საფრანგეთის ნაკრების ფინალში გასვლას ქვეყნის ბევრ ქალაქში ხალხი ქუჩაში, ზეიმით შეხვდა, თუმცა ნიცაში ექსცესი მოხდა: ქალაქის ცენტრში, თავშეყრის ადგილზე პეტარდების ხმა ცეცხლსასროლი იარაღისა ეგონათ და პანიკაში ოცდაათამდე ადამიანი დაშავდა.
ეს ამბავი მაშინ მოხდა, როდესაც პეტერბურგში, ნახევარფინალური შეხვედრა დასასრულს მიუახლოვდა, მსაჯმა ჩასტვინა და „ლურჯებმა” „წითელ ეშმაკებს” სამუელ უმტიტის გოლით 1:0 მოუგეს. სწორედ მაშინ გადაწყვიტა ახლომახლო ტერასიდან ვიღაცამ პეტარდის გატკაცუნება. ტერორისტების მიერ სამიზნედ ამოღებულ საფრანგეთში გასროლის ხმამ არეულობა გამოიწვია და მართალია პანიკა სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა, მაგრამ გვარიანი ზარალის მიყენება შეძლო. შეშინებულმა ხალხმა კაფე-ბარებში გადაატრიალა მაგიდები და სკამები, გაიქცა. როგორც ფრანგული მას-მედია იტყობინება, პანიკის ადგილას დაახლოებით ათასი ადამიანი მაინც იყო შეკრებილი.