შედარებით თამამ, ლაღ გარემოში ჩატარდა ცამეტკაცას (რაგბილიგის) “სტეით ოფ ორიჯინ”-სერიის მესამე და დასკვნითი მატჩი ბრისბენში, “სანკორპ სთედიუმზე”. წინა თამაშების 80-ათასიანი აუდიტორიის ნაცვლად ამჯერად 50 ათასი ქომაგი ღრიალებდა მხიარულად და თვითონ თამაშიც უფრო სანახაობრივი გამოვიდა, რახან ახალი სამხრეთ უელსის ნაკრებს უკვე დაებევებინა სერიის მოგება ორი გამარჯვებით და მოტივაციაც, სერიის ყოველი თამაშის დიდი მნიშვნელობის მიუხედავად, ოდნავ ნაკლები გააჩნდა.
ქუინზლენდის ნაკრებს კარის გაჯახუნება სურდა, მითუმეტეს შინაურ კედლებში და ენერგიულად ათამაშდა, თუმცა პირველი ლელო არა “შინდისფერთა” მიძალების, არამედ “ლურჯების” შეტევისას გაკეთებული უტვინო პასის და ბურთის მიტაცების შედეგად დაიდო. ვალენტინ ჰოლმსის სპრინტერული უნარები ცნობილია და “ლურჯებს” მისი დაწევის შანსი არ ჰქონდათ. შემდეგ ქვინზლენდელთა ჩავარდნის ჟამი დადგა (36-ე წუთზე). ამჯერად მათ მოსტაცეს მეტოქეებმა ნესვა ბურთი ზედ სალელოე მოედანთან მისულთ. ტომ ტრბოევიჩმა ირბინა ბეჯითად და “შინდისფრებს” დაუმიწა, ხოლო სამი წუთის შემდეგ ჯეიმს ტედესკომ მახვილგონივრული კომბინაციის შედეგად ქუინზლენდის დაცვა შუაწელში გაჭრა და “ლურჯებს” პირველი ტაიმი 12:8 მოაგებინა.
თამაშის მეორე ნახევარში, ტოტალური კატასტროფის საფრთხემ (სერიის 0:3 წაგება) ქუინზლენდელები საფუძლიანად დაქოქა და ტაიმის საწყისი 20 წუთი მოედანზე ძირითადად შინდისფერი ჩანდა. ვალენტინ ჰოლმსმა მეორე ლელოც დადო (51-ე წუთი), ხოლო დეილი ჩერი-ევანსმა ექვს წუთში ერთიც უთავაზა სტუმრებს. 57-ე წუთზე დაფიქსირებული ანგარიში აგრემც არ შეცვლილა მატჩის ბოლომდე და ქუინზლენდელთა ქუჩაზეც დადგა ზეიმი. სერია კი ახალი სამხრეთ უელსის გამარჯვებით, 2:1 დასრულდა. მომავალ ზაფხულამდე!
