დღეს ინგლისი მონდიალ-2018-ის ნახევარფინალში რომ გავიდა, “სარბიელელ” კოლეგებს ვთხოვე, მეც მათქმევინეთ ორიოდ სიტყვა-მეთქი. არა იმიტომ, რომ ინგლისის ნაკრების თავგადაკლული ფანი ვარ ან საერთოდ ფეხბურთზე მეკეტება ჭკუა, არამედ ანგლოსაქსური ჯიგრის პატივისცემის გამო. საბურთაო მსოფლიო სპორტი რომ არსებობს, ინგლისელთა ან ამათი განაყრის (აშშ, კანადა, ავსტრალია, ირლანდია) დამსახურებაა და ფეხბურთის ბაცილაც ხომ ინგლისელმა მატროსებმა მოსდეს მსოფლიოს. მერე მოწაფეებმა გაუსწრეს მასწავლებლებლებს და 1966 წლის “ავრორასავით” გავარდნას თუ არ ჩავთვლით, ალბიონელები რაგინდარა მიზეზთა გამო ყოველთვის ყურებჩამოყრილები ტოვებდნენ მსოფლიო თუ ევროსარბიელს.

წელს კი რაღაც ხდება… არა, ადრეც გასულან ინგლისელები ნახევარფინალებში, მაგრამ ხმაურიან შემადგენლობებით. ახლა კი, ჰარი კეინი თუ არ ჩავთვალეთ, ინგლისის ნაკრებში ისტორიაში დასამკვიდრებლად გამზადებულ სახელებს სულაც ვერ შენიშნავთ. საფეხბურთო ექსპერტებსა და კუშმაისტერებს შორის ალბიონელთა აქციების კურსი ისე დაბალი გახლდათ, როგორც არასდროს. ამ დროს კი გარეთ საუთგეიტის ბიჭებმა წრიული მატჩებიდანვე გაამჟღავნეს, რომ თავიანთი მწვრთნელის დიდი სულიერი ტრავმის (ევრო-96-ზე ს უბედურად გაფუჭებული პენალტი) მოსაშუშებლად თავის დადებას აპირებდნენ და ათამაშდნენ ისე, როგორც ინგლისელებს ეკადრებათ: თავდადებით, მოუღლელად, კვალიფიციურად და რაც თქვენს მონა-მორჩილს ალბიონელებში ყოველთვის ხიბლავდა, ზედმეტი პოზიორობის გარეშე.

შვედეთთან თამაშის დეტალებზე ბევრი საუბარი ალბათ არ ეგების, ტელევიზორების, მონიტორების და მობილურების ეკრანებზე იმ საათებში სხვას რას ნახავდით უკეთესს. ამ წერილის ავტორი კი, რომელსაც მონდიალის დაწყებამდე ბელგიისთვის ეწვოდა გული, ახლა სხვა ქეიფზეა: ინგლისმა უნდა იჩემპიონოს!

წილი
წინა სტატიაკანტონამ პუტინზე შაკირათი იშაყირა
შემდეგი სტატიატოჩინოშინმა მოგებით დაიწყო
თუკი მეგრელი პატიოსანი გამოვიდა, ძრწოდეთ კახელებო. ნიჭზე კი ლაპარაკი ზედმეტია. უნიჭო მეგრელი ისტორიაში სულ სამი-ოთხი იყო. ჯანდაბას, ხუთი... დავით გულუა, წესიერ და ნიჭიერ მეგრელთა კატეგორიას განეკუთვნება რომელსაც კიდევ ერთი დიდი პლიუსი აქვს - თხემით ტერფამდე სარბიელელია