არგენტინული ფეხბურთის ლეგენდამ, 1978 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა ოსვალდო არდილესმა ლეო მესი, ხორხე სამპაოლი და მთელი მისი ქვეყნის აწ უკვე გავარდნილი ნაკრები მკაცრად გააკრიტიკა. 65 წლის ვეტერანმა თავისი ემოცია „ტვიტერით” გამოხატა.

„ვულოცავ საფრანგეთს მეოთხედფინალში გასვლას და მომავალ თამაშებში დიდ იღბალს ვუსურვებ.

არგენტინა: რა სამწუხაროა. ჩვენ ხომ შეგვეძლო ძალიან კარგი გუნდი გვყოლოდა, მაგრამ ყველა ასპექტში შეცდომები დავუშვით. ვფიქრობ, პირველი და უმთავრესი შეცდომა მწვრთნელად სამპაოლის დანიშვნა იყო. ნაკრების ასეთ სამწუხარო გამოსვლაში საკვანძო როლი არათანმიმდევრულობამ, გაუბედაობამ, ინიციატივის ნაკლებობამ ითამაშა.

ერთადერთი გეგმა: მიეცით ბურთი მესის და დაელოდეთ სასწაულს.

არადა, ჩვენ ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელები გვყავს. მესი მსოფლიოში საუკეთესოა, მაგრამ კიდევ არიან პრემიერლიგაში მოთამაშე ოტამენდი და აგუერო; სერია A-ში მოთამაშე იკარდი, იგუაინი და დიბალა. და ამ ხუთეულიდან საფრანგეთის წინააღმდეგ მხოლოდ ერთმა ითამაშა.

სამპაოლიმ არ იცოდა რომელი იყო საუკეთესო შემადგენლობა ან ყველაზე ეფექტური ტაქტიკური სქემა.

მესი: შენ მსოფლიოს ჩემპიონატზე სამწუხარო როლი შეასრულე. როდესაც საქმე ცუდად მიდიოდა (და ეს ამ ტურნირზე ხშირად ხდებოდა) შენგან გაცილებით მეტს ველოდით.

შენ ხელები კი არ უნდა ჩამოგეშვა, სხვებისთვის მაგალითი უნდა გამხდარიყავი. თუმცა, ბევრი ნიგერიის კარში გატანილი გოლისთვის მაინც მადლობელია და მეც მომავალში წარმატებას გისურვებ.

არგენტინის ნაკრების მომავალი: ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ. ახალი სახეები და ახალი ამბიციაა საჭირო.

ამდენმა შეცდომამ ჭკუა უნდა გვასწავლოს და განახლების გზაზე დავდგეთ. ოთხი წლის შემდეგ იქ უნდა ვიყოთ, სადაც ჩვენი ადგილია”.