მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი გმირი კვირას წაგებული გუნდიდან იყო – კასპერ შმაიხელი. ჯერ 116-ე წუთზე ხომ გაუქვავა პენალტი ლუკა მოდრიჩს, მერე სერიაში კიდევ ორჯერ აიღო და ვერ დაუფასეს თანაგუნდელებმა – საბოლოოდ, დანია გავარდა და ხორვატია გავიდა.
ლეგენდარული პეტერ შმაიხელი კი ამაყი იყო, მის შვილს პირადად გაჰყავდა „დინამიტები“ მეოთხედფინალში. თითოეულ აღებულ პენალტზე გაგიჟებული ყვიროდა მამა შმაიხელი – ძალიან მაგარი მეკარე, პოლონელი დედისა და დანიელი მამის შვილი, რომელიც ხელბურთსაც თამაშობდა და მის თამაშში სახელბურთო ელემენტები მრავლად იყო: გამოსვლაზე ცალი ხელითაც დაუჭერია ბურთი.
გამახსენდა 1992 წელი, როცა დანია ევროპის ჩემპიონი გახდა. შმაიხელმა მთელი ტურნირი ხომ სასწაულად ჩაატარა, მაგრამ ნახევარფინალი ჰოლანდიასთან, როცა თამაში 2:2 დამთავრდა და პენალტების სერიაში ყველამ გაიტანა ერთის გარდა – მფრინავ მარკო ვან ბასტენს შმაიხელმა აუღო.
ჰოდა, აი, რა არის იღბალი?! მამას ერთი პენალტის მოგერიება იყო საკმარისი მოსაგებად, შვილმა კი სამჯერ აიღო და მაინც წააგო!
არა, მამისა და შვილის კლასს არ ვადარებთ. მამა გაცილებით მაგარი იყო, მაგრამ გაცილებით მაგარ დანიის ნაკრებშიც იდგა.