საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა „შპორტ ბილდს” ინტერვიუ მისცა, რომლდანაც საკუთრივ გერმანულ გამოცემას ყველაზე საინტერესოდ ორი ფრაგმენტი მიაჩნია. ერთი საფრანგეთის 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონი (რომელსაც თავად დეშამი კაპიტნობდა) და დღევანდელი ნაკრებების შედარება გახლავთ.

„ჩვენ თითქმის ყველანი 30 წელს ვიყავით მიტანებული. გუნდში ყველა ლიდერი იყო, არავინ არავის შეჰყურებდა. ფაქტობრივად ყველას გამოვლილი გვქონდა 1996 წლის ევროპის ჩემპიონატი და ვიცოდით, რას ნიშნავს დიდ ტურნირში მონაწილეობა. თუ გნებავთ გერმანიის 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონ ნაკრებს გადახედეთ. ფეხბურთელების უმეტესობას 2006 წლის მონდიალის გამოცდილება უმაგრებდა ზურგს. მათ განცდილი ჰქონდათ მწარე მარცხები და რვაწლიანი გამოცდილების შედეგად ჩამოყალიბდნენ დაღვინებულ გუნდად. ჩვენი დღევანდელი ნაკრები ოთხი წლის შემდეგ სულ სხვა დონეზე იქნება”, — თქვა „ლურჯების” მწვრთნელმა.

მეორე ფრაგმენტი კი ოსმან დემბელეს „დორტმუნდიდან” „ბარსელონაში” გაქცევის არაეთიკურ ხერხს ეხება — როგორც ჩანს გერმანიაში 21 წლის ფრანგს კიდევ ვერ აპატიეს ის გაფიცვა, რომელიც მან დორტმუნდში მოაწყო, რათა „ბარსელონაში” გაეშვათ.

„ასეთი ქცევა არ ვარგა, — თქვა დეშამმა, — მაშინ დემბელემ „დორტმუნდი” და იქაური თანაგუნდელები ხომ მიატოვა და საფრანგეთის ნაკრებიც რთულ დღეში ჩააგდო, რადგან არ ვარჯიშობდა და შესაბამისად შესარჩევ შეხვედრებშიც ვერ ვიძახებდი”.