პატარა, განაჭირი ერია ხორვატები, ჩვენი არ იყოს. რომი გინდა, უნგრეთი, ჰაბსბურგები – ვიღაცის ჩაგვრა სულ გამოუცდიათ, ბოლოს კი იდეით ნათელი და წყობით უგვანი იუგოსლავიური უღელი ედგათ თავზე. პატარა ერის გაბოროტდებაც მორევიათ ხანდახან და უსტაშები უშვიათ, მაგრამ რასაც ვერ დავუკარგავთ – ეროვნული ცნობიერება და ერთიანობის გამახვილებული გრძობა გახლავთ.
წუხელ, მონდიალ-2018-ზე ხორვატებმა იმპერია დაამხეს. არა მათი ბატონყოფილი, მაგრამ მაინც… ბალკანელებმა გაიმარჯვეს სამართლიანად და პირველებმა მოახერხეს რუსეთის არცთუ სამეოთხედფინალო, მაგრამ იღბლის დიდი მხარდაჭერით წინ მოძრავი ნაკრების გაჩერება.
“მეომრები არ ნებდებიან” – ასეთი და მსგავსი პათეტიკური სათაურები გაჩნდა ხორვატიის ბეჭდური და ელექტრონული პრესის მოწინავეებზე, მაგრამ ყველაზე ამოდსანახავი რა იყო თუ იცით? ხორვატიის ნაკრების წევრთა მატჩისშემდგომი ზეიმი სადღაც, სამზარეულოში, ჯამ-ჭურჭლის გარემოცვაში, თეფშების ფრიალით. ბარაქალა ამ ვიდეოს ავტორს…