ინგლისის ნაკრების გამარჯვებამ კოლუმბიასთან ბრიტანულ სოციალურ ქსელებში ნამდვილი აფეთქება გამოიწვია. საქმე ის არის, რომ ინგლისელებმა მატჩისშემდგომი პენალტებით მსოფლიოს ჩემპიონატის შეხვედრა ისტორიაში პირველად მოიგეს, ზოგადად კი ასეთი იღბალი ბოლოს ევროპის 1996 წლის პირველობაზე, ესპანეთთან მოგების შემდეგ აღარ ჰქონათ.

რას არ წაიკითხავდით კოლიმბიელების ძლევის შემდეგ. მავანმა დაწერა: „ღმერთო ჩემო, მართლა მოვესწარი იმ დღეს, როდესაც ინგლისმა პენალტებით გაიმარჯვა”.

იყო ასეთიც: „ინგლისმა მსოფლიოს ჩემპიონატზე პენალტებით გაიმარჯვა და მე ცოცხალი ვარ? ღმერთო, დიდებულო”.

მოვიყვანოთ სხვა გამოხმაურებებიც:

„ინგლისის მოგება პენალტებით „ტიტანიკის” მუსიკას მირჩევნია”.

„საკუთარი თვალით ვნახე როგორ მოიგო ინგლისმა პენალტებით. და ეს ჩემი ცხოვრების პერიოდში მოხდა. ვტირი. ეტყობა ფეხბურთი მართლა შინ ბრუნდება”.

„გერმანია ჯგუფში ჩარჩა. არგენტინა, პორტუგალია და ესპანეთი გავარდნენ, ინგლისმა კი პენალტებით მოიგო. საგიჟეთია”.

„ინგლისმა პენალტებით მოიგო. ესე იგი ზეცას სახურავი არ აქვს. მიდით, ბიჭებო ისარგებლეთ ამით. გარისკეთ, კარში სხვანაირად არტყით… ბედი თქვენს მხარეზეა. ატმოსფერო დაიძრა. ჯადო მოხსნილია”.

„რაკი ინგლისმა პენალტებით მოიგო, ესე იგი ყველაფერი შესაძლებელია”.

„ვფიქრობ დღე, როდესაც პენალტებით გავიმარჯვეთ ეროვნულ დღესასწაულად უნდა გამოვაცხადოთ”.

ინგლისელი გულშემატკივრების დანარჩენ გამოხმაურებებში ძირითადად ორი თემა მეორდებოდა: „ღმერთო, ამას მოვესწარი” და „ესე იგი ფეხბურთი შინ ბრუნდება”, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი ქვეყანა ჩემპიონობისთვის ემზადება.

თავად ინგლისელთა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეიტმა 1996 წლის ევროპის ჩემპიონატზე, გერმანიასთან ააცილა თერთმეტმეტრიანი.

მეოთხედფინალში ინგლისელები შვედებს ხვდებიან. ეს შაბათს მოხდება, ხოლო შვედების ძლევის შემთხვევაში, ნახევარფინალში რუსეთსა და ხორვატიას შორის გამარჯვებულს ეთამაშებიან.