საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის „ატლეტიკოს” ვარსკვლავმა ანტუან გრიზმანმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის წინ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. გთავაზობთ თემების მიხედვით დახარისხებულ პასუხებს ისე, როგორც კატალონიურმა „სპორტმა” დაწერა:
„ოქროს ბურთი”: ჩემს წინაშე „ოქროს ბურთის” კი არა, მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შესაძლებლობაა. „ოქროს ბურთი” დიდად არ მანაღვლებს. თავს დავდებ, რათა მსოფლიოს ჩემპიონები გავხდეთ. ყველაფერს რაც შემდეგ მოხდება, მოგვიანებით მივესალმები.
„როლი გუნდში”: საუკეთესო ბომბარდირობას რომ გამოვკიდებოდი შეიძლებოდა წაგვეგო. ვიფიქრე, რომ ნაკლები გოლების გატანით მოგების მეტი შანსი გვექნებოდა.
„ისტორია”: ვიცი, რომ ფინალში გამარჯვება ბევრ რამეს შეცვლის, მაგრამ ორშაბათზე ფიქრი ნაადრევია. ჯობს კვირის მატჩზე ვიფიქროთ.
„ზიდანთან შედარება”: დიდად არ მსიამოვნებს გრიზუს რომ მეძახიან. გრიზი გაცილებით ჯობია.
„თავდადება”: თავს ჩინებულად ვგრძნობ. იმედი მაქვს, რომ ფინალში კარგად ვითამაშებ. მე შემიძლია თამაში თავად ამოვხსნა და სადაც საჭიროდ ჩავთვლი იქ გავაქტიურდე. ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ. ჩვენი ძალა გუნდურობაშია”.
„მენტალობა”: მე არ ვიცვლები. მთელი დღე ვიდეოთამაშ Fortnite-ს ვუზივარ, ფეხბურთით ვიღებ სიამოვნებას და მატეს ვსვამ. ერთადერთი რაც მინდა მსოფლიოს ჩემპიონობაა. გავიტან თუ არა, საერთოდ არ მადარდებს.
„ხორვატია”: ხორვატების წინააღმდეგ როგორ ვითამაშებთ ამას მწვრთნელი გადაწყვეტს. მეტოქეს ორი დიდი ფეხბურთელი ჰყავს, მოდრიჩი და რაკიტიჩი. ისინი ძალიან ტექნიკურები არიან და დარწმუნებული ვარ, რომ მწვრთნელს ეს კარგად მოეხსენება.
„სიმეონე დეშამის წინააღმდეგ”: სიმეონე ფეხბურთით იკვებება, ფეხბურთით სუნთქავს, ღამითაც ფეხბურთი ესიზმრება. ის დეშამისგან განსხვავდება, მაგრამ ორივეს გამარჯვება უნდა და ორივემ იცის როგორ მიაღწიოს მიზანს — რა ტაქტიკა გამოიყენოს მოედანზე.
„სიამაყე”: ჩვენ ვამაყობთ, რომ ფრანგები ვართ. ჩვენ დიდებული ქვეყანა გვაქვს, საუცხოო გუნდი გვყავს და გვინდა, რომ გულშემატკივარმაც იამაყოს იმით, რომ ფრანგია.
„დაცვა”: ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დაცვაა, რადგან ვიცით, რომ წინ ნებისმიერ წამს შეგვიძლია გოლი გავიტანოთ. კილიანს ყველა მეტოქის მოტყუება შეუძლია, ოლივიე შუაში და მეც ჩემი მცირედი სიგიჟით ადრე თუ გვიან შევქმნით სახიფათო მომენტს.