მადრიდულმა გაზეთმა „მარკამ” მთავარ თემად „რეალის” დიდ ლეგენდასთან, კრიშტინუ რონალდუსთან გამოთხოვება გამოიტანა და მართალია პორტუგალიელი ვარსკვლავის „იუვენტუსში” გადასვლა ოფიციალურად ჯერაც არავის დაუდასტურებია, ამ წერილის ფრაგმენტებს გთავაზობთ:

„ურთიერთობა მადრიდის „რეალსა” და კრიშტიანუ რონალდუს შორის ცხრა წლის შემდეგ სრულდება. თითქმის დეკადა გავიდა, რაც პორტუგალიელმა ნაბიჯ-ნაბიჯ, ტიტულ-ტიტულ დაიმკვიდრა ადგილი კლუბის ისტორიაში უდიდეს ვარსკვლავთა შორის. თუმცა ვინ იცის, იქნებ საუკეთესოც კი გახდა.

ფაქტობრივად ერთადერთი, ვინც „რეალზე” რონალდუს ტოლი გავლენა მოახდინა იყო დონ ალფრედო დი სტეფანო, რომელმაც პირველი დიდი გუნდის შექმნაში ითამაშა უდიდესი როლი.

დღეს, პარასკევს, ზუსტად ცხრა წელიწადი სრულდება 2009 წლის 6 ივლისიდან, როდესაც პორტუგალიელი ვარსკვლავი „ესტადიო სანტიაგო ბერნაბეუს” სცენაზე შემოიჭრა და განაცხადა, რომ ოცნება აისრულა — მას ყოველთვის უნდოდა „რეალში” თამაში.

და აი, როგორც ჩანს ოცნება სრულდება. ახლა მხარეები ღირსეულად უნდა დაშორდნენ ერთმანეთს.

ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი, 451 გოლის ავტორი „რეალიდან” ისე უნდა წავიდეს, როგორც ჩემპიონთა ლიგის ბოლო ხუთი ტრიუმფიდან ოთხის მთავარ გმირს ეკუთვნის.

რად უნდა ლაპარაკი, რომ ასეთმა დიდმა ფეხბურთელმა კლუბი უკანა გასასვლელიდან არ უნდა დატოვოს.

მართალია დეტალები და თარიღები ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ ცნობილია, რომ კლუბს სურს ღირსეული პატივით დაემშვიდობოს მოთამაშეს, რომელმაც მისი თანამედროვე ისტორია შეცვალა და „რეალი” კვლავ იმ სიმაღლემდე აიყვანა, რომ ის ჩემპიონთა ლიგის ყველაზე ხშირ გამარჯვებულად რჩება.

და მართალია ნაწყენია, მაგრამ რონალდუსაც სურს „რეალიდან” ისევე ტრიუმფალურად წავიდეს, როგორც მოვიდა ცხრა — წლის წინ, როდესაც 24 წლისა იყო.

ბოლოხანს მან ზედიზედ მოიპოვა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდება და გაუტოლდა ლეო მესის, რასაც რამდენიმე წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა.

„რეალს” ეს უნდა ახსოვდეს და არ უნდა გაიმეოროს ის შეცდომა იკერ კასილიასის მიმართ რომ დაუშვა, როდესაც ლეგენდარული მეკარე ცრემლიანი თვალით გაუშვა „პორტუში”.

ცხრა წლისა და მრავალი ტიტულის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუ საპარადო შესავლელიდან გაცილებას იმსახურებს”.