112  მილიონი ევრო მადრიდის „რეალს“, კრიშტიანუ რონალდუ 4 წლით „იუვენტუსს“, 30 მილიონი წელიწადში რონალდუს და ღია წერილი „რეალის“ ფანებს  – ასე დამთავრდა ცხრაწლიანი, უხვგოლიანი და მრავალტიტულიანი მადრიდული ეპოქა აწ უკვე „რეალისთვის“  ლეგენდად ქცეული პორტუგალიელისა.

ესაა ყველაზე ძვირი ტრანსფერი ორივე კლუბის ისტორიაში და თან, 33 წლის ფეხბურთელში ამდენი აქამდე არავის გადაუხდია. „იუვენტუსმა“ გადაიხადა 112  მილიონი  და იმ 120-ის გარდა, რაც რონალდუს ჯამაგირი იქნება 4 სეზონში, კიდევ ამდენივე ანუ 120 მილიონი საგადასახადოს უნდა მიუთვალოს იტალიური წეს-კანონით. გამოდის, რომ 33 წლის, მაგრამ რონალდუ, 352 მილიონი დაჯდა.

„იუვეს“ პრეზიდენტი ანდრეა ანიელი სამშაბათს ჩაფრინდა  კალამატაში და ვერტმფრენით გააგრძელა გზა სასტუმროსკენ, სადაც ფეხბურთელი და მისი აგენტი – თავისი საქმის რონალდუ –  ჟორჟე მენდეში დახვდნენ. გარიგებაც იქ შედგა.

ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაიწყო წუწუნი პორტუგალიელმა, ნეიმარს ჩემზე მეტი ხელფასი აქვსო. ცალყბად ჰპირდებოდა ფლორენტინო პერესი 30 მილიონამდე ჯამაგირის გაზრდას და ახალ კონტრაქტს, მაგრამ დანაპირები სიტყვად დარჩა.

პორტუგალიელი იმასაც ჩიოდა, ერთი თვე გოლი რომ ვერ გავიტანე, ქომაგებმა მისტვინეს, კლუბმა კი ჩემი შემცვლელის მოძებნაზე  დაიწყო ლაპარაკიო და ეს უკვე ნაწყენი და გულაყრილი რონალდუს ნათქვამს ჰგავდა.

ასე და ამგვარად, რაც გვინახავს ვეღარ ვნახავთ – „ელ კლასიკოში“ ვეღარ ვიხილავთ მესი-რონალდუს, მაგრამ იმედია, ჩემპიონთა ლიგაში მაინც გადაეყრებიან ერთმანეთს  მსოფლიოს ბევრჯერ საუკეთესო ფეხბურთელები.

ხოლო რონალდუს ღია წერილი ფანებისადმი, რომელიც თავში ვახსენეთ, ასე მთავრდება: “…მადლობა ყველას და როგორც 9 წლის წინ „რეალში“ მოსვლისას, მე ისევ  ვიტყვი: Hala Madrid !“

წილი
წინა სტატიანიცაში კი პანიკა იყო
შემდეგი სტატიაფრანგების  ჩაცმა გარიგებულია ?
ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.