„იუვენტუსის” გულშემატკივრებს შესაძლოა ძალიანაც უხარიათ, მაგრამ „ფიატის” მუშებს კრიშტიანუ რონალდუს მადრიდიდან ტურინში გადაბარგება აღიზიანებთ — ეს ინფორმაცია ესპანურმა AS-მა გაავრცელა.

გაზეთი ამბობს, რომ „იუვენტუსი” რონალდუს სანაცვლოდ „რეალს” 220 მილიონ ევროს გადაუხდის.

მოგეხსენებათ, საავტომობილო კონცერნ „ფიატის” მეპატრონე „იუვენტუსის” პრეზიდენტი ანდრეა ანიელია.

„იგუაინი არ ეყოფოდათ, ახლა კრიშტიანუ რონალდუს ყიდულობენ? — გაბრაზდა მავანი ჯერარდო ჯანონე, რომელიც „ფიატის” იმპერიაში უკვე 18 წელიწადია ოპერატორად მუშაობს, — ჩვენს მუშებს უკვე 10 წელიწადია ხელფასი არ მომატებიათ. კრიშტიანუს ხელფასით ყველა მუშისთვის 200 ევროთი შეიძლებოდა გასამრჯელოს მომატება. გასულ ათწლეულში, ინფლაციის გამო 10,7% დავკარგეთ. ეს დანაკლისი ჩვენთვის არავის აუნაზღაურებია. არადა FCA (ფიატ კრაისლერ აუტომობილზ) წელიწადში 126 მილიონ ევროს სპონსორობაში ხარჯავს. აქედან 26,5 მილიონი „იუვენტუსზე” მიდის”.

საინტერესოა, რომ კრიშტიანუ რონალდუს ტურინში ჯერ ფეხიც კი არ დაუდგამს და მის გარშემო როგორც დადებით ასევე უარყოფით კონტექსტში უკვე დიდი აურზაურია ატეხილი.