იურგენ კლოპს შეუძლია სამომავლო გეგმები კვლავ მოჰამედ სალაჰზე ააგოს: „ლივერპულმა” ოფიციალურად დაადასტურა, რომ 26 წლის ეგვიპტელმა მათთან ხანგრძლივი ვადით გააგრძელა ხელშეკრულება. ამრიგად, სალაჰის გამო ვაჭრობა, რომელშიც ყველაზე მეტად „რეალი” აქტიურობდა, დასრულებულია.

თავდამსხმელისთვის ახალი ხელშეკრულება ხელფასის მნიშვნელოვან გაზრდას ნიშნავს. მას კვირის შემოსავალი ფაქტობრივად გაუორმაგეს და 200 000 გირვანქას ანუ 226 000 ევროს გაუტოლეს. ამრიგად, მოჰამედ სალაჰი კლუბის ყველაზე დიდშემოსავლიანი მოთამაშე გახდა — წელიწადში დაახლოებით 11,8 მილიონ ევროს მიიღებს.

ახალი ხელშეკრულება 2023 წლამდეა ძალაში და გამოსასყიდ თანხას არ შეიცავს.

ასეთი საჩუქარი მიიღო ეგვიპტელმა ვარსკვლავმა „ენფილდზე” ბრწყინვალედ ჩატარებული ჯერჯერობით ერთადერთი სეზონისთვის. მან 52 შეხვედრაში 44 გოლი გაიტანა და 16 საგოლე პასი გადააწოდა.

გასულ სეზონში სალაჰი დაასახელეს პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად. ის მშობლიურ კონტინენტზეც დააფასეს და აფრიკის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოც გადასცეს.

კლოპმა თქვა: „ის ფაქტი, რომ სალაჰმა კონტრაქტი გაახანგრძლივა ორ რამეს ნიშნავს: მას სწამს „ლივერპულის” და ჩვენ გვწამს მისი. ჩვენ გვინდა, რომ დიდმა ფეხბურთელებმა „ლივერპულში” ოცნებები აიხდინონ. და თუ ისეთი ფიგურა, როგორიც არის მო სალაჰი ამბობს, რომ „ლივერპული” მისი სახლია, ამით ბევრი რამ არის ნათქვამი”.