კრიშტიანუ რონალდუ 105 მილიონ ევროდ „რეალიდან” „იუვენტუსში” გადავიდა. მადრიდელებს დააკლდათ ფეხბურთელი, რომელმაც კლუბის ისტორიაში წარმოუდგენელი რეკორდი დაამყარა: 438 შეხვედრაში 450 გოლი გაიტანა. „თეთრების” გულშემატკივრებს პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან გაუჩნდათ შეკითხვა, რატომ არ გაიღო დიდძალი თანხა ოღონდ კი ვარსკვლავი, რომელმაც „სანტიაგო ბერნაბეუზე” დეკადა დაამშვენა, დაეტოვებინა. და მაინც, გაზეთ AS-ის თქმით „რეალში” არიან ფეხბურთელები, რომლებიც პორტუგალიელის წასვლით იხეირებენ.

„კრექსიტით” (ბრექსიტის ანალოგიით მოგონებული სიტყვაა და კრიშტიანუს მადრიდიდან წასვლას ნიშნავს) ყველაზე მეტად მოგებული უელსელი გარეთ ბეილი დარჩება. ის 2013 წელს „ტოტენჰემიდან” „რეალში” 101 მილიონ ევროდ გადავიდა, რაც მაშინ სარეკორდო თანხა იყო. სამწუხაროდ უელსელი ხშირად იღებდა ტრავმას, რამაც მისი ვარსკვლავური სტატუსი ცოტა დაწია და მოხდა ისე, რომ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორ ტრიუმფალურ ფინალში, 2017 და 2018 წლებში, „იუვენტუსისა” და „ლივერპულის” წინააღმდეგ, სასტარტო შემადგენლობაში არ შეიყვანეს.

მაისში, კიევურ ფინალში გაბრწყინების შემდეგ ბეილი „რეალიდან” წასვლას აპირებდა, მაგრამ ახლა, როდესაც „სანტიაგო ბერნაბეუ” მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა და კრიშტიანუმ დატოვეს, ფორვარდი უკვე ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებაზე ფიქრობს. სხვა კლუბებთან მოლაპარაკებები, როგორც ჩანს გადაიდო.

გარეთ ბეილმა სახელი დაიგდო არა მარტო როგორც თავდამსხმელმა, არამედ როგორც ჯარიმებისა პენალტების შემსრულებელმა.

AS-ის აზრით კრიშტიანუს წასვლით ხელ-ფეხი გაეხსნება მარკო ასენსიოსაც. მაღალი სათამაშო ოსტატობის წყალობით ახალგაზრდა ფორვარდი გულშემატკივრის ფავორიტი გახდა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში ჯერ მაინც არ დაუმკვიდრებია ადგილი. ეს განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგის სტატისტიკიდან ჩანს: გასულ სეზონში „რეალმა” ევროპის ყველაზე პრესტიჟულ შეჯიბრებაში 12 შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგან მარკო ასენსიო მხოლოდ სამში მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში. ეს ბუნებრივიც იყო, რადგან ის, ფაქტობრივად რონალდუს კონკურენტი გახლდათ.

2017-18 წლების ჩემპიონატში 22 წლის ფორვარდმა ყველა შეჯიბრებაში 53-ჯერ ითამაშა, რითაც ლუკას ვასკესთან ერთად პირველ-მეორე ადგილი გაიყო, მაგრამ მოედანზე გატარებული წუთების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, სხვა სურათს მივიღებთ. ამ მაჩვენებლით ასენსიო მხოლოდ მე-13 გამოდის. სხვა სიტყვებით, ის ზიდანისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო, მაგრამ მეტწილად შეცვლაზე შედიოდა.

კიდევ ერთი მოთამაშე, რომელიც AS-ის აზრით რონალდუს წასვლით ხეირს ეწევა ისკოა. საქმე ის არის, რომ ზიდანი ხშირად იდგა ტაქტიკური დილემის წინაშე — ეთამაშა სამი ფორვარდით (რონალდუ, ბენზემა, ბეილი), თუ ორი ფორვარდითა და ოთხი ნახევარმცველით. იმავე პრობლემის წინაშე იდგნენ ზიდანის წინამორბედები კარლო ანჩელოტი და რაფა ბენიტესი. ხსენებულ ტაქტიკურ საკითხზე ხშირად იყო დამოკიდებული მოხვდებოდა თუ არა ისკო ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ ბოლო ხანს (უნდა ითქვას, რომ ბეილის ტრავმის წყალობითაც) ისკო ძირითადის მოთამაშედ იქცა და ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორ ფინალში, როგორც კიევში ასევე კარდიფში, შემადგენლობაში იყო.

და ბოლოს, ლუკას ვასკესი. ზიდანის პერიოდში ვასკესი გუნდური მოთამაშის ნიმუშად ჩამოყალიბდა — სადაც საქმე ითხოვს, ისიც იქ არის. თუმცა, იმ 53 შეხვედრაში, რომელშიც ვასკესმა გასულ სეზონში მონაწილეობა მიიღო, დროის ნახევარი მაინც სათადარიგოთა სკამზე იჯდა. ასეთი მოთამაშისთვის კი 8 გოლი, 11 საგოლე პასი და 5 მოპოვებული პენალტი, მშვენიერი მაჩვენებელია.