამაშში კიდევ უფრო სულელური მედლებისთვის საბრძოლველად გამოიყვანო მოედანზე.

რა უაზრობაა.

მაგრამ უაზრობა გრძელდება და ახლა ქომაგებმა არ იქნება, არ გაიხსენონ ყველა ის ყოვლად სულელური „მატჩი მესამე ადგილისთვის“. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინა დღით რომ იმართება ხოლმე. ამ მატჩს ერთადერთ შემთხვევაში აქვს ხოლმე სერიოზული დატვირთვა, როცა მესამე ადგილისთვის მებრძოლნი იმგვარად საშაულო გუნდები არიან, რომ დიდ პატივად უჩანთ ეს საქმე – მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილი.

ისე იყო ოთხი წლის წინათ ამერიკაში, როცა მესამე ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს შეებნენ დანჩო ლეჩკოვის მოტვლეპილი თავის შარავანდედით გაბრწყინებული ბულგარელები და სუპერსაშუალო ჯიგრის, სულის და ოსტატობის ხორცშემსხმელი შვედები. თითქოს ბრძოლა ფიცხელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ შვედურმა სკოლამ ხიხოთა ლაშქარს 40 წუთში მოუთავა ხელი და ოთხი ბურთიც გაუტანა. თითქოს, ბულგარელებს უნდა ებრძოლათ, მაგრამ რის ომი, რა ომი? მეოთხე ხომ ისეთივე საპატიო ადგილია, როგორც მესამე? ამიტომ თამაში დიდად არ გამოვიდა და ვერც გუნდების თანაბარმა ძალამ უშველა საქმეს. შვედები მაინც შვედები არიან, წესი, რიგი, მთელი ამბავი და რამე, გიჟმაჟ ბოლღარებს კი აბა ვინ გაუბედავდა რამეს? ნახევარფინალი უკვე ზღაპრული მიღწევა იყო.

ახალი საფეხბურთო დროის ყველაზე დიდი და ღირსეული „მატჩი მესამე ადგილისთვის“ კი მიუნხენში შედგა. ოლიმპიურ სტადიონზე, პოლონეთის ბრწყინვალე ნაკრებმა 1:0 მოუგო მარიო ზაგალოს (ისევ ეს ზაგალო!) მიერ გაწვრთნილ ჯაჯგურა ბრაზილიელებს. პოლონეთი დიახაც თავდაუზოგავად იბრძოდა ამ ჩემპიონატში და ეს ადგილიც (მესამე) თავითვის საპატიოდ და ღირსეულად მიაჩნია, მით უმეტეს, რომ მანამდე პოლონურ ფეხბურთს სადღაც ბნელ ადგილებში ეძინა. კარგი იყო 1978 წლის მესამეადგილოსანთა შეხვედრაც ენცო ბეარზოტის იტალიელებსა და ახირებულ კლაუდიო კუტინიოს ბრაზილიელებს შორის. ის შეხვედრა ბრაზილიელებმა მოიგეს 2:1. დასამახსოვრებელი კი ის იყო, რომ ორმა ბრაზილიელმა ნელინიომ და დირსეუმ ლამაზი შორეული დარტყმებით ჩაუსვეს ბურთები დინო ძოფს. ხმელი ფოთოლიო, ესაო, ისაო, მთელი ამბავი ატყდა. მე კი მაინც ის დამამახსოვრდა, რომ ნელინიოს საჩვენოდ ძალიან გრძელი სახელი და გვარი ჰქგნდა – მანუელ რესენდედე სატოშ კაბრალი.

ეს იყო და ეს, ამის შემდეგ საინტერესო „მატჩი მესამე ადგილისთვის” აღარ გამართულა.

ერთი მხრივ, ამის მიზეზი ის თუ იყო, რომ 1974-1978 წლებში ჩემპიონატებზე პლეი ოფები არ იყო, არამედ მხოლოდ A და B ჯგუფები, სადაც ოთხი ქვეჯგუფის ორ-ორი საუკეთესო გუნდი ნაწილდებოდა ოთხ-ოთხად. A და B ჯგუფებში პირველ ადგილებზე გასული გუნდები ფინალში ხვდებოდნენ ერთმანეთს, მეორეადგილოსნები კი „მატჩი მესამე ადგილისთვის“.

ეგებ ტკივილი, სინანული და იმედგაცრუება მაშინ იმდენად საგრძნობი და გადამწყვეტი არც იყო.

1974 წელს პოლონეთმა იგივე შემადგენლობა გამოიყვანა „მატჩში მესამე ადგილისთვის“, როგორც გერმანელთა წინააღმდეგ უკანასკნელ და გადამწყვეტ შეხვედრაში მაინის ფრანკფურტში. განსხვავება ერთადერთ კაცში იყო. ერთხელ შარმახმა ითამაშა, ერთხელაც დომარსკიმ. თითქმის ასევე მოიქცა მარიო ზაგალოც, რომელმაც ორად-ორი ფეხბურთელი შეცვალა პოლონელებთან გადამწყვეტი თამაშის შემდეგ. ასე რომ, ეს საკმაოდ სერიოზული საქმე იყო.

დაახლოებით ასე მოიქცნენ ბრაზილიელები და იტალიელები 1978 წელს, თუმცა შეცვლები იტალიელთა მხარეს მეტი იყო, ბრაზილიელებმა კი (აი, გიჟი კუტინიო) ზიკო არ ათამაშეს და მგონი, კიდევ ვიღაც შეცვალეს.

