დღეს, 22 საათზე, საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში ყველაზე დიდი ბომბარდირი და ლილიან ტურამის შემდეგ ყველაზე მეტი „კეპის” მქონე ვეტერანი ვარსკვლავი ტიერი ანრი ბელგიის ნაკრების სათადარიგოთა სკამიდან თავისი სამშობლოს ეროვნული გუნდის წინააღმდეგ იმუშავებს — ის „წითელი ეშმაკების” მწვრთნელის, რობერტო მარტინესის ასისტენტია.
რობერტო მარტინესი: „ტიერი ანრიმ ისეთი რაღაც შეგვძინა, რაც არ გვქონდა. აგერ უკვე 12 წელიწადია, რაც მე და ჩემი ტექნიკური სტაფი ერთად ვმუშაობთ. ჩვენი სტილი მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული, მაგრამ გვაკლდა ერთი რამ — სანაკრებო გამოცდილება. ჩვენ არ ვიცოდით როგორ უნდა გვეთამაშა წარმატებით მსოფლიოს ჩემპიონატზე. ჩვენთვის უცხო იყო ის განცდა, რომელიც ეუფლება ფეხბურთელს, რომელიც მთელი მსოფლიოს წინაშე გამოდის. ეს ყველაფერი ტიერიმ აგვიხსნა”.
ბელგიელთა ვარსკვლავმა კევინ დე ბრუინმა დასძინა: „მატჩის წინ ანრიმ „მარსელიეზა” რომ იმღეროს არ გამიკვირდება, მაგრამ დღეს ის ბელგიის ნაკრებში მუშაობს და ჩვენი გამარჯვება უნდა. ასეთია ფეხბურთი”.
საფრანგეთის ნაკრების თავკაცი დიდიე დეშამი: „ტიერი ის ადამიანია, რომელსაც გულწრფელად დიდ პატივს ვცემ. ჩვენ თანაგუნდელები ვიყავით, თუმც მე მასზე კარგად უფროსი ვარ. ის რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო, მე უკვე კარიერის დასასრულს ვუახლოვდებოდი.
დღეს მისთვის რასაკვირველია რთული დღეა. ხდება ხანდახან, როდესაც უცხოურ კლუბში თამაშობ და ფრანგულ კლუბთან გიწევს დაპირისპირება. ასეთ დროს ფაქტობრივად მოწინააღმდეგისკენ ხარ. მაგრამ, დღევანდელი მდგომარეობა გაცილებით რთულია, რადგან ის უნდა იჯდეს მეტოქის სათადარიგოთა სკამზე და თავისი ქვეყნის წინააღმდეგ იბრძოლოს.
თუმცა, იმ დღიდან მოყოლებული, როდესაც მარტინესის ასისტენტი გახდა და ბელგიის ნაკრებში დაიწყო მუშაობა ანრიმ კარგად იცოდა, რომ ერთ დღეს ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო.
პირადად ჩემთვის კი დიდი სიამოვნებაა, რადგან მე მას შევხვდები”.