ყოველ შეხვედრის წინ, სათადარიგოთა სკამზე რომ დაიჭერს ადგილს, მიროსლავ ბლაჟევიჩი გვერდით მოიდებს ხოლმე ფრანგ ჟანდარმთა ქუდს. ამბობენ, რომ ეს ქუდი ერთმა ფრანგმა ჟანდარმმა აჩუქაო. მერე ხორვატიის ნაკრები მოიგებს, ბლაჟევიჩი ქუდს დაიხურავს და გასახდელისკენ მიაბიჯებს. ეს ქუდი ალბათ (ალბათ კი არა) თილისმაა. ხუმრობის ხასიათზე მოსული კაცი კი შავ ჟანდარმულ თავსარქმელს სხვაგვარად სიმბოლურ მნიშვნელობას შესძენს. რახან ბლაჟევიჩი საფრანგეთშია, ის დროც უნდა ახსოვდეს, აქაურ ვირის აბანოში რომ გაატარა სამი კვირა და ჟანდარმთა ქუდებისა და ფორმების იერსახეც კარგად დაიმახსოვრა. მაშინ ბლაჟევიჩი „ნანტის“ მწვრთნელი იყო და განთქმულ „ტაპის სკანდალში“ აღმოჩნდა გახვეული.

მაგრამ ახლა, საფრანგეთის ჟანდარმერია არ აწუხებს ბლაჟევიჩს და საერთოდ, ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს კაცი ფრანგულ ციხეში მოხვდეს. საფრანგეთი რომ დიქტატორული ქვეყანა იყოს, ჩაკეტილი და ამ მხრივ თამამი, იმ კვირაში ბლაჟევიჩს პირდაპირ სენ დენიდან გააქანებდნენ ჯურღმულში.

ვაჰ! ეს რა წამომცდა. წამომცდა, რომ ხორვატები ფრანგებს მოუგებენ და ფინალში გავლენ.

თუმცა, ლაქლაქს შევეშვათ.

მიროსლავ ბლაჟევიჩზე ვთქვათ ორი სიტყვა. იმაზე, თუ როგორ დაიარება ეს კაცი, რა დღეშია და როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში იტყვიან, რა პირობებში უხდება მუშაობა. ძნელად რომ ქვეყნად მოიძებნოს ფეხბურთში ჩართული კაცი ამდენი მტერი რომ ჰყავდეს. ბლაჟევიჩი თავისი სამშობლოს ერთგვარი სახეც კია. ხორვატთა მწვრთნელი დიდად ვერ ამართლებს ჩვენებურ გამონათქვამს, კარგია მუდამ მტრიანიო. ბლაჟევიჩი არცთუ კარგია, ის მოხერეხბული, ეშმაკი და სკანდალური კაცია, ინტრიგის ხლართვას მას ვერავინ ასწავლის ყოფა-ცხოვრებაში და როგორც ამ ბოლო დროს გაირკვა, ფეხბურთშიც.

ხორვატიის ნაკრები რომ იქმნებოდა, მესაჭედ ორი კაცი ჰყავდა – ბლაჟევიჩი და ტიმოსლავ ივიჩი. ბლაჟევიჩს თავისი ფეხბურთი ჰქონდა, ისეთი, როგორსაც დღეს გვიჩვენებს ხორვატთა გუნდი, ივიჩი კი საფეხბურთო რომანტიკის მიმდევარი კაცი იყო, მას მიაჩნდა, რომ ხორვატ ფეხბურთელებს ლამაზად და თავდავიწყებით თამაში ხელეწიფებათ. ორი მეფე ერთ ტახტზე ვერ დაჯდება და ბლაჟევიჩმა სულ იოლად მოახერხა ივიჩის მოშორება. ასეთ კაცს ყოველთვის მოერევი და ივიჩმაც არაბეთისკენ გასწია.

აუწერელია იმ მორალური დაწოლის ძალა ბლაჟევიჩი რომ განიცდიდა ხორვატული მედიისგან, მსოფლიო ჩემპიონატის მთელი შესარჩევი ციკლი ბლაჟევიჩი დუმდა, ჟურნალსიტებს ისიც კი დაუთმო, რომ მათ შედგენილ ნაკრებთან სათამაშოდ გაიყვანა თავისი ნაკრები, გაიყვანა და წააგო, თუმცა, კვლავ არაფერი უთქვამს. მელამ თავისი საქმე იცის.