შემდეგ კი დაიწყო დიდი ნახევარფინალების ეპოქა, რომელიც მანამ არ ჩაფლავდა, სანამ იქ შვედეთი და ბულგარეთი არ გაძვრნენ. ის დიადი ეპოქა იყო, ჭეშმარიტად დიადი. ის ფრანგთა დამარცხების დაუვიწყარი საღამოების ჟამი გახლდათ. ის იყო წლები ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდისა, რომელმაც არ იკადრა, უფრო კი, სულიერადაც ვერ შეძლო მესამე ადგილისთვის თამაში. არც იყო შესაძლებელი და საკადრისი.

1982 წლის 8 ივლისს სევილიაში ალბათ, ყველაზე დრამატული, ყველაზე შთამბეჭდავი და ლამაზი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა. თამაში გერმანელებსა და ფრანგებს შორიმს 3:3 დასრულდა. ჯერ გერმანელები იგებდნენ, მერე ფრანგები. თამაში კი ფრედ დასრულდა და პენალტებში გერმანელებმა იმარჯვეს. ეს იყო გასაგიჟებლად ემოციური თამაში (დღეს მოკლულ დამატებით დროში ოთხი გოლი გავიდა) და ამ საოცარი, გამომფიტავი შეხვედრიდან სამი დღის თავზე საფრანგეთის ნაკრები ალიკანტეს „რიკო პერესის“ მინდორზე გავიდა, რათა ეთამაშა „მატჩი მესამე ადგილისთვის“, ფრანგთა გუნდის ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ოთხი ფეხბურთელი იყო იმ საოცარი ნახევარფინალიდან. შეცვლებისას კი გამოჩნდნენ ნაცნობი სახეები, მაგრამ საფრანგეთის ნაკრებს არაფერი ჰქონდა დასამტკიცებელი და არაფერი ჰქონდა მოსაგები. ჰოლანდიელებს კი, რა თქმა უნდა, ეამაყებოდათ მესამე ადგილი და გაიმარჯვეს კიდეც – 3:2. ეს იყო პირველი სავარჯიშო „მატჩი მესამე ადგილისთვის“ ახალ დროებაში.

ამას მოჰყვა კვლავ გერმანულ-ფრანგული ნახევარფინალი 1986 წლის ჩემპიონატზე და კვლავ გერმანელთა გამარჯვება, ამჯერად არცთუ მიმზიდველ მატჩში. მანამდე კი, ფრანგებმა ბრიტანელები გამოთიშეს შეჯიბრიდან. და კვლავ ფრანგები, მატჩში მესამე ადგილისთვის და მათ წინააღმდეგ კი არგენტინელთა მიერ ძლეული ბელგიის ნაკრები, რომელსაც ოთხეულში ყოფნა უდიდეს გამარჯვებად უჩანს. ბელგიელებმა ერთადერთი კაცი შეცვალეს, ვერკოტერენის ნაცვლად მომენსი გამოიყვანეს, ფრანგთა გუნდში კი კვლავ ოთხი კაცი დარჩა ნახევარფინალის გუნდიდან. საქმე დამატებითამდე მივიდა, იქ კი ფრანგებმა იმარჯვეს. ჯამში 4:2 და კვლავ წაამხანაგურო თამაში. ეს იყო მექსიკურ ქალაქ პუებლაში.

და აბა, რა გულით უნდა ეთამაშათ მატჩი მესამე ადგილისთვის იტალის და ინგლისის ნაკრებებს, რომლებმაც პენალტებით წააგეს თავიანთი ნახევარფინალები არგენტინელებთან და გერმანელებთან. ეს იყო 1990 წელს, როცა იტალია ჩემპიონატს მასპინძლობდა, ინგლისი კი ოცდაოთხწლიანი პაუზის შემდეგ როგორც არასდროს, ისე ახლოს იყო ფინალთან…

ეჰ, გაუთავებლად შეიძლება ამ გუნდების ბედზე ლაპარაკი იმ ჩემპიონატში, მაგრამ არა მათ „მატჩზე მესამე ადგილისთვის“, რომელიც იტალიამ კი მოიგო, მაგრამ გუნდების მატჩისშემდგომმა ერთობლივმა ფოტომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თავისი არსით ბრინჯაოს შეხვედრები უაზრობაა და მხოლდ მაშინ უნდა გაიმართოს, თუ ორივე გუნდი მოითხვოს, თავისთავად, სალაღობო და სასეიო თამაშებია, მაგრამ ნახევარფინალების შემდეგ და ფინალის წინ მათი ცქერა ყოველგვარ ემოციასა და საფეხბურთო ფიქრს არის მოშორებული.

ეს თამაშები ძალიან ჰგავს ვარსკვლავთა გასართობ თამაშებს. მეტი არაფერი.

ამიტომ გიჩრევთ, მატჩს მესამე ადგილისთვის ნუ უყურებთ. ნუ გამოიქცევით სამსახურიდან, შეგიძლიათ დათვრეთ, შეგიძლიათ აბაზანაში შეხვიდეთ და რეპორტაჟს წყლის ხმაურში უსმინოთ. არაფერი დაგაკლდებათ, რადგან მეორე დღეს ფინალია. ეგებ, ფინალში საერთოდ არ გავიდეს გოლი, მაგრამ მაინც ფინალია.

არ მიყვარს ეს „მატჩი მესამე ადგილისთვის“ და რა ვქნა?

მორჩა და გათავდა.

ახლა კი მარჩიელობაც შეიძლება – ვინ ითამაშებს ამ მატჩს?

ამ ოთხიდან არავის ვუსურვებ. ხალხი აქამდე მისულა, შენ კი… ფუჰ, „მატჩი მესამე ადგილისთვის“.

05.07.1998

 

წილი
წინა სტატიახორვატია — მინუს ხუთი
შემდეგი სტატიაკირსანი მოხსნეს
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.