ეროვნული ლიგის გათამაშების მეორე წრეც დამთავრდა. „საბურთალომ“ ოთხშაბათს ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო (სტუმრად „სამტრედიასთან“ 1:3) და „ზაფხულის ჩემპიონი“ გახდა. საბურთალოელთა ლიდერობა ერთობ დამაჯერებელია, უშუალო კონკურენტ „დინამოს“ ხუთი ქულით უსწრებენ და რაც მთავარია, მოწიფულ ფეხბურთს თამაშობენ.
საინტერესოა, რომ შარშანდელ ჩემპიონატში, ორი წრის შემდეგ, ლიდერი „დინამო“ გახლდათ და ზუსტად იგივე მაჩვენებლები ჰქონდა – 14 მოგება, 1 ფრე და 3 წაგება. ოღონდ ბურთების შეფარდება უკეთესი – 42:11.
„სამტრედიამ“ კი ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო. საერთოდ იმერლებს პირველი ტურის შემდეგ აღარ გაუმარჯვიათ. უკვე მეორე მწვრთნელი გამოიცვალეს. შედეგი კი არ ჩანს. არადა, მალე ევროთასებზე უწევთ თამაში.
„ტორპედომ“ „კოლხეთს“ 3:0 სძლია. ქუთათურთა შემადგენლობაში ერთი გოლით დებიუტანტი, 27 წლის სლოვაკი ნახევარმცველი, მარეკ ჰლინკა გამოირჩა. მას თავის დროზე პრაღის „დუკლასა“ და ოსტრავას „ბანიკშიც“ უთამაშია. ტორპედოს კი საჩემპიონთალიგოდ შეუერთდა.
„ლოკომოტივი“ „რუსთავს“ დაუზავდა. ტრავმამოშუშებულმა რკინიგზელმა ლევან ყენიამ ისევ შეცვლაზე ითამაშა და ამჯერად მინდორზე ნახევარ საათს დაჰყო.
„ჩიხურამ“ დიდი ანგარიშით 4:0 დაამარცხა „სიონი.“ ჰეთ თრიქი შეასრულა საჩხერელთა 26 წლის შუახაზელმა, ირაკლი ლექვთაძემ. ეს მესამე ჰეთ თრიქი გახლდათ სეზონში. მანამდე ერთ მატში სამი გოლი საჩხერელ გაბედავასა და გორელ ბრაზილიელ ლეანდრო რიბეიროს გაეტანათ.
ამავე მატჩში ორი საგოლე გადაცემა მიითვალა საჩხერელმა დემურ ჩიხლაძემ.
ტურის ცენტრალურ შეხვედრაში კი „დინამომ“ „დილა“ 5:0 გაანადგურა. თბილისელთა კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი დუბლით და ორი საგოლე გადაცემით გამოირჩა და ბომბარდირთა დავაშიც დაწინაურდა. ეს ჯამში 21-ე დუბლი გახლდათ სეზონში.

ახლა ეროვნულ ლიგაში ერთთვიანი შესვენება გამოცხადდება და მატჩები 3 აგვისტოდან განახლდება.
XVIII ტური: სამტრედია 1:3 საბურთალო, ტორპედო 3:0 კოლხეთი, ლოკომოტივი 1:1 რუსთავი, ჩიხურა 4:0 სიონი, დინამო 5:0 დილა
სატურნირო ცხრილი
გუნდი | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|
საბურთალო | 36 | 24 | 7 | 5 | 64:29 | 79 |
დინამო | 36 | 21 | 6 | 9 | 73:38 | 69 |
ტორპედო | 36 | 20 | 9 | 7 | 66:25 | 69 |
ჩიხურა | 36 | 19 | 7 | 10 | 54:33 | 64 |
დილა | 36 | 17 | 12 | 7 | 60:40 | 63 |
ლოკომოტივი | 36 | 12 | 8 | 16 | 43:55 | 44 |
რუსთავი | 36 | 8 | 13 | 15 | 33:44 | 37 |
სიონი | 36 | 8 | 7 | 21 | 39:65 | 31 |
სამტრედია | 36 | 4 | 9 | 23 | 28:81 | 21 |
კოლხეთი | 36 | 4 | 8 | 24 | 26:76 | 14 |
მეგოლეები: ოთარ კიტეიშვილი (დინამო) – 11, გიორგი გაბედავა (ჩიხურა), მიკოლა კოვტალიუკი (დილა) – 10, ლეანდრო რიბეირო (დილა) – 9, ბუდუ ზივზივაძე (დინამო) – 8.