ხორვატიას არასოდეს ჰქონია რომანტიკის დრო და სურვილი. არც გუნდს და არც ქვეყანას. ხორვატიისთვის ყველაფერი ომად იქცა. მაგრამ ეს არ არის რაღაც ისეთი, სიმღერიანი ომი. ეს არის ომი კანონებით და საქმის ცოდნით. შიშველი რომანტიკით პატარა ხორვატია ვერც ყოფაში მიაღწევდა ვერაფერს და ვერც ფეხბურთში. ჭკვიანური ომი, თავდადებით, გრძნობით და თანადგომით, მაგრამ მაინც ჭკუით. ასე, რომ ბლაჟევიჩის ფეხბურთი სწორედ ის ფეხბურთია, დღევანდელ ხორვატიას რომ სჭირდება და არგია. სხვაგვარად ხორვატები ვერაფერს მიაღწევდნენ.

ახლა კი ყველა ხედავს – ამ ხალხის შეკავება, შეკავება მათი ფიქრისა და გრძნობისა, ძნელია. მგონია, რომ ხოვარტები სხვაგვარად, თუნდაც იმავ ევროპელთაგან განსხვავებით აღიქვამს მოვლენებს. მათ ყველგან თავიანთი სიმართლე მიაქვთ და მის გატანას, არ გაგიკვირდეთ და ყოველგვარი ხერხით ცდილობენ. ბოლო ათწლეულის სიმწარემ ამ ხალხს ასწავლა – თავი არ უნდა დაზოგო, თორემ ცარიელ-ტარიელი დარჩები. აი, ამით სჯობნიან ისინი იმავ მოსისხლე იუგოსლავიელებს და არა მარტო მათ. ისინი თავდაცვიდან გამოვიდნენ და შეუტიეს.

მათი ფეხბურთიც საოცრად ჰგავს მათ თავგადასავალს და თანაც ფეხბურთში უფრო იოლადაა საქმე, ფეხბურთი თავისუფალი, თანაბარპირობებიანი თამაშია და ტანკზე ჟაკანით წასვლა არ მოეთხოვება.

და ჩვენ ხომ ფეხბურთზე უნდა ვილაპარაკოთ? 1994 წელის მარტში ხოვარტიის ნაკრებმა ვალენსიაში მოუგო ესპანელებს 2:0. ხორვატებს ოთხი წლის განახლებული ჰყავდათ ნაკრები და მანამდე ამხანაგურ თამაშებსაც მართავდნენ, რომლებიც გამარჯვებისა და მარცხის მონაცვლეობის მიუხედავად დიდად ყურადღებამისაქცევი არ იყო, ვალენსიური თამაში კი საერთაშორისო განსჯის საგანი შეიქნა. მატჩი ამხანაგური იყო, მაგრამ დანგრეული ქვეყნის შვილებს საამხანაგო არაფერი ჰქონდათ. ის განწყობა, ის გამარჯვების ვალენსიური წყურვილი ხორვატთა ნაკრებში დღესაც არ განელებულა. განელებულა კი არა, ხორვატიის ნაკრები მარტივად რომ ვთქვათ, სხვა დონის გუნდი გახლავთ.

ხორვატებს ყოველთვის ჰყავდათ ვარსკვლვები, რომლებიც განთქმულ ევროპულ კლუბებში თამაშობდნენ, მაგრამ სანაკრებო გამოცდილება მაინც აკლდათ. ეს ევრო-96-ზეც გამოჩნდა. მაგრამ აი, ხორვატიამ მშვენივრად აუღო ალღო სატურნირო სტრატეგიის არსს.

საიდან მოვიდა გამოცდილება, უხინჯო ტაქტიკა და იღბალი? ხორვატები ხომ პირველად არიან მსოფლიო ჩემპიონატზე? რა ვიცი. მე მგონია, რომ ეს გამოცდილება ცხოვრებიდან მოვიდა.

მართალი ხართ. ბლაჟევიჩი ძალიან ჭკვიანი და გულცივი მწვრთნელია. მისი ტაქტიკა, სტრატეგია და მზადყოფნა შესაშურია. მისი ფეხბურთელების ფიზიკური მდგომარეობა საუცხოოა. ამ ჩემპიონატზე ხორვატია ყოველთვის იმარჯვებდა განსაკუთრებული ემოციურობის გარეშე. დავორ შუკერი აშკარად უმიზნებს მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელობას და ბომბარდირობას. გუნდი ძალიან მკაცრად და გამართულად თამაშობს, ამას თუ მათ სულიერ განწყობას, ცხოვრებიდან მოსულ სიმტკიცეს და ხასიათს დავუმატებთ, დავინახავთ, რომ ეს საშიში გუნდია. თუმცა, ხორვატთა მთელი უნარი შაბათსღა გამოჩნდა.

