საფრანგეთის ნაკრებმა არგენტინას 4:3 მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა. მართალია, არგენტინელთა ლიდერმა ლეო მესიმ ამ შეხვედრაში ორი საგოლე პასი შეასრულა, მაინც ჩაითვალა, რომ მეტოქემ ის გაანეიტრალა. სავარაუდოდ იმიტომ, რომ მესიმ გოლი ვერ გაიტანა და ვერც თავისი ცნობილი დრიბლინგიებით გამოიჩინა თავი. მატჩის შემდგომ ჟურნალისტებმა „ლურჯების” თავკაც დიდიე დეშამს სწორედ ის ჰკითხეს, თუ რა ხერხი დაუპირისპირეს მისმა შეგირდებმა მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელს.

„ვფიქრობ, ჩემს არგენტინელ კოლეგას სურდა მესისთვის ჩვენი ნახევარმცველების ზურგსუკან გაეთავისუფლებინა სივრცეები, მაგრამ ჩვენ მისი განეიტრალება მოვახერხეთ.

ორი გზა გვქონდა: მესის ბურთი არ მიეღო, რაც დიდწილად შევძელით კიდეც, და თუ მიიღებდა, ერთი მეურვე მუდამ მის წინაშე ყოფილიყო, მეორე კი იქვე, სიახლოვეს. მას განსაკუთრებული ყურადღებით ვმეურვეობდით.

აგრეთვე ვიცოდით, რომ ხავიერ მასკერანო და ევერ ბანეგა მესისთან განსაკუთრებით არიან შეთამაშებულები. ამიტომ, მესის განეიტრალებისთვის ეს ორი უნდა გაგვეჩერებინა”.

თავის გუნდზე საუბრისას კი დეშამმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საფრანგეთის ნაკრები გამოუცდელი ფეხბურთელებისგან შედგენილი გუნდია, რომელმაც მაინც გაართვა თავი ურთულეს ამოცანას.

„ჩვენი გუნდი გამოუცდელია, მაგრამ ვიცი, რომ ამ ფეხბურთელებს შორს შეუძლიათ წასვლა. ჩემი ფუნქციაც სწორედ ის არის, რომ ეს ბიჭები საუკეთესო ფორმაში იყვნენ”.

საფრანგეთის ნაკრებმა ყველაზე დიდი გამოცდა მაშინ ჩააბარა, როდესაც არგენტინის ნაკრები 2:1 დაწინაურდა.

დეშამმა თქვა: „ჩვენ თავი არ დავხარეთ, მდგომარეობის გამოსწორებისთვის დავიწყეთ ბრძოლა. მწამს, მეტოქე კიდევ ერთხელ რომ დაწინაურებულიყო, ისევ მოვნახავდით გამოსავალს”.

საკვანძო ფეხბურთელი კი კილიან მბაპე გახლდათ, რომელმაც ორი გოლი გაიტანა და ერთი პენალტი მოინადირა.

„მას უყვარს ფეხბურთი, ყველაფერი ეხერხება. მიხარია რომ ფრანგია, — იხუმრა დეშამმა და დასძინა, — მბაპე დიდი პოტენციალის ფეხბურთელია. ისეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში, დღევანდელი რომ იყო, მას დაცვაში ჩასვლაც ევალებოდა და ამის მიუხედავად ბრწყინვალედ ითამაშა შეტევაში.

კილიანს ხშირად კრიშტიანუ რონალდუს ადარებენ, მაგრამ ისინი ერთმანეთს არ ჰგვანან. რონალდუ უფრო შუაში თამაშობს და როდესაც ბურთი ფეხში აქვს, წარმოუდგენელი აჩქარება ეხერხება. კილიანი უფრო ნელა დარბის და სივრცე სჭირდება. მას 9 ნომრად თამაშიც შეუძლია, მაგრამ როდესაც საჭიროა გარემარბის ფუნქციასაც ასრულებს.

და კიდევ, გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, ახლა ჩვენ მსოფლიოს უდიდეს ფეხბურთელს 19 წლის ბიჭს ვადარებთ, რომელიც ჯერ კიდევ გაიზრდება”.