
„ფიფა რეკომენდაციას აძლევს საფეხბურთო ტელეტრანსლაციების ორგანიზატორებს, იშვიათად გამოაჩინონ კადრში მიმზიდველი ქომაგი გოგონები. როგორც ფიფას კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფედერიკო ადიეჩიმ განაცხადა, ეს აქცია სექსიზმთან ბრძოლის ფარგლებში განხორციელდება და მივიღებთ ზომებს იმის წინააღმდეგ, რაც არასწორია“.
სიმართლე გითხრათ, სანამ რამდენჯერმე არ გადავიკითხე, სრულად ვერ აღვიქვი მარაზმის მასშტაბი. ტრიბუნებზე ლამაზ გოგონებს ნუ აჩვენებთ – სექსიზმიაო (!).
რა არის სექსიზმი – ლამაზი გოგონა საერთოდ თუ ლამაზი გოგონა მაინც და მაინც საფეხბურთო რეპორტაჟში?
ფეხბურთი რომ კარგა ხანია შოუა და ეს ლამაზი კადრები საფეხბურთო პაუზებისას შოუს შემადგენელი ნაწილი, ფიფაში თუ სმენიათ რამე?!
შე ოჯახქორო, ეს სილამაზე თუ არ აჩვენე მსოფლიოს, მარტო იოაჰიმ ლიოვის ცხვირში ჩიჩქნის კადრებით რამდენჯერ გაართობ ქომაგს?
ელინურიდან მოყოლებული დღემდე კაცობრიობის ისტორია სექსიზმით ყოფილა დაღდასმული, რადგან ქალის მშვენიერებას აღმერთებდა მუდამ. „ჯოკონდაა“ სექსიზმი, ბოტიჩელი თუ რუბენსი?
მერე რა ვქნათ, მავანმა ტვინნაღრძობმა რომ თქვას, ტელეტრანსლაციებისას ტრიბუნაზე ბავშვების ჩვენება პედოფილიის ფარული გამოვლინებააო?! თუ იმ შემთხვევაზეა საუბარი, უკიდეგანოდ მთვრალმა რუსმა ქომაგმა „დოიჩე ველეს“ ჟურნალისტი ჟულიეტ გონსალესი პირდაპირი ეთერისას ჩალოშნა და მერე მკერდი ჩაბღუჯა, ეს წმინდა წყლის ხულიგნობაა და მეტროშიც ისეთივე წარმატებით გემუქრებათ, როგორც სტადიონზე.
მაინც მგონია, ეს გაუაზრებელი ინიციატივა ზემოთ რომ ფიფას ძნელად წარმოსათქმელი და სრულიად უსარგებლო დეპარტამენტი ვახსენეთ, მისი შეფიდან წამოვიდა და დიდი დღე არ უწერია. შეუძლებელია გრანდიოზულმა ორგანიზაციამ კიდევ უფრო გრანდიოზულ მარაზმებს აუნთოს მწვანე შუქი.
სინიორ ადიეჩი, იტალიელი მაინც არ იყო…
