განა რა ფეხბურთი ითამაშა რუსეთის ნაკრებმა საშინაო მონდიალზე? გაილაღა საუდეთის და ეგვიპტის უსუსტეს გუნდებთან, გაცამტვერდა ურუგვაისთან, გაძლებაზე ეთამაშა ესპანეთს და გაუმართლა პენალტებში, თუმცა, იგივე სცენარმა ხორვატებთან მხოლოდ სანახევროდ იმუშავა…
და მაინც: რუსეთი მსოფლიო ჩემპიონატის რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა და ევროპული (არამხოლოდ) სკაუტების ინტერესმაც იმატა. აქამდე რუსული ფეხბურთი საკუთარ წვენში იხარშებოდა. სახელმწიფო კორპორაციებისა და (გაზპრომი, რკინიგზა…), აგრეთვე იძულებით-ნებაყოფლობით მოზიდული საბანკო და ადმინისტრაციული რესურსის წყალობით ფეხბურთში იმხელა ფული გაჩნდა, მავან კოკორინებს, სმოლოვებს და დენისოვებს 5-5 მილიონი ევრო აქვთ ხელფასი.
მთლიანად რუსულ პრემიერლიგაში ასამდე ფეხბურთელია მილიონ ევროს და მეტს რომ იღებს წლიურად. ეს გაცილებით მეტია სერია A-ს და ბუნდესლიგის მაჩვენებელზე. ჰოდა, ბურთაობდნენ თავისთვის ასე ბედნიერად, სანამ არ მიხვდნენ, რომ ევროპა და მსოფლიო გაცილებით წინ არის…
ვერ გეტყვით რა დოზით, მაგრამ საკუთარი კედლების ფაქტორთან ერთად ამანაც აშკარად იმოქმედა და რაშიც რუსებმა ტოლი არავის დაუდეს, ბრძოლისუნარიანობა იყო.
ურუგვაისთან და ესპანეთთანაც კი ჩერჩესოვის შეგირდებს მოგებული ორთაბრძოლების სოლიდური პროცენტი დაუგროვდათ. თანამედროვე ფეხბურთს უყვარს მეომარი ფეხბურთელები და აჰა:
ალან ძაგოევს რომის „ლაციო“ ინგლისურ „ვესტ ჰემში“ წასული ფელიპე ანდერსონის შემცვლელად მოიაზრებს. თურმე, რომაელთა სპორტული დირექტორი და ჩვენი კარგი ნაცნობი ალბანელი იგლი ტარე ძაგოევს რამდენიმე წელიწადია აკვირდება…
გოლოვინი და „ჩელსი“ კი გაგვეგონა ერთად, მაგრამ თავად ფეხბურთელის თქმით, რონალდუს ტრანსფერის შემდეგ „იუვე“ უჯობს. ეგეც იქით იყოს და მიჩელ სალგადოს თქმით, სათამაშო სტილით გოლოვინი იდეალურად მოერგება „რეალის“ სქემას…
ესპანური „ვალენსია“ მოსკოვურ ცსკა-ს მარიო ფერნანდესს სთხოვს. საწყისი ფასი 20 მილიონი ევროა. ვაჭრობა გრძელდება…
ჩინური „შანხაი შენხუა“ არტიომ ძიუბასთვის გულუხვ კონტრაქტს ამზადებსო, მაგრამ ჰორიზონტზე რამდენიმე პრემიერლიგური კლუბიც ჩანს და რა აქვს საჩქარო?..
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსთა თავკაც ჩერჩესოვს ბუნდესლიგის კლუბში ეპატიჟებიან. იქვე ითქვა, რომ ტოპ-კლუბზე არაა საუბარი. კონტრაქტის ალბათობას ენობრივი ბარიერის არქონა ქმნის – მეკარეობისას სტანისლავ ჩერჩესოვს დრეზდენის „დინამოს“ და ავსტრიის „ტიროლის“ ღირსება დაუცავს…
ესეც რუსული შედეგი. თანაც, ეს მხოლოდ აისბერგის წვერია. საკმარისია ერთი კარგი გასროლა, ერთი ხმაურიანი წარმატება და მთელი ქვეყნის საფეხბურთო მეურნეობის განვითარებას ახალი ბიძგი ეძლევა.
რძალო შენ გეუბნებოდე, მულო შენ გაიგონებდეო…