როგორც არ უნდა დასრულდეს მონდიალი, მას ერთი ნამდვილი გმირი უკვე ჰყავს. თან ისეთი, მოედანზე საერთოდ რომ არ გასულა. ურუგვაის ნაკრების თავკაცი ოსკარ ტაბარესი მყავს მხედველობაში.

არაფერ შუაშია რეგალიები და მოგებული ტიტულები, თუმცა 71 წლის სპეციალისტის ბიოგრაფია ამ მხრივაც მდიდარია.

ფეხბურთელობისას ისე რა მცველმა 33 წლის ასაკში სამწვრთნელო კარიერა დაიწყო. „პენიაროლი“, „დეპორტივო კალი“, „ბოკა ხუნიორსი“, „კალიარი“, „მილანი“, „ველეს სარსფილდი“’ – დამეთანხმებით, სოლიდური ნუსხაა.

სინიორ ტაბარესს არც ტიტულები აკლია. „ბოკაში“ არგენტინის ჩემპიონიც გახდა, ლიბერტადორესის თასი და ლიბერტადორესის სუპერთასიც აქვს მოგებული, 2010 და 2011 წლებში სამხრეთ ამერიკის საუკეთესო მწვრთნელადაც აღიარეს, მაგრამ ურუგვაის ჭეშმარიტ გმირად მაინც სანაკრებო მოღვაწეობამ აქცია.

ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ტაბარესმა პანამერიკული თამაშები მოიგო, ეროვნულით „კოპა ამერიკის“ 1989 წლის პირველობის ფინალში ითამაშა და გუნდი 1990 წლის მონდიალზეც გაიყვანა.

ნაკრებში მეორედ მობრუნებულმა 2010 წელს მონდიალის ნახევარფინალამდე მიიყვანა…

რა საჭირო იყო ამხელა პრელუდია?

მხოლოდ იმის გასასიგრძეგანებლად, რომ ტაბარესი სულაც არაა ყველაზე ღატაკი საკუთარ კოლეგებს შორის და შეეძლო მშვიდი სიბერე სარწეველა სავარძელში მჯდომიარეს გაეტარებინა და ფეხბურთისთვისაც გიგანტურ პლაზმაში ეყურებინა. მით უმეტეს, 2016 წელს გიიენ-ბარეს სინდრომი აღმოაჩნდა. ჯერ ყავარჯნები დასჭირდა, შემდეგ კი ინვალიდის ელექტროსავარძელში გადასვეს.

რუსეთში ტაბარესი ხელჯოხებით ჩავიდა. განა თანაშემწეები არ ჰყავს, რომ მინდვრის კიდემდე მისი სიტყვები მიუტანონ ადრესატს, მაგრამ არა – თავად წამოიმართება ხელჯოხებზე, გაჭირვებით გაივლის ათიოდე ნაბიჯს და დარიგებებსაც პირადად იძლევა. სულის ამხელა სიმტკიცე მხოლოდ აღაფრთოვანებს ნებისმიერს და მათ შორის, ურუგვაელ ფეხბურთელებსაც.

მაინც რაში მდგომარეობს ტაბარესის სიმტკიცის საიდუმლო?

ურუგვაი პატარა ქვეყანაა საქართველოზე ნაკლები მოსახლეობით და მეორე ტაბარესის პოვნა არც ისე ადვილია. ესმის და ვერ იხევს უკან. ხელჯოხებითაც კი იმ ფრონტის წინა ხაზზე დგას, რომელიც ქვეყანამ ანდო.

ოდნავ გადავუხვიოთ და განა სუარეს-კავანის სუპერდუეტი არ გაოცებთ? დაინახეთ რომელიმეში ვარსკვლავური მანერები და ქედმაღლობა? ლაბა ხარებივით ეწევიან უღელს – ურუგვაის ჯარისკაცები არიან და იმიტომ.

ბარემ ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკაც ვახსენოთ, იგივე „ელ პეპე“ 75 წლისა რომ აირჩიეს პოსტზე. 12500 დოლარიან ხელფასიდან მხოლოდ 10 პროცენტს იტოვებდა – უნდა მეყოს, რადგან ბევრ ურუგვაელს გაცილებით ნაკლები შემოსავალი აქვსო. დარჩენილ 90-ს „ელ პეპე“ ქველმოქმედებაზე ხარჯავდა.

პატარა ქვეყნის ბედი ასეთია – ძალიან დიდი კაცები თუ დააყენებენ ფეხზე, სუფთა გულის და უდრეკი ნების პატრონები.

ოსკარ ტაბარესი ჩემთვის გმირია მეთქი – სარბენ ბილიკამდე რამდენიმე ნაბიჯი აუტანელ ტკივილად რომ უჯდება, მაგრამ გადის.

მის უკან პატარა ურუგვაია, რომელსაც დასაფანტი ტალანტები არ ჰყავს და არც შანსის განიავების უფლება აქვს.