დღეს პარლამენტის სპორტის კომიტეტში კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთვის მიერთების საკითხზე იმსჯელეს.
საქართველოს მთავრობაში სტრუქტურული რეორგანიზაცია რომ მიმდინარეობს, რა ახალია? კანონპროექტის თანახმად კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო უერთდება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს.
დათვალეთ?
ერთმა სამინისტრომ ექვსი ისეთი კომპონენტი უნდა მოიცვას, შეისწავლოს და წარმართოს, ცალ-ცალკე სამინისტროს მასშტაბებს რომ საჭიროებს.
ამჯერად მხოლოდ სპორტს შევეხებით, რომელიც სულ ვიღაცის ან რაღაცის დანამატი იყო და ხელმძღვანელებიც ხელთათმანებივით ეცვლებოდა. გამონაკლისი, ალბათ, 1991-2000 წლების პერიოდი იყო, როცა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს კახი ასათიანი ხელმძღვანელობდა. თუმცა, იმ პერიოდში ქართულ სპორტს სხვა – უსახსრობის ჭია ხრავდა. კახი ასათიანის შემდეგ დეპარტამენტს ირაკლი მეძმარიაშვილი (2000 -2004), ვარდების რევოლუციის შემდეგ კი დავით ნამგალაური (2004) თავკაცობდნენ.
2004 წელს სპორტი, როგორც იქნა, სამინისტროს რანგში ავიდა, „კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს“ შემადგენლობაში. სამინისტრომ ამ ფორმით 2010 წლამდე იარსება და გოკა გაბაშვილის (2004-2008) გარდა ნიკოლოზ ვაჩეიშვილი (2008), გრიგოლ ვაშაძე (2008) და ნიკოლოზ რურუაც (2008-2010) ხელმძღვანელობდნენ.
2010 წელს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდ გამოიყო და ამ ფორმით არსებობის განმავლობაში მინისტრის პოსტი ვლადიმერ ვარძელაშვილს (2010-2012), ლევან ყიფიანს (2012-2015) და ტარიელ ხეჩიკაშვილს (2015-2017) ეკავათ.
2017 წლის დეკემბერში სამინისტრო გაუქმდა და ორ სხვაზე გადანაწილდა: ახალგაზრდობის საქმეთა კომპონენტი განათლების და მეცნიერების სამინისტროს შეუერთდა, სპორტის კომპონენტი კი კულტურისა და ძეგლთა დაცვისას. ამის შემდეგ სულ ექვსი თვე გავიდადა და ხდება ის, რაც პირველსავე აბზაცში უკვე მოგახსენეთ.
დაიღალეთ? თავბრუ დაგეხვათ?
წარმოიდგინეთ რა დღეში არიან სპორტული ჩინოვნიკები და ფედერაციების წარმომადგენლები, რომლებიც ხეირიანად სამინისტროს დასახელებისა და მინისტრის გვარის დაზეპირებასაც ვერ ასწრებენ. რომელ გააზრებულ სპორტულ პოლიტიკასა და მრავალწლიან გეგმებზეა საუბარი?!
ხომ გაგიგონიათ ქათამმა რა თქვა: ხარი დაკლეს – მე წამაკლეს, ცხვარი დაკლეს – მე წამაკლეს და ბატი დაკლეს – მე წამაკლესო. ასეა ჩვენი სპორტის საქმეც, ხან ვიღაცის ხათრით სამინისტროდ გადაკეთებას და ხანაც ვიღაცის თავიდან მოსაშორებლად სხვა სამინისტროსთან შეერთებას რომ „წააკლეს“.
დავიჯერო, „იქ“ ასე ძალან არ უყვართ სპორტი, რომ მისი ბედი სულერთია? არადა, პარლამენტის დარბაზში კარგად რომ მოიძიო ორი საფეხბურთო გუნდის სამყოფი ყოფილი სპორტსმენი მოგროვდებიან…