ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციაში სამწლიანი ბუბუნის შემდეგ მიწა იძრა: ფედერაციის ეთიკის კომისიამ პრეზიდენტ კირსან ილუმჟინოვს უფლებამოსილება შეუჩერა. შეჩერება ამ შემთხვევაში მოხსნის ტოლფასია, რადგან ყალმუხეთის ექს-პრეზიდენტის თავზე იმდენი ღრუბელი დაგროვდა, ფიდეში მისი დაბრუნების ბავშვსაც აღარ სჯერა.

ილუმჟინოვი მსოფლიო ჭადრაკს თითქმის ყმაწვილკაცობაში, 1995 წელს ჩაუდგა და აღნიშნული ამბავი “სარბიელში” გიო ახვლედიანის სულ პირველი სვეტის თემადაც იქცა.

ბევრი სასარგებლო საქმის გაკეთება მოახერხა ილუმჟონოვმა, რომელთაგან ჭადრაკის კომერციული ელემენტის განვითარებას და შემოსავლების მოჭადრაკეთა ფართო მასებში უკეთ განაწილებას გამოვყოფდით, რამაც მაშინდელი მსოფლიო ჩემპიონ გარი კასპაროვის და საჭადრაკო ელიტის სხვა წარმომადგენელთა ბრაზი და ამბოხი გამოიწვია. წლების მანძილზე კასპაროვი დამოუკიდებლობას იჩემებდა, ალტერნატიული მსოფლიო ჩემპიონატების მოსაწყობად ფინანსებსაც წარმატებით შოულობდა და ბოლოს თაგვმა თხარა, თხარაო – სწორედ მისი ინიციატივით შექმნილი პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის მსოფლიო პირველობის ფინალი წააგო ვლადიმირ კრამნიკთან.

ილუმჟინოვი კი განაგრძობდა რევოლუციურ საჭადრაკო მოღვაწეობას. “ნიკაუტ-სისტემის” შემოღებამ მთლად ხაზი გადაუსვა საჭადრაკო კონსერვატიზმს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატების 2- ან 3- წლიან ციკლებს და მსოფლიო ჩემპიონებისთვის სასათბურე პირობების შექმნას გულისხმობდა. პრედენტენტის გამოსავლენად ტარდებოდა ზონალური, საზონათაშორისო და პრეტენდეტთა ტურნირების (ზოგჯერ მატჩებიც ოლიმპიური სისტემით). მათი გამარჯვებული შემდეგ ხვდებოდა მსოფლიო ჩემპიონს ერთადერთ მატჩში და იქაც თანაბარი შედეგის შემთხვევაში ტიტულს ვერ სწვდებოდა. ამ, წერილის ავტორის აზრით, უაღრესად უსამართლო მიდგომის გაუქმებით და მსოფლიო ჩემპიონის ყოველწლიური გამოვლენით, ილუმჟინოვმა ერთი დიდი საქმე ნამდვილად გააკეთა, მაგრამ ყველაფერი უკვე ისტორიას ჩაჰბარდა, დღეის ჭადრაკი ისევ ძველ რელსებზე მიგორავს და მაგნუს კარლსენთან შესახვედრად ისევ ათასი სანგრის აღებაა საჭირო.

მეორე მხრივ, ილუმჟინოვის მიერ ჭადრაკში მოზიდული ფინანსების წარმომავლობა და ხარჯვითი პარამეტრები ყოველთვის ნათელი როდი იყო, რაზეც, ქართულ ჭადრაკზე მახვილის დასმით, “სარბიელი” უკვე წერდა. მსოფლიო ჭადრაკის მეთაური და იმავდროულად, მაღალი რანგის რუსი მოხელე – ამგვარი კომბინაცია, ცხადია, ყოველთვის გააჩენს და აჩენდა კიდეც კითხვებს.

ილუმჟინოვს საქმე განსაკუთრებით 2015 წლიდან გაუფუჭდა, როცა იგი აშშ-ს სასანქციე სიებში მოხვდა სირიაში სამოქალაქო ომთან დაკავშირებით. ფიდე-ს პარტნიორებმა მასობრივად ცხვირი აიბზუეს და ფედერაციასთან ფინანსურ-სპონსორული კავშირები გაყინეს. შვეიცარიულ UBS-ბანკმა, ვისთანაც ფედერაცია ადამის დროიდან თანამშრომლობდა, მომსახურების გაგრძელებაზე უარი განაცხადა და ახალი ბანკების ძიებასაც წარმატება არ მოჰყოლია. ისე გამოვიდა, რომ ილუმჟინოვი იქცა მსოფლიო ჭადრაკის ყელში გაჩხერილ ძვლად და აქ იყნოსა სწორედ შემწვრის სუნი ბერძენმა საერთაშორისო ოსტატმა და ფიდეს მარადმწვანე (1986 წლიდან) ვიცე-პრეზიდენტმა გეორგიოს მაკროპულოსმა, რომელმაც შეფის ცხარე კრიტიკა დაიწყო და პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებზე, 2018 წლის ოქტომბერში, თავად აპირებს კენჭისყრას.

ადრე ერთი ოჯახი იყო: გეორგიოს მაკროპულოსი და კირსან ილუმჟინოვი

ილუმჟინოვი ლომივით იბრძოდა ბოლო თანამდებობის შესანარჩუნებლად (ყალმუხეთის პრეხიდენტი 2010 წლიდან აღარ არის), მოიგო სასამართლო პროცესებს მას-მედიის წინააღმდეგ და ფინანსური კომპენსაციებიც მიიღო, მაგრამ ისე ჩანს, რომ მისი დრო წავიდა: იგი არ აპირებს საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას ფიდე-ს პრეზიდენტის არჩევნებზე და აცხადებს, რომ მონდიალ-2018-ის ორგკომიტეტის თავმჯდომარის და რუსეთის ყოფილ ვიცე-პრემიერ არკადი დვორკოვიჩის დროშის ქვეშ დადგება. დვორკოვიჩს, რომელიც ცნობილი საჭადრაკო არბიტრ ვლადიმირ დვორკოვიჩის ძე გახლავთ, დღეისთვის ოფიციალურად 13 ქვეყნის საჭადრაკო ფედერაცია უჭერს მხარს, მაშინ როცა მაკროპულოსის კანდიდატურას 64 ფედერაცია ემხრობა. არის კიდევ ცნობილი ინგლისელი დიდოსტატი ნაიჯელ შორტი, რომლის “ყულაბაში” ჯერჯერობით მხოლოდ 6 ფედერაციაა, ასე რომ მომავალი არჩევნების შედეგები არცთუ ძნელად განსაჭვრეტი ჩანს: ბერძენმა მოითმინა და ალბათ მოიგებს კიდეც.

ილუმჟინოვს კი ის დროა, მადლობა ვუთხრათ და ცხვირსახოცი დავუქნიოთ…

წილი
წინა სტატია„მატჩი მესამე ადგილისთვის“
შემდეგი სტატიაჩელსის სარი
დავით გულუა
თუკი მეგრელი პატიოსანი გამოვიდა, ძრწოდეთ კახელებო. ნიჭზე კი ლაპარაკი ზედმეტია. უნიჭო მეგრელი ისტორიაში სულ სამი-ოთხი იყო. ჯანდაბას, ხუთი... დავით გულუა, წესიერ და ნიჭიერ მეგრელთა კატეგორიას განეკუთვნება რომელსაც კიდევ ერთი დიდი პლიუსი აქვს - თხემით ტერფამდე სარბიელელია