ეს საშიში გუნდია და ბლაჟევიჩის საყვარელ ჟანდარმულ ქუდს რომ დავინახავ ხოლმე, მგონია, რომ ამ ეშმაკ კაცს მსოფლიო ფეხბურთის ჟანდარმობა გადაუწყვეტია.

კიდევ ერთი რამ უნდა გავისხენოთ და კვლავ ხორვატთა ხასიათზე, უფრო კი ამბიციაზე ვილაპარაკოთ. 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოთხეულის გმირები, შვედეთი და ბულგარეთი იმ თავიანთი ნახევარფინალებითაც ბედნიერები იყვნენ. ეს აშკარად ჩანდა. ასევე ბედნიერი იყო 1986 წელს მეოთხე ადგილოსანი ბელგიაც. აი, ხოვარტებს კი ამ საქმეშიც სხვაგვარი განწყობა ექნებათ. ეს აშკარაა, მათთვის ნახევარფინალი სულაც არ ჩანს ისეთ თამაშად, ვალმოხდილი გუნდი რომ ითამაშებს. აქაოდა, ჩემსას უკვე მივაღწიე და აწი რაც გამომივა, გამომივაო.

მგონი სადაო არ უნდა იყოს, რომ ასე არ იქნება. ხოვარტია იმგვარ ომს გამართავს, აქამდე რომ არ გაუმართავს. ყოველ შემთხვვაში მავანთა დამსჯელის, მტკიცე ჟანდარმის როლი ხორვატებს უკვე შეთვისებული აქვთ და ფრანგთა წინააღმდეგ რომ გავლენ სათამაშოდ სენ დენის მინდორზე, მათი სული და განწყობა უტეხი იქნება, თამაში კი მკაცრი და დაუნდობელი.

ბლაჟევიჩი კვლავ იმ ქუდით ხელში გამოვა გვირაბიდან. გამოვა, დაჯდება და სიგარეტსაც გააბოლებს. მის წვრილ, მოუსვენარ თვალებსაც დავინახავთ, მრგვალშუშებიან სათვალეს, ცისფერ პერანგს და ასე შემდეგ…

და კიდევ ჩვენ დავინახავთ დაღლილ ემე ჟაკეს. მოედანზე გამოვა საფრანგეთის ნაკრები, გუნდი, რომელიც ჩემპიონატს მასპინძლობს, ჩემპიონობა სწადია და ბოლო ორ მატჩში, სულ კი ოთხ საათში ერთადერთი გოლი გაიტანა. აბა ამათ აქვთ დასაკარგი, თუ აქვთ. მეოთხედ თავიანთი ფეხბურთის ისტორიაში ისინი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არიან, და ფინალში არცერთხელ გასულან. ცხადია, ამ ნახევარფინალს სრულიად გამორჩეული ფასი აქვს მათთვის – ის მშობლიურ გარემოში იმართება. ფრანგებისთვის მარცხი სიკვდილია.

მაგრამ ხოვარტებს სიკვდილის ხსენებით ვერ გააკვირვებ. მათ სიკვდილი ამერიკულ ბოევიკებში კი არ უნახავთ, არამედ საკუთარ სახლში. რაც შეეხება დაკარგვას, მათ დაუკარგავთ და არაადამიანური მონდომებით დაუბრუნებიათ დაკარგული.

ასე რომ მე არ ვიცი – პროგნოზი არა-მეთქი და ფრანგებს უპირატესობას ვერ მივანიჭებ. თუნდაც იმიტომ, რომ იმ ჟანდარმულ ქუდს ვხედავ ხოლმე.

საერთოდ კი, მინდოდა შუკერზე მელაპარკა. მაგრამ სხვა დროს იყოს. ჩვენს ხელში არ არის?

„ჰრვატსკა“ კი ამტკიცებს – სისულელეა გაზონის ხარისხზე, სიდუხჭირესა და ომზე წუწუნი და ფეხბურთისთვისაც სი-სუ-ლე-ლე-ა.

06.07.1998

 

წილი
წინა სტატიასაჭირბოროტო კითხვა-პასუხი
შემდეგი სტატიავინ იხეირებს კრექსიტით
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.