ჯონ ობი მიკელმა საიდუმლო გათქვა: არგენტინისა და ნიგერიის შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, სამშობლოში, ბანდიტურ-შეიარაღებულ დაჯგუფებას მამამისი გაუტაცებია.
„ჩელსის” ყოფილი ვარსკვლავი, რომელიც ახლა ჩინეთში თამაშობს, რუსეთში იყო, როდესაც დაურეკეს და მამის, პა მაიკლ ობის გატაცების შესახებ უთხრეს.
მამა ობი გასვენებაში მიდიოდა, როდესაც ბანდიტები მას პოლიციელებად წარუდგნენ და გაიტაცეს. მიკელს უთხრეს, რომ თუ ვინმეს ამ გატაცების შესახებ უამბობდა, მამამისს მოკლავდნენ.
31 წლის ფეხბურთელმა, რომელმაც ისლანდიასთან შეხვედრაში ხელი მოიტეხა, გადაწყვიტა თანაგუნდელებისთვის არაფერი ეთქვა, რათა არგენტინასთან უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ ბიჭები არ აეღელვებინა.
ჯონ ობი მიკელმა „სანს” უთხრა: „მათ გამაფრთხილეს, რომ თუ ხელისუფალთ შევატყობინებდი ან საერთოდ ვინმეს ვეტყოდი, მამაჩემს დაუყოვნებლივ დახვრეტდნენ. მეც არ მინდოდა ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ ჩემი პრობლემით მწვრთნელთან ან ბიჭებთან მივსულიყავი. ნერვულობისგან კინაღამ ჭკუაზე შევიშალე, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, საკუთარი თავისთვის უნდა გამეცა პასუხი კითხვაზე: ვიყავი თუ არა შეხვედრაში მონაწილეობისთვის მენტალურად მზად. დაბნეულმა არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, მაგრამ ერთი რამ ცხადი იყო — 180 მილიონი ნიგერიელის ღალატი არ შეიძლებოდა. მამაჩემის ამბავი თავიდან უნდა ამომეგდო და სამშობლო ყველაფერზე წინ დამეყენებინა”.
ნიგერიამ არგენტინასთან 1:2 წააგო და მსოფლიოს ჩემპიონატს გამოეთიშა.
პოლიციამ ჯონ ობი მიკელის მამა გატაცებიდან ექვს დღეში გამოიხსნა.
ნიგერიული პრესა იტყობინება, რომ გამტაცებლებსა და სამართალდამცავებს შორის სროლა ატყდა. ბანდიტები გატაცებულს ტყეში მალავდნენ.
აღსანიშნავია, რომ მამა ობის უკვე მეორედ იტაცებენ. პირველად ეს 2011 წელს მოხდა.