დღეს ევროპის საკლუბო ტურნირები აიღებს სტარტს და ორი ქართული კლუბი პირველ მატჩებს გამართავს.
ზეგ საქართველოს კიდევ ორი წარმომადგენელი ითამაშებს (ხვალინდელ საღამოს, როგორმე, ინგლისი-ხორვატიით გადავაგორებთ).
სულ უთქმელობა არ გამოდის, მაგრამ ამ მომცრო წერილს არც წინასამატჩოს ფუნქცია აკისრია. არ იქნება ნახსენები არც ერთი ფეხბურთელი, არც ერთი მწვრთნელი ან ფუნქციონერი. აზრი არ აქვს და იმიტომ – მერამდენე წელია ქართული საკლუბო ფეხბურთის ურემი მომეტებული ჭრიალით მიექანება დაღმართში და საშველ-მაშველი არ ჩანს. კენჭისყრამ არ გაგვიმართლაო ქართველებს!
აბაა!
ჩემპიონთა ლიგაში ქუთაისის „ტორპედოს“ ისეთი „გრანდი“ შეხვდა, როგორიც მოლდოვის „შერიფია“. არა უშავს გუნდია, მაგრამ ჩვენგან ამხელა მოწიწება ბევრი არ მოუვათ?! „სამტრედიასთან“თბილისში სათამაშოდ ყაზახური „ტობოლი“ ჩამოვიდა და აქაც თავად ვაღიარეთ მეტოქე ფავორიტად. ხმებიც კი გაისმა – მთავარია, ძალიან არ შევრცხვეთო.
ამას რომ ვამბობთ, ამის მეტად როგორ უნდა შევრცხვეთ?!
„ჩიხურა“ იერუსალიმის „ბეითარს“ მიიღებს – ევროტურნირებში კარგად ნაცად გუნდს და თავადაც არ ვიცი, რა პროგნოზი გავაკეთო: პატრიოტული თუ ობიექტური?
პირველ შეხვედრას სტუმრად მხოლოდ თბილისის „დინამო“ მართავს სლოვაკეთში დუნაისკა სტრადასთან. მხოლოდ ის გავარკვიე, რომ ქალაქი 24-ათასიანია (გლდანის ერთი მიკრორაიონის ხელა).
ბუკმეკერები კი უპირობო ფავორიტად მაინც სლოვაკ გლდანელებს თვლიან. წინასამატჩოდ ამგვარების წერა არ შეიძლებაო… წინასასეზონოდ არაო… წინასაარჩევნოდ არაო…
აბა, როდის?
ზამთარში დავწერე, რომ ჩვენი კლუბების ევროსეზონი შარშანდელივით კრახით თუ დასრულდება, ევროპის ლიგაში ერთ ადგილს დავკარგავთ. ეს დათარსვა კი არა, მათემატიკაა და გულის ტკივილიც იმის გამო რომ არაფერი იცვლება: ერთი გუნდი მწვრთნელს ფედერაციიდან სესხულობს, მეორე თათარიახნად რამდენიმე კარგ ფეხბურთელს იმატებს და ასე…
ისლანდიელმა ფეხბურთელმა თქვა, ჩვენი წარმატების საიდუმლო იმაშია, რომ 17 წლიდან ერთად მოვდივართო. მაჩვენეთ ქართული გუნდი, რომელშიც ხუთი ფეხბურთელი თუნდაც ხუთი წელი ერთად მოდის და ყველა ჩემს სიტყვას უკან წავიღებ.
ეს, რა თქმა უნდა, წინასამატჩო შეფუცხუნება იყო და ყველა ჩვენს გუნდს ერთგულ ქომაგობას ვპირდები.
ოღონდ, არავითარი „ღირსეული მარცხი“! მოგება!