„ჩელსის“ პრეზიდენტმა ბრიუს ბაკმა დღეს დილით კობჰემის ბაზაზე ანტონიო კონტესთან შეიარა და უთხრა, რომ სამსახურიდან გათავისუფლებულია.

48 წლის იტალიელმა მწვრთნელმა ორი სეზონი გაატარა ლონდონურ კლუბში. პირველში პრემიერლიგა მოიგო, მეორეში კი ასოციაციის თასი, მაგრამ ამ სეზონის მეორე ნახევარი გუნდმა ისე უშნოდ დაიწყო, რომ კონტეს სკამი მოლაყლაყდა.

იტალიელის  ხელში „ჩელსიმ“ ბოლო მატჩი 19 მაისს „მანჩესტერთან“ ასოციაციის თასის ფინალში გამართა და მას შემდეგ ლამის 2 თვე მიილია. რატომ არ გაუშვეს მაშინვე და რას ელოდებოდნენ ?  შემცვლელს ეძებდნენ და ეს კონტემაც იცოდა. შემცვლელი კი გახლავთ 59 წლის მაურიციო სარი, ვინც სამი წელი თავკაცობდა „ნაპოლის” და მისი ადგილი ამ ზაფხულს კარლო ანჩელოტიმ დაიკავა.

ანტონიო კონტეს სამწლიანი კონტრაქტი ჰქონდა და ვადაზე ადრე გაწყვეტის გამო “ჩელსი“ 9 მილიონ გირვანქას გადაუხდის.  მას შემდეგ რაც რომან აბრამოვიჩმა ლონდონური კლუბი იყიდა,  ნაადრევად გაშვებული მწვრთნელებისთვის „ჩელსის“  90 მილიონ გირვანქამდე აქვს გადახდილი. მათ შორის ყველაზე მეტად ჟოზე მაურინიუმ იხეირა, რაკი ორჯერ გაუშვეს გუნდიდან და  27 მილიონი მიუთვალეს. დანარჩენი დათხოვნილების სია კი ასეთია:

1)  ლუიშ ფელიპე სკოლარი – 12 მილიონი

2)  ანდრე ვიიაშ ბოაში -12

3) რობერტო დი მატეო – 10

4) კლაუდიო რანიერი – 6

5) კარლო ანჩელოტი – 6

6) ავრაამ გრანტი – 5

წილი
წინა სტატიაინგლისელებიც მოტყუვდნენ
შემდეგი სტატიაეს მალე პორტ-არტურსაც აიღებს
ვაჟა ხუციშვილი
ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.