ჰიმნის დროს

გერმანიის ნაკრების დირექტორმა, წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა ოლივერ ბირჰოფმა მესუთ იოზილის შესახებ ილაპარაკა. მან გაიხსენა იოზილისა და ილქაი გუინდოგანის მიერ თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გადაღებული ფოტო და თქვა, ვინ იცის იოზილის გუნდიდან გაშვება გვიჯობდაო.

„ჩვენ გერმანიის ნაკრებში არავის არაფერს ვაძალებთ, მაგრამ ყოველთვის ვცდილობთ ადამიანი კონკრეტულ დასკვნამდე მივიყვანოთ. სამწუხაროდ მესუთთან ეს არ გამოგვივიდა. ამიტომაც ვფიქრობ, იქნებ ჯობდა ის საერთოდ ჩამოგვეშორებინა გუნდისთვის”, — თქვა ბირჰოფმა Die Welt-თან ინტერვიუში.

გეხსომებათ, ილქაი გუინდოგანისგან განსხვავებით იოზილმა ერდოღანთან ფოტოს გადაღების შემდეგ საჯარო განცხადება არ გააკეთა, გერმანელ ერსა და მის ნაკრებს ერთგულება კიდევ ერთხელ არ დაუდასტურა, რის გამოც ხალხმა ის განტევების ვაცად აქცია.

ბირჰოფი: „ვფიქრობ, იმ ფაქტმა, რომ ილქაიმ და მესუთმა თურქეთის პრეზიდენტთან ფოტო გადაიღეს, გუნდში არავინ შეაწუხა, მაგრამ გარეთ, საზოგადოებაში ამ საკითხზე მსჯელობა აღარ დასრულდა და ახლა, უკან რომ ვიყურები, ვფიქრობ ყველაფრის უფრო დაკვირვებით გაანალიზება ჯობდა”.

1996 წლის ევროპის ჩემპიონმა იმ ძირეულ ცვლილებებზეც ილაპარაკა, რომელსაც გერმანიის ნაკრებში გულშემატკივრები ითხოვენ.

„იმის იგნორირება, რამაც 14 წლიანი წარმატება მოგვიტანა, არაფრით შეიძლება. მეორე მხრივ, რასაკვირველია ყველაფერი, რაც მოხდა, კარგად უნდა გავიაზროთ, ყველაფერი შევამოწმოთ როგორც სტრუქტურული ასევე პიროვნული თვალსაზრისით. აქ ვგულისხმობ, როგორც გუნდის შედგენას ასევე შიდა პროცესებს. რაღაცების მოჭრა-მოკვეთა ყველა დონეზე საჭიროა. რუსეთში გუნდად ვერ წარმოვჩნდით და ყველაზე მეტად ეს მტკენს გულს”.

ბირჰოფმა აგრეთვე აღნიშნა, რომ შეამჩნია გუნდსა და გულშემატკივრებს შორის გაუცხოება, რასაც სხვებმაც მიაქციეს ყურადღება, თუმცა ამის საწინააღმდეგო მაგალითიც მოიტანა:

„ჩვენს საწვრთნელ ბაზაზე ზოგი ფეხბურთელი სავარჯიშო მოედნისკენ ველოსიპედით მიემართებოდა, გზად კი ქომაგები უცდიდნენ და ავტოგრაფებს ართმევდნენ. როგორც ხედავთ ბევრი რამ იცვლება, რადგან ჩემი ფეხბურთელობის წლებში გულშემატკივრებთან ასეთი სიახლოვე არ გვქონია